ერთად დავეხმაროთ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ცნობილ ქართველ ფოტოხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქველმოქმედო ფონდი „ლიბერალური კვალი“. გამოფენაზე, რომელიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და გამოფენაში მონაწილე ფოტოგრაფები იყვნენ მიწვეულნი.
„ლიბერალური კვალის“ დირექტორის ქეთი სიჭინავამ განცხადებით, აღნიშნული ღონისძიების მიზანი ამავე ფონდის მიერ შერჩეული ოთხი ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა.
„ჩვენი ფონდი 2013 წლიდან ფუნქციონირებს. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში აქამდე ოთხ ოჯახს დავეხმარეთ და ახლაც ამდენივეს ვეხმარებით. აქ წარმოდგენილია ათამდე ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანის 40-მდე ნამუშევარი. ესენი არიან: იური მეჩითოვი, გოგა ჩანადირი, ბადრი ვადაჭკორია, ანა ციციშვილი, ივანე გოგოლაძე, მირიან კილაძე, რომან თოლორდავა, ანრი აბაშელი და გიორგი აბდალაძე. გამოფენიდან შემოსული თანხა ჩვენ მიერ შერჩეული ოთხი ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება“, - განაცხადა ქეთი სიჭინავამ. მისივე თქმით, საქველმოქმედო ფონდი „ლიბერალური კვალი“ მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს და საქველმოქმედო საქმიანობის არეალს ყოველ წელს გააფართოებს.
ბადრი ვადაჭკორია, ფოტოგრაფი: „ყველა საქველმოქმედო აქცია ძალიან მნიშვნელოვანია. ვერც კი მოვთვლი ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა რამდენჯერ მიმიღია. ფოტოხელოვანთა ნამუშევრები სიმბოლურ ფასად იყიდება და ვცდილობთ ამ თანხით ვიღაცას მცირედით მაინც დავეხმაროთ.“
საქველმოქმედო ფონდი „ლირებარული კვალი“ 2013 წელს დაარსდა. ის საქმიანობის პირველი დღიდან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებსა და იმ ადამიანებს ეხმარება, რომლებსაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ. ფონდის მიზანი იმ ოჯახებზე ინფორმაციის მოძიებაა, რომლებსაც არსებობისათვის უკიდურესად მძიმე პირობები აქვთ. „ლიბერალური კვალი“ გულშემატკივრებს ქველმოქმედებაში ფართო მონაწილეობას სთავაზობს. თუნდაც ერთი ოჯახის დახმარებაში მცირედი წვლილის შეტანის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება. ფონდში მიღებული შემოსავალი (შემოწირულობა) სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს სრულად ხმარდება.
კომენტარი