ლიბიელმა ამბოხებულებმა სამხედრო რობოტის პროტოტიპი შექმნეს
ამბოხებული ლიბიის ქალაქ მისურატას ინჟინრებმა, შექმნეს და გამოსცადეს დისტანციური მართვის მქონე სამხედრო რობოტის პროტოტიპი, იუწყება „ალ–ჯაზირა“. რობოტის შასი სათამაშო ჯიპის ბაზაზეა დამონტაჟებული. რობოტი აღჭურვილია პატარა ტყვიამფრქვევით. მისი მართვა და ობიექტის მიზანში ამოღება მართვის პულტის მეშვეობით ხდება. ინფორმაცია ციფრული ვიდეოკამერის მეშვეობით გადაიცემა, რომელიც მანქანაზეა დამაგრებული.
ეს მოწყობილობა ჯერ–ჯერობით ბრძოლებში არ გამოუყენებიათ. მეამბოხეები მის სრულყოფას განაგრძობენ. გარდა ამისა, მუამარ კადაფის მოწინააღმდეგეები უფრო ტრადიციული ტიპის იარაღსაც ქმნიან. სპეციალურ სახელოსნოებში ისინი გადააიარაღებენ უბრალო ჯიპებს და მათზე სამხედრო შვეულმფრენებიდან მოხსნილ ტყვიამფრქვევებს ამონტაჟებენ. სამოქალქო ომამდე, ქალაქი მისურატა მთელ ლიბიაში საუკეთესო ტექნოლოგიების ინსტიტუტით იყო განთქმული.
კომენტარი