სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დეა გოშხეთელიანი VS ძალადობაში ბრალდებული ყოფილი ქმარი - ვინ არის „დაზარალებული“ და რას უმხელს დრონი ჯი-ს ბაკურაძის ადვოკატი?

ბოლო თვეებია მედია, ტელევიზია და საზოგადოება აქტიურად განიხილავს ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული გრიგოლ ბაკურაძის ამბავს. დეა გოშხეთელიანს მხარდაჭერა თვით იუსტიციის მინისტრმა, სახალხო დამცველმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და თითქმის ყველა მედია ორგანიზაციამ გამოუცხადა. ბაკურაძის ყოფილი ცოლი, ქმარს ძალადობაში ადანაშაულებდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ გრიგოლ ბაკურაძე ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, სადაც ცოტა ხნის წინ თვითმკვლელობაც სცადა.

ჩვენმა რედაქციამ, რამდენიმე დღის წინ, დეა გოშხეთელიანს მიმართვაც გამოუქვეყნა სადაც ის ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებდა. ის სახელმწიფო უწყებებს და მედია ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვდა. იხ: სტატია

დღეს ქალთა უფლებები საქართველოში მაღალ დონეზეა დაცული და ქალთა მიმართ ძალადობა არც შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. ამ ბოლო დროს ბევრი ღონისძიება ჩატარდა „ქალთა მიმართ ძალადობის“ ფარგლებში და ყველაზე რეიტინგული ქართული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სერიაც სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა. ქეთი დევდარიანმა სწორედ ამ თემით დაასრულა მე-12 სეზონი, რომელმაც გულგრილი ალბათ არავინ დატოვა.

ძალადობა ყველგან, ყველა ქვეყანაში დანაშაულია, მაგრამ არსებობს ქეისები, როდესაც ძნელია იმის გარკავევა, თუ ვინ არის უფრო „დაზარალებული“ და რა მოხდა სინამდვილეში.

ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა, რომ გოშხეთელიანის პოზიციის შემდეგ, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნეთ, მეორე მხარისთვისაც მოგვესმინა, რაც არსად ყოფილა წარმოდგენილი სრული სურათის სახით.

ჩვენი ჟურნალისტები ერთი თვის განმავლობაში ცდილობდნენ ქუთაისში, ახლობელ-მეზობლებსიგან, მეგობრებისგან და უბრალოდ ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან გაეგოთ მეტი ინფორმაცია გრიგოლისა და დეას შესახებ.

ჩვენ მოვისმინეთ ბევრი ადამიანის პოზიცია და გავეცანით მათ ვერსიებს. უმეტესობის თქმით გიგამ და დეამ სიყავრულით შექმნეს ოჯახი, დეა, ჯერ კიდევ შარშან, 2017 წელს დღესასწაულებზე აწ უკვე ყოფილ მეუღლეს სასიყვარულო წერილებს წერდა, ჩვენ ვნახეთ აღნიშნული წერილები, რომელთა ავთენტურობა უკვე დადასტურებულია და ნივთმტკიცებად იქნება წარმოდგენილი სასამართლოზე, ასევე ვნახეთ მიმოწერები, გოშხეთელიანსა და ყოფილ დედამთილს შორის, თუ როგორ ეხვეწება ბაკურაძის დედა ყოფილ რძალს, რომ შვილის სანახავად მივიდეს. ასევე არსებობს დეასა და გრიგოლს შორის მიმოწერის ასლები, სადაც დეა უცენზურო სიტყვებით ესაუბრება ყოფილ მეუღლეს. (პირადი მიმოწერის ასლების გამოქვეყნების უფლება, სამწუხაროდ სასამართლო ინტერესებიდან გამომდინარე არ გვაქვს)

უცენზურო და გამაღიაზიანებელი ესემესების მიწერაზე საუბრობს ჩვენთან ქუთაისელი შვილმკვდარი დედა:

„იმის გამო რომ ჩემმა დამ ბაკურაძის მხარე დაიჭირა, დეამ ჩემი შვილის სიკვდილი წამოგვაძახა. ჩემს დას უთრხა ღირსები იყავით რაც დაგემართათო, ჩემს გარდაცვლილ 20 წლის შვილზე თქვა ღირსი იყო რომ მოკვდაო. ამის მერე რა უნდა მოვთხოვო გოშხეთელიანს, ეგ გაუზრდელი, მაგან იცის შვილის სიყვარული? შვილზე მეურვეობის უფლება მამას მისცეს, იმდენად არ უვლიდა და არ აინტერესებდა შვილი და ეხლა გამოვიდა და იძახის მცემაო.. მე არ ვიცი იქ რა მოხდა, და ვინ ვინ სცემა, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ეგ გოგო არაადამიანი და ყველაფრის მკადრებელია. გარდაცვლილ შვილს რომ შეეხები, მერე ყველაფერს იკადრებ“

მსგავსი ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ და ეს სულაც არ ნიშნავს, იმას რომ ჩვენი რედაქცია ვინმეს, კონკრეტული მხარის პოზიციას იზიარებს. უბრალოდ შევეცადეთ მეორე მხარეც დაგვეფიქსირებინა. ხალხის გამოკითხვისა და ნაცნობ-მეგობრებთან გასაუბრების შემდეგ დრონი.ჯი გრიგოლ ბაკურაძის ადვოკატს დაუკავშირდა და ლედი ტუკვაძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

- - ქალბატონო ლედი, როგორც ვიცით გრიგოლ ბაკურაძემ ციხეში თვითმკვლელობა სცადა, როგორ მდგომარეობაშია ის ახლა?

- გრიგოლ ბაკურაძე არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ისეთში, რომ მისმა პატრონმაც არ იცის. 21-ე დღეა ბიჭი შიმშილობს, ძალიან სუსტად არის... შაქარი აქვს მაღალზე, ამ ბიჭს კლავს ყველა, ვისაც არ ეზარება. ახალგაზრდა კაცმა რა დააშავა, გოშხეთელიანის თვალი არის თვალი და ბაკურაძის დალურჯებული ხელები და დაზიანებული ფსიქიკა არაფერი? ჩემი ფსიქიკა, როგორც ადვოკატის, ფეიქ ექაუნთებით რომ მწერს დეა გოშხეთელიანი ათას საზიზღრობას ეგ არაფერი? კაცმა თვითმკვლელობა სცადა ციხეში, ვინ მიიყვანა ამ ზღვრამდე ამას არავინ კითხულობს, მეორე მხარე არავის აინტერესებს, რა ხდებოდა სინამდვილეში. რატომ?

- - როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?

- რომ იცოდეთ, მე ყველას გეუბნებით,რომ გრიგოლ ბაკურაძემ მიიღო უბინძურესი სახის ესემესები დეა გოშხეთელიანისგან, სადაც მისი სქესობრივი ურთიერთობის ამბავი იყო განხილული მესამე მხარესთან, დაუსქრინა ეს ბაკურაძეს და გადმოუგზავნა. ამის შემდეგ ბაკურაძე ავიდა სიმამრთან სალაპარაკოდ, იმ მესამე პირთან ერთად, გაიყოლა ის ბიჭი ვისაც დეა გოშხეთელიანი წერდა ესემესებს. სხვათაშორის ამ ესემეებს გაუკეთდა ექსპერტიზა, დადასტურდა მისი ავთენტურობა და სასამართლოში წარდგენილი იქნება ნივთმტკიცებად.

- - თქვენი აზრით ანუ მსხვერპლია გრიგოლ ბაკურაძე?

- დიახ, მედია მართლმსაჯულების მსხვერპლია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და იმ აგრესიული ადამიანების მსხვერპლი კომპიუტერთან რომ ზის და საზიზღარ კომენტარებს რომ წერს. ბიჭი ისეა დაუძლურებული ვეღარ ლაპარაკობს, ვაიმე და ხვალ ამ ბიჭს რამე დაემართოს, მერე ვიღაცა შექმნის ყალბ ფეისბუქს, დაწერს რომ ეს ყველაფერი არის ჩემი დადგმული, ვეღარ შევდივარ პატიმართან, იმიტომ რომ ჩემზე მოდის აგრესია. მეც ხო ვარ ქალი, მე რომ შეურაცხყოფები მაყენა გოშხეთელიანმა და ფეიქ ექაუნთებით ათასი სისაძაგლე მწერა მე არ უნდა დამიცვას სახელმწიფომ, მე ქალი რა არ ვარ? ეს ქვეყანა არაა.. ამასობაში ამ ბიჭის ჯანმრთელობა ძალიან საგანგაშოა, რატო კლავენს ასე 30 წლის ბიჭს, რა დააშავა?

როდესაც გრიგოლ ბაკურაძემ თვითმკვლელობა სცადა დეა გოშხეთელიანის მოძღვარს გაუგზავნა წერილი და ის მამაო შევიდა ციხეში ბაკურაძესთან, და მღვდელი არის გაოგნებული... გრიგოლ ბაკურაძეს სურვილი აქვს რომ ყველფაერი გასაჯაროვდეს, იმიტომ რომ ერთმა მხარემ შეფუთა ეს ყველაფერი, იმისთვის, რომ ვიღაცამ გრანტი მიიღოს, ევროკავშირს უმტკიცებენ თითქოს მსხვერპლი ჰყავთ, არავინ კითხულობს სინამდვილეში რა ხდება. მარტო ერთ მხარეს ალაპარაკებენ და უთმობენ მთელ ეთერს...

- - რა შეგიძლიათ თქვათ თავად დეა გოშხეთელიანზე?

- დეა გოშხეთელიანი ჩემი შვილის კლასელის და არის, ჩემ სახლში იყო 24 საათი და ჩემზე თქვა არ ვიცნობო, ხალხო გადავირიე, რა ქეისები არ მქონია, მაგრამ მსგავსი ისტორიას არ ახსოვს. ვის სჭირდება ასეთი სიყალბე? სინამდვილეში რამდენი ქალია ძალადობის მსხვერპლი იმათ მიხედონ, ქუთაისი კიდე პატარა ქალაქია, აქ ყველამ იცის ვინ ვინ არის... ეს ვის მოატყუებს, ასეთი ქეისი არცერთ ორგანიზაციას არ უნდა აწყობდეს წესით და მე არ გავჩერდები. მე იმდენად აღარ მიცავს ჩემი ქვეყანა, არ მიცავს სახალხო დამცველი ქალ ადვოკატს, იგივე ის ორგანიზაციები, მე ქალი არ ვარ? ამას დასასრული უნდა ჰქონდეს, თორემ ძალიან ცუდად დამთავრდება ეს ამბავი.

- - რას აპირებთ თქვენ სასამართლო სხდომაზე და რა ნივთმტკიცებებს წარადგენთ?

- ჩვენ ჩავატარეთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა. გოშხეთელიანი რომ იძახდა, მახრჩობდაო, ეს არ დასტურდება... დასტურდება ის რაც თავად გრიგოლ ბაკურაძემ თქვა თავიდანევ და ექსპერტების დასკვნა და ბაკურაძის ჩვენებები ერთმანეთს ემთხვევა.

ექსპერტიზამ ასევე ნახა აუდიო ჩანაწერი, რომელიც არსებობს და სადაც ისმის როგორ მივიდა გრიგოლ ბაკურაძე მის სიმამრთან სახლში ირაკლისთან ერთად (ირაკლი ის დეას მეგობარია, რომელსაც ესემესებს წერდა გოშხეთელიანი და სწორედ ამ მიმოწერის სქრინებს უგზავნიდა დეა ბაკურაძეს)ისმის როგორ ეუბნება სიმამრს, გავიდეთ გარეთ დავილაპარაკოთო, ის იქ დეას საცემად არ მისულა, არც იცოდა სახლში თუ იყო, კაცურად მივიდა კაცთან, რომ მის შვილზე ელაპარაკა. აუდიო ჩანაწერში ისმის ირაკლის ხმა „გარეთ შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს“ და აქედან ცანს, რომ გარეთ უნდოდოა კაცებთან ლაპარაკი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და დეასთან რაიმე სახის აგრესია და საერთოდ ამსთან კონტაქტი არც კი უფიქრია.

მე შემდეგ მოვინდომე, რომ ამ აუდიო ჩანაწერის ავთენტურობა დამემტკიცებინა და წარმედგინა ნივთმტკიცებად, რასაც მოჰყვა დეა გოშხეთელიანის მიერ ჩემს მიმართ ფეისბუქის ფეიქ ექაუნთების დახმარებით განხორციელებული მუქარა და შანტაჟი, ჯიხადის ვიდეო გადმომიგზავნეს ხალხნო, სარიტუალო ვიდეო...მწერდნენ, რომ მე ვარ მოძალადეების ადვოკატი და მოძალადეებს ვიცავ. მათ უნდოდათ, რომ ფონი შეექმნათ საზოგადოებაში, რომ ჩვენ მოძალადეები ვართ ყველა.

- - როგორ ფიქრობთ, სასამართლო გამამრთლებელ განაჩენს გამოიტანს გრიგოლ ბაკურაძის მიმართ?

- თუ ეს იქნება მიუკერძოებელი, სამართლიანი სასამართლო, რაშიც უკვე ეჭვი მეპარება, რადგან პირდაპირ იუსტიციის მინისტრი, პირდაპირ სახალხო დამცველი, პირდაპირ თამარ ჩუგოშვილი, ყველა კომიტეტის თავმჯდომე ყველას მოუწოდებენ, რომ დასაჯონ გრიგოლ ბაკურაძე და არც კითხულობენ მეორე მხარის ამბავს, უბრალოდ არც აინტერესებთ..

- - თქვენი აზრით ამდენი ადამიანის ჩარევა ხომ არ უკავშირდება რაიმე სხვა მიზეზს?

ეს არის დაკვეთა, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს, ეს ახალშექმნილ დეპარტამენტსაც შეიძლება აწყობდეს. არათანაბარ პირობებში ჰყავთ მხარეები დაყენებული. დაზიანებები ყველა მხარეს ერთნაირად აქვს მიყენებული და რატომ ისჯება გრიგოლ ბაკურაძე? მაგრამ ეს არის დადგმული ცირკი, ვიღაცა ამით საგრანტო პროგრამას შეასრულებს, რომ აი ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შევასრულეთ და ბოლოს დარჩება ჯანმრთელობაგანადგურებული ადამიანი. ეს იყო წინასწარ დაწერილი გეგმა, ხალხნო საათობით ეთმობა მას ეთერები.

- - დეა გოშხეთელიანი ახალ გადაცემაში „ნანუკას შოუსაც“ ჰყავს...

ჩვენ ვესაუბრეთ ნანუკას შოუს პროდიუსერს და შეგვპირდნენ, რომ მომავალ კვირას მეორე მხარესაც მიეცემა ლაპარაკის საშუალება. იმედი მაქვს ნანუკა არ დაარღვევს პირობას და ჩვენ აუცილებლად ვისაუბრეთ ყველა იმ ნივთმკიცებაზე და აუდიო მასალაზე, რომელიც გვაქვს და ამ ნივთმტკიცებებს აუცილებალდ ვაჩვენებთ საზოგადოებას.

იმ ადამიანებს მინდა ვითხრა, ვინც გრიგოლ ბაკურაძეს მოძალადედ თვლის, ნებისმიერ მათგანს შეუძლია მოვიდეს, მე გადავცემ ავთენტურ მასალებს, სადაც არის გოშხეთელიანისა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმოწერები, მათი ურთიერთობა, მე ყველაფერი მაქვს. მოვიდნენ, ნახონ და მერე იძახონ ბაკურაძეზე მოძალადეაო.

შვილზე გადარეული, ავადმყოფი მამა იყო ბაკურაძე, ჯერ გოშხეთელიანი რა პირით ამბობს ბავშვს არ მანახებდაო, როცა აქეთ ეხვეწებოდნენ შვილი ნახეო და არ ნახულობდა. ტყუილია რასაც გოშხეთელიანი ამბობს, თითქოს ბავშვს მისამართი შეუცვალეს, თითქოს ფსიქოლოგიური ზეწოლა მოხდა მასზე. საიდან დგამენ ასეთ ცირკებს და ასეთ კონცერტებს. ვისაც გაინტერესებთ, დეამ თვითონ მოითხოვა, რომ მხოლოდ ორი დღე ენახა ბავშვი და შვილის ძირითად მეურვედ სასამართლომ მამა დანიშნა. ბოლო წლების განმავლობაში ასეთი პრეცენდენტი არ ყოფილა, როცა მოსამართლემ ემურვეობა მამას მიანიჭა და არა დედას... რას მელაპარაკებით თქვენ, ეხვეწებოდნენ ნახე შვილიო და არ მოდიოდა და ასეთი ქალი კიდე რეებს ლაპარაკობს. არ რცხვენია? სამართალი სად არის?

- - რას აპირებთ, თუ გრიგოლ ბაკურაძის მიმართ არ დადგა გამამართლებელი განაჩენი?

- მე საზოგადოებაში გასვლა რო მომიწიოს და თითოეულ მოსახლესთან იმის მტკიცება, რომ ბაკურაძე გოშხეთელიანთან დამნაშავე არ არის, ამას გავაკეთებ და ბოლომდე ვიბრძოლებ ამ ბიჭის გადასარჩენად, რომელიც გოშხეთელიანმა ფაქტიურად სიკვდილისთვის გაიმეტა.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100