ის, რაც გვითხრა და რაზეც მიგვანიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა
ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის პირველმა დღემ მსუყე საზრდო მისცა საქართველოში არსებული ორივე ძირითადი პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენლებსა და მომხრეებს. რასმუსენის გამოსვლისა თუ პრესკონფერენციის დროს წარმოთქმული ფრაზები გადანაწილდა, დახარისხდა, გემოვნების მიხედვით დაიყო და სრულიად ინტერნეტსივრცე უკვე შემოიარა.
საქართველოს პოლიტიკური მაჯისცემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილას, „ფეისბუქში“, ძირითადად, ნატოს გენმდივნის ორი ფრაზაა პოპულარული:
„საქართველო უფრო მიუახლოვდა ნატოს, ვიდრე ეს შეიძლებოდა თქმულიყო ბუქარესტის სამიტის წინ“
და
„საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები, 2012-13 წლის არჩევნები თქვენს ქვეყანაში დემოკრატიის გამოცდა იქნება (ზოგიერთმა გამოცემამ „დემოკრატიისთვის ლაკმუსის ქაღალდი იქნება“ გადათარგმნა, - ლ.ბ.)“
რა თქმა უნდა, არავინ ელოდა, რომ ფოგ რასმუსენი დღეს დაასახელებდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების თარიღს და ალბათ, ამას არც ხვალ ელოდება ვინმე. მთავარი ის გახლავთ, რომ ისეთი წონის პოლიტიკური ფიგურები, როგორიც ანდერს ფოგ რასმუსენია, სიტყვებს ჰაერზე არ ამბობენ და, ბუნებრივია, ათასჯერ ზომავენ ფრაზას, სანამ მას წარმოთქვამენ.
„საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, მაგრამ ამ ეტაპზე არ შემიძლია პროგნოზირება, როდის მოხდება ეს“ - განაცხადა რასმუსენმა და ამით მიანიშნა, რომ ყველაფერი ისევ საქართველოზეა დამოკიდებული. რასაკვირველია, არავინ უნდა იდაოს იმაზე, რომ როცა ამ რანგის პოლიტიკური პერსონა არჩევნების შესახებ აკეთებს ნებისმიერი შინაარსის განცხადებას, ეს განცხადება, პირველ რიგში, ხელისუფლებისკენაა მიმართული, თუმცა, ისიც ცხადია, რომ ფოგ რასმუსენის სიტყვებმა ბუქარესტის სამიტის შემდეგ ნატოსთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოების შესახებ ცივი წყალი გადაასხა მათ, ვინც სულ რამდენიმე დღის წინ აღაფრთოვანა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მოსმენილმა ფრაზამ: „სამწუხაროდ, სააკაშვილმა თავისი გაუაზრებელი ქმედებებით ძალიან შორს გადასწია ნატოს პერსპექტივა“ - განსხვავება ამ ორ ფრაზას შორის იმდენად დიდია, რომ მის დანახვას განსაკუთრებული პოლიტიკური ალღო ნამდვილად არ სჭირდება.
ამავე დროს, რეფორმებზე საუბრისას, ნატოს გენმდივნის მიერ ნათქვამი „გააგრძელეთ“ - ასევე იმედისმომცემი უნდა იყოს ხელისუფლებისა და მისი მომხრეებისთვის, რადგან მოგეხსენებათ, შეუძლებელია გააგრძელო ის, რაც ჯერ არ დაგიწყია.
ნატოს გენმდივანმა რუსეთთან დაკავშირებულ საკითხზეც გააკეთა მინიშნება. ამჯერად არ ვგულისხმობთ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რისი მხარდაჭერაც ნატოს გენმდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ფოგ რასმუსენმა ცალსახად განაცხადა, რომ „ნატოს არაწევრი ქვეყნები ნატოს გაფართოებას ვეტოს ვერ დაადებენ“ და დაამატა, რომ ნატოს „ღია კარის პოლიტიკა“ არავის წინააღმდეგ არაა მიმართული.
მოკლედ, ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გვითხრა - არავიზე, თუ არა ჩვენზე და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული, როდის გავხდებით ნატოს წევრები.
ყველაზე მთავარი მინიშნება-გზავნილი კი, რა თქმა უნდა, ჩიკაგოს სამიტის წინ თბილისში ჩრდილოანტლანტიკური საბჭოს სხდომის ჩატარებაა...
კომენტარი