სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი ბარამიძე: „ისეა წარმოჩენილი, თითქოს შსს სვანეთში ჩვილ ბავშვთა სახლს დაესხა თავს...“

პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე ,,აფრასიძეების საქმეზე“ პირველ კომენტარს 8 წლის შემდეგ აკეთებს და სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრობს. როგორც მან ტელეკომპანია ,,მაესტროს" ეთერში განაცხადა, სვანეთში ჩატარებული სპეც-ოპერაციის დროს, არცერთი უდანაშაულო ადამიანი არ დაზიანებულა. მისივე თქმით, თავად სპეც-ოპერაციის მომენტში ადგილზე არ ყოფილა.

,,აფრასიძეებს საქართველოს პროკურატურა 10 წლის განმავლობაში ეძებდა არა გამოგონილი ბრალდებებით, არამედ მკვლელობების, ადამიანის გატაცების, ადამიანის გაუპატიურების ბრალდებით. პროკურატურამ გასცა სანქცია და შევკრიბეთ თუკი რამე სპეციალური დანიშნულების რაზმი იყო, ასევე, 11 ვეტმფრენი და დიდი რაოდენობით შინაგანი ჯარი, ერთი მიზნით, რომ არავის სხვას ვინც ამ დამნაშავეთა ჯგუფთან კავშირში არ იყო, არ შექმნოდა საფრთხე და არავის გაეფიქრებია წინააღმდეგობის გაწევა, რადგან მთელი სვანეთი გაძეძგილი იყო იარაღით.

ეს ოპერაცია პროკურატურის ბრძანებით ჩაატარა სხვადასხვა სამინისტროს სპეც-დანიშნულების რაზმებმა და სამწუხაროდ ორი ადამიანი დაიღუპა, იმის გამო, რომ ტყვიამფრქვევებით და ყუმბარმტყორცნებით გაუხსნეს ცეცხლი ვეტმფრენებს და სპეც-რაზმებს. მე იქ უშუალოდ არ გახლდით, მაგრამ როცა ჩავედი მითხრეს, რომ ნახევარი საათი მიდიოდა შეიარაღებული შეტაკება. 2 დაიღუპა და სამი გასამართლდა კონკრეტული ბრალდებებით. ესენი ყველა მთავარი ეჭვმიტანილები იყვნენ. ლამის არის ეს საქმე ისეა ასახული, თითქოს შსს ჩვილ ბავშვთა სახლს დაესხა თავს და ააწიოკა"- განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, კარგად ესმის, რომ აფრასიძეების დედა და ჭირისუფალი მასზე კარგს არაფერს იტყვიან, მაგრამ ამ სპეც-ოპერაციასთან დაკავშირებით გადაღებულ ფილმში გამოთქმული ბრალდებები აბსურდულად ეჩვენება. კერძოდ, თითქოს გარდაცვლილ ომეხ აფრასიძეს მან საქორწინო ბეჭედი მოხსნა და ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან სუფრის გაშლა მოითხოვა. გიორგი ბარამიძე მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ,,აფრასიძეების სქმესთან" დაკავშირებით, ახალი ხელისუფლების საგამოძიებო სტრუქტურებს გასცეს პასუხი.

,,მზად ვარ, არც ჩემი სადეპუტატო მანდატი არ გამოვიყენო, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება ჩემს მიმართ ცილისმწამებლური ბრალდებები" - დასძინა ვიცე -სპიკერმა.

შმაგი და გოჩა აფრასიძეების დედა დოდო აფრასიძე და მისი ადვოკატები, პრეზიდენტისა და მაღალჩინოსნების დასჯას მოითხოვენ. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა 2009 წლის 2 სექტემბერს, პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა, როდესაც განაცხადა, რომ პირადად გასცა ბრძანება ამ ოჯახის დაბომბვისა და ამოჟლეტის თაობაზე.

2004 წლის 5 მარტს მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ჩატარდა სპეცოპერაცია. დაიბომბა აფრასიძეების საცხოვრებელი სახლი. ადგილზე დაიღუპა ომეხი აფრასიძე, ხოლო მისი მამა ევგენი დაიჭრა და ცეცხლწაკიდებულ სახლში ცოცხლად დაიწვა. მაშინ სამართალდამცავებმა დააკავეს დაჭრილი გოჩა და შმაგი აფრასიძეები. დაკავებულები პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გაასამართლეს. გოჩას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, შმაგის- 18 წელი.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100