სტამბოლში "ქართული ხელოვნების სახლი" იხსნება
2011 წლის 17 დეკემბერს თურქეთში, ქალაქ სტამბოლში იხსნება ქართული კულტურის ახალი კერა - "ქართული ხელოვნების სახლი". „ქართული ხელოვნების სახლის“ დაარსების იდეა ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებობდა თურქეთში მცხოვრებ ქართველთა შორის. „ქართული ხელოვნების სახლის“ დამფუძნებელი და დირექტორის არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ეთნიკურად ქართველი ბატონი შემსეთინ იემი (გიორგი ირემაძე). პროექტის მომზადებას და განხორციელებას რამდენიმე თვე დასჭირდა. „ქართული ხელოვნების სახლი“ განთავსებულია ქადიქოის რაიონში.
„ქართული ხელოვნების სახლის“ მიზანია თურქეთ-საქართველოს მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თურქულ-ქართული კულტურული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება; ზრუნვა თურქეთის ეთნიკურ ქართველთა კულტურის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის; ასევე, სხვა კავკასიელ ხალხთა (ჩერქეზები, ჩეჩნები, აფხაზები და სხვ.,) ეთნიკური კულტურის მრავალფეროვნების წარმოჩინება. წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ქართული ხელოვნების ამსახველი მუდმივმოქმედი და ერთჯერად ექსპოზიციები.
იგეგმება თურქეთისა და საქართველოს შემდგომი კულტურული ურთიერთობის გაღრმავებისაკენ მიმართული სხვადასხვა ღონისძიება; შედგება ქართული ენის სწავლების კურსები; გაიმართება ქართული ფოლკლორის კონცერტები.
17 დეკემბერს გაიხსნება მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, რომელიც ასახავს ქართულ ტრადიციულ კულტურას. გაიხსნება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება თურქეთსა და საქართველოში მოღვაწე მხატვართა გამოფენები. მუსიკალურ ნომრებს შეასრულებენ სტამბოლში არსებული ფოლკლორული ანსამბლები -„კავკასიის მთა“ (ხელმძღვანელი ბატონი იბერია მელაშვილი-ოზკანი) და „ერთობა“, ბატონი ბაიარ შაჰინი (გუნდარიძე), ქალბატონი მირჯან ქაია, ბატონი ეროლ თემელი, ქალბატონი აიშენურ ქოლივარი და სხვა ცნობილი მომღერლები.
ღონისძიებას ესწრებიან თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელები, სტამბოლის მერი ბატონი კადირ თოპბაში, ქადიქოის რაიონის მერი ბატონი სელამ ოზთურქი სხვა საჯარო მოხელეები; ასევე, თურქეთში მოქმედი ქართული და კავკასიური კულტურის ცენტრების ხელმძღვანელები.
„ქართული ხელოვნების სახლის“ გახსნის ცერემონიალზე მოწვეულნი არიან სტუმრები საქართველოდანაც, მათ შორის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, მეცნიერები და სხვა საზოგადო მოღვაწეები.
ბატონი შემსეთინ იემის (გიორგი ირემაძის) სურვილია, პროექტი განხორციელდეს ქართველი საზოგადოების მხარდაჭერითა და თანადგომით.
კომენტარი