სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პირველად თბილისში MAN-ის ტრენინგები გაიმართა - საერთაშორისო შეხვედრებს „თეგეტა აკადემიამ“ უმასპინძლა

„თეგეტა აკადემიამ“ გერმანული საავტომობილო ბრენდის, MAN-ის საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა. გერმანიიდან და გაერთიანებული საამიროებიდან მოწვეულმა ტრენერებმა დამსწრეებს MAN-ის სატვირთო ავტომობილების უპირატესობები დეტალურად გააცნეს.

ორდღიანი კომპლექსური შეხვედრები, რომლებიც, თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავდა, გაყიდვების ჯგუფებისათვის იყო განკუთვნილი. საერთაშორისო ტრენინგ-სემინარს, Tegeta Truck&Bus-ის თანამშრომლებთან ერთად, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ჩამოსული გაყიდვების მენეჯერებიც ესწრებოდნენ. კომბინირებულ სწავლებაში, საერთო ჯამში, 15 მსმენელი იყო ჩართული.

ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი:მოხარულები ვართ, რომ MAN-ის საერთაშორისო ტრენინგი საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს სივრცეში, „თეგეტა აკადემიაში“ გაიმართა. ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების მწარმოებელ მსოფლიო ბრენდთან თანამშრომლობით ჩვენი წარმომადგენლები სემინარებს ინტენსიურად ესწრებიან. ამჯერად კი შეხვედრები უკვე ჩვენს ბაზაზე გავმართეთ. მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ და გვეამაყება, რომ ერთობლივი პროექტი წარმატებით შედგა.

„თეგეტა აკადემიის“ ბაზაზე მოწყობილი საერთაშორისო ტრენინგი იყო პირველი ნაბიჯი იმ მასშტაბური მიზნისკენ, რაც გვინდა, რომ, საბოლოოდ, რეგიონული სასწავლო ცენტრის სტატუსის მიღებით დასრულდეს. მოლაპარაკებები ორი მიმართულებით მიმდინარეობს: MAN-ის მხრიდან ჩვენი ტრენერების გადამზადება, რომლებიც შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების შემდეგ სასწავლო პროცესს თბილისში გაუძღვებიან და ასევე ლექცია-სემინარები, რომლებსაც უშუალოდ გერმანული ბრენდის წარმომადგენლები რეგიონის ქვეყნებიდან ჩამოსული მონაწილეებისათვის გამართავენ. ცოდნის გაზიარების მთავარი ცენტრი კი „თეგეტა აკადემია“ იქნება“.

სემინარი, სახელწოდებით: „MAN-ის სატვირთო ავტომობილების უპირატესობა და გაყიდვების მეთოდოლოგია“, რამდენიმე კომპონენტს მოიცავდა. MAN-ის ტრენერებმა მონაწილეებს გერმანული ბრენდის სატვირთო ავტომობილების აგებულება, წარმოების სპეციფიკა და კონკურენტული უპირატესობები თავდაპირველად თეორიულად გააცნეს. უშუალოდ სატვირთო ავტომანქანასთან წარიმართა მომდევნო ეტაპი, რომელიც, თავის მხრივ, პრაქტიკულ დავალებებსაც მოიცავდა. პროცესი MAN-ის თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ სერვისცენტრში მიმდინარეობდა, რომელიც „თეგეტას“ ცენტრალურ ფილიალშია განთავსებული.

ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: „MAN TRUCK AND BUS-ის გლობალური წარმომადგენლობა ყოველწლიურად მართავს ტრენინგებს პარტნიორებისა და დილერებისთვის, რათა გააცნოს მათ ბრენდის ტექნოლოგიურ სიახლეები თუ სამომავლო გეგმები. გამონაკლისი არც მიმდინარე წელი ყოფილა და მოხარული ვართ, რომ „თეგეტა აკადემიასთან“ ერთად ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს ვუმასპინძლეთ. „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ თანამშრომლებს, რომლებიც MAN-ის ბრენდის განვითარების, გაყიდვებისა და გაყიდვების შემდგომი მომსახურების სერვისებში არიან ჩართული, შესაძლებლობა ჰქონდათ სრულად გაცნობოდნენ ინფორმაციას, ბრენდის ტექნიკური შესაძლებლობების, სიახლეების და სამომავალო გეგმების შესახებ. მსგავსი ტრენინგები მნიშვნელოვაია, რადგან ის მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევას და ბრენდის ყველა უპირატესობის სრულად ათვისებას უზრუნველყოფს.“

რაც შეეხება მომხმარებელთან ეფექტურ კომუნიკაციას, ამ ნაწილს „თეგეტა აკადემიის“ ლექტორები უძღვებოდნენ. ავტორიზებული კოლეჯისა და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრის წარმომადგენლებმა ტრენინგის მონაწილეებს თანამედროვე მიდგომები და ტექნიკები გააცნეს.

ეკა ბოლქვაძე, „თეგეტა აკადემიის“ ბიზნესტრენინგების განვითარების სამსახურის კოორდინატორი:საერთაშორისო ტრენინგის მსმენელებს კომბინირებული სასწავლო გეგმა შევთავაზეთ: თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილთან ერთად სწორი კომუნიკაციის უნარ-ჩვევებზეც ვისაუბრეთ, რომელთა დახმარებითაც მსმენელები მიღებულ ცოდნას ყოველდღიური საქმიანობისას ეფექტიანად გამოიყენებენ. ვფიქრობთ, სასურველი შედეგის მიღწევა სწორედ ამ კომპონენტების კომბინაციით არის შესაძლებელი. ვიმედოვნებთ, რომ „თეგეტა აკადემიაში“ გამართული კომპლექსური შეხვედრების მონაწილეები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით გამოიყენებენ“.

ორდღიანი ტრენინგ-სემინარები MAN-ის წარმომადგენლების ჩართულობით „თეგეტა აკადემიაში“ უკვე დასრულებულია. კომპანიაში ახლა მომდევნო შეხვედრებისათვის ემზადებიან. მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს.

გერმანულ ბრენდთან მოლაპარაკებების დასრულებამდე „თეგეტა აკადემია“ გაწერილ გეგმას მიჰყვება და მიმდინარე წლის ბოლომდე 30 ტრენინგის ჩასატარებლად მზად არის.

თითქმის დასრულებულია ფოთისა და ბათუმის სასწავლო სივრცეების მოწყობაც, სადაც უახლოეს მომავალში, საერთო ჯამში, 14 ახალი პროგრამა ჩაეშვება. ბათუმის სატრენინგო ცენტრი „თეგეტას“ საჭიროებებს სრულად დაფარავს მსუბუქი, სატვირთო, სპეცტექნიკისა და ელექტრომობილების მიმართულებით. ფოთში კი სპეციალური სიმულატორის დახმარებით მსურველები საპორტო ტექნიკის სპეციალიზაციით გადამზადდებიან.

ექვსი ახალი პროგრამის დანერგვაა გათვალისწინებული დედაქალაქში. ამასთანავე, უკვე გაწერილია სასწავლო ვიზიტები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც „თეგეტას“ თანამშრომლები კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაემგზავრებიან.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100