სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზმა სეპარატისტებმა გლოვის დღეებში ქორწილის გადახდის სანაცვლოდ ქართველებს ფული მოსთხოვეს

აფხაზებმა ქართულ ოჯახს გლოვის დღეებში ქორწილის გამართვის უფლება მხოლოდ გადასახადის გადახდის შემდეგ მისცეს.

როგორც "ივერონს" გალის რაიონიდან აცნობეს, შემთხვევა ორი დღის წინ სოფელ განახლებაში მოხდა.

"ბუნებრივია, ადგილობრივმა ქართულმა მოსახლეობამ დე ფაქტო პრეზიდენტ ანქვაბზე თავდასხმის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა. ერთ-ერთმა ქართულმა ოჯახმა ქორწილი დაგეგმა, რომელიც დროში ამ თავდასხმის დროს დაღუპული ორი აფხაზის გლოვის დღეებს დაემთხვა. ამის გამო აფხაზები ქორწილის გადახდის უფლებას არ იძლეოდნენ და ოჯახს ამის ნება მხოლოდ სოლიდური თანხის გადახდის შემდეგ დართეს", - განუცხადა "ივერონს" წყარომ.

შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო პრეზიდენტზე თავდასხმა 22 თებერვალს, დილით განხორციელდა. ანქვაბის ავტომობილს გუდაუთის ტერიტორიაზე ავტომატური იარაღიდან მაშინ ესროლეს, როდესაც დე ფაქტო პრეზიდენტი სამსახურში მიდიოდა. მისი დაცვის ორი წევრი - რემზიკ ცუგბა და თენგიზ ფანდარია მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს ანქვაბზე უკვე მეექვსე თავდასხმაა, მაგრამ პირველია მას შემდეგ, რაც ის დე ფაქტო პრეზიდენტი გახდა. ორი თავდასხმა 2005 წელს მოხდა, ერთი – 2007 წელს, როდესაც ანქვაბის ჯიპს გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნთან ჭურვი ესროლეს. ანქვაბმა მაშინ მსუბუქი კანტუზია მიიღო და ზურგი ჭურვის ნამსხვრევებისაგან დაეკაწრა. 2010 წელს კი ჭურვები მის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. ამ თავდასხმის დროს ანქვაბი არ დაშავებულა.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100