სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის აგენტების საქმე

აშშ-ში აგორებული სკანდალი, რუსული ჯაშუშური ქსელის გამოაშკარავებასთან დაკავშირებით, კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. როგორც ცნობილია, გამოაშკარავებულია თერთმეტი ადამიანი, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟში არიან ეჭვმიტანილები.
„გადატვირთვის პოლიტიკის“ პროცესში რუსეთ-აშშ-ს შორის მომხდარ ამ `ინციდენტს~ დიდი გამოხმაურება და გაკვირვება მოჰყვა. მთელი მსოფლიო პირველ რიგში იმაზე დაფიქრდა, თუ რატომ გახმაურდა ეს მოვლენა აშშ-ში მედვედევის ვიზიტის შემდეგ.
თავდაპირველად გავრცელდა ვერსიები, რომ რუსეთი და აშშ-ი რაღაც გარკვეულ საკითხზე ერთმანეთს აშანტაჟებენ, ან ობამას მობეზრდა საკუთარ ქვეყანაში „კრემლის აგენტის“ იარლიყი და ამით შეეცადა იმის დამტკიცებას, რომ სულაც არ არის ის მედვედევ-პუტინის ინტერესების გამტარებელი, თუმცა შემდეგ სხვა მომენტები გამოიკვეთა.

ეს აგენტურული ქსელი ერთი შეხედვით ძალიან ეფექტური უნდა ყოფილიყო, რადგან ასეთი ტიპის აგენტების მიწოდებულ ინფორმაციებს განსაკუთრებული ფასი აქვს და სიზუსტით გამოირჩევა. მათი შეგზავნაც დიდ მომზადებასა და პროფესიონალიზმთან არის დაკაშირებული, მაგრამ, როგორც დასავლური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რუსული დაზვერვის აგენტებმა ფრიად უნიჭოდ იმოქმედეს და რაიმე სერიოზული ცნობების მოპოვება ვერ შეძლეს.
ამასობაში გაჩნდა ამ ინციდენტის საინტერესო ვერსია, რომლის მიხედვითაც ეს ყველაფერი მიმართულია პრეზიდენტ ობამას წინააღმდეგ, რათა ამერიკელებმა დაინახონ, რა სუსტ პრეზიდენტთან აქვთ საქმე. ფაქტია, რომ მომხდარით თავად ობამაც ფრიად გაკვირვებული დარჩა და აღარ იცის, როგორ გამოიყვანოს თავი განრისხებული რუსების წინაშე.
რუსი აგენტები შეერთებულ შტატებში ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყურადღების ცენტრში კი ბოლო შვიდი წელია აღმოჩნდნენ, ოფიციალური ინფორმაციით, მათი დაკავება ახლა მოხდა იმიტომ, რომ ერთ-ერთი რეზიდენტი ქვეყნის დატოვებას აპირებდა.
ქართველი ექსპერტის, რამაზ საყვარელიძის თქმით: „ისეთი კონტურები გამოიკვეთა, რომ ახლა შეფასებისათვის უფრო მეტი საშუალებებია. საინტერესოა ის, რომ ლავროვმა ამერიკული მხარისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა, თუ არადა „სიმეტრიული ნაბიჯების“ გადადგმით დაემუქრა. რუსეთმა ამით, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ ისინიც დაიჭერდნენ რუსეთში იმ ამერიკელ პირებს, ვისზედაც ეჭვი აქვთ.
თუმცა ამ დღეებში რუსეთმა ასეთი ნაბიჯი არ გადადგა, ხოლო აშშ-ის ოფიციალურ პირთა განცხადებებში ერთგვარი დისტანცირება გამოჩნდა ამ შემთხვევისაგან და არ გამოკვეთილა ისეთი განცხადებები, რომლის მიხედვითაც ფედერალური ხელისუფლება თავის თავზე იღებს ამ ნაბიჯის ავტორობას.
პირიქით, ხაზი ესმება იმ გარემოებას, რომ გამოძიების ორგანოებმა საკუთარი ინიციატივით განახორციელეს ეს ოპერაცია და გამოითქმება იმედი, რომ ეს არ იქნება ზიანის მომტანი ორი ქვეყნის ურთიერთობებში.
ამ ფონზე ლოგიკურად მეჩვენება ანალიტიკოსების ნაწილის აზრი, რომ ეს ინციდენტი არის აშშ-ის შიდა პოლიტიკური დაპირისპირების შედეგი, ანუ ობამას ადმინისტრაციაში არიან ადამიანები, რომლებიც ობამას ლოიალურ პოლიტიკას არ იზიარებენ და რადიკალურ პოლიტიკას ემხრობიან რუსეთის მიმართ.
და არა მხოლოდ ემხრობიან, არამედ გარკვეული ტიპის ნაბიჯებსაც დგამენ, რათა გავლენა მოახდინონ ამ პოლიტიკაზე. ასეთები უმეტესად ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები უნდა იყვნენ, ისინი ახორციელებენ მსგავსი ტიპის ოპერაციებს. როგორც ჩანს, რუსეთთან არაოფიციალურ ახსნა-განმარტებებში ეს იქნა ნათქვამი. ორივე მხარის რეაქციები ამ ვერსიის ლოგიკაში ჯდება“.
როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი აშშ-ის შიდაპოლიტიკურ მდგომარეობაზე, რუსეთის ხელისუფლებაში მოხდება თუ არა განხეთქილება პუტინ-მედვედევს შორის და ეს პროცესები რამდენად აისახება საქართველოზე, ძნელი სათქმელია. თუმცა ის კი აშკარაა, რომ აშშ-ში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნებისას ის ძალები სერიოზულად გააქტიურდებიან, ვისაც რუსეთთან მიმართებაში ხისტი პოზიცია უკავია. მაშინ როცა ობამას საკუთარ სპეცსამსახურებში ჰყავს უკვე მოწინააღმდეგეები, რომლებიც სახელმწიფოთაშორის მოწყობილ სკანდალებზე არ იხევენ უკან, ძნელი საპროგნოზო არ უნდა იყოს აშშ-ის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რა თქმა უნდა, თუ მოვლენები ამ სქემის მიხედვით განვითარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100