კახა კალაძე ინიციატივით გამოდის, რომ აფრიკელ სტუდენტებსა და ბელიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებს შორის ამხანაგური თამაში გაიმართოს
თბილისის მერი კახა კალაძე ინიციატივით გამოდის, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართოს.
ასეთი შეხვედრის ორგანიზებით კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს მიმართა.
„მე მგონი, არავის მოეწონა ის, რაც იმ დღეს მოხდა ბელიაშვილის ქუჩაზე. ძალიან სამწუხაროა. თბილისი ყოველთვის ტოლერანტულად ითვლებოდა და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ტოლერანტული ქალაქია. ის რაც მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი. ჩვენ ქართველებს არ გვჩვევია ასეთი დამოკიდებულება და მიდგომები. მინდა ვთხოვო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს, რომ თუ არის ამის შესაძლებლობა, კვირის ბოლოს გააკეთოს ერთი ამხანაგური თამაში იგივე მოედანზე, ბელიაშვილის ქუჩაზე, სადაც სასწავლებლად ჩამოსული აფრიკელი სტუდენტები, ვინც იმ დღეს თამაშობდნენ და ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას. ვისაც სურვილი გაქვთ, ჩვენც ჩავერთოთ. მე მგონი ძალიან კარგი იქნება, ის ცუდი ლაქა და ის ცუდი, რაც მოხდა, დავიწყებას მივცეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კვირას, აფრიკელმა სტუდენტმა ბენ ზეგემ სოციალურ ქსელში, ბელიაშვილის ქუჩაზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მათ ქართველი მამაკაცები შეურაცხყოფას აყენებენ. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კი ამბობს, რომ უცხოელების ჯგუფმა მათ მეზობელს ხელი ჰკრა და წააქცია.
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, ნიგერიელი სტუდენტების მიმართ განხორციელებულ ქმედებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარი