სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ვეგა სტარტაპ ლაბში“ გამარჯვებული პროექტების კაპიტალის დაფინანსების პროცესი მიმდინარეობს

თბილისი, 23 დეკემბერი, 2014 – „საქართველოს ბანკის“, ქვეყნის წამყვანი ბანკის, მიერ დაარსებული დამწყები ბიზნესის საინვესტიციო პროგრამის, „ვეგა სტარტაპ ლაბის“, (VEGA) მიერ გამოცხადებულ პირველ კონკურსში გამარჯვებული იდეებიდან კომერციულად საინტერესო პროექტების შეფასება და კაპიტალის დაფინანსების ეტაპი მიმდინარეობს. VEGA-ში მონაწილე გუნდებმა გაიარეს აქსელერაციის პროცესი, რაც მონაწილეებისთვის „სტარტაპის“ გამართვისთვის უნიკალური გარემოს შექმნასთან ერთად გულისხმობდა ტრენინგებსა და მენტორინგს. პროექტში მონაწილე „სტარტაპელებისთვის“ ტრენინგები ჩატარდა საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხოლო მენტორინგს ახორციელებდნენ „საქართველოს ბანკის“ წამყვანი სპეციალისტები. VEGA-ს მიერ შერჩეული 11-ვე პროექტი/იდეა საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებია, კონკრეტულად კი:

სწავლების ახალ, ინოვაციურ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული უცხო ენების შემსწავლელი ონლაინპლატფორმის შექმნა; დასაქმების ონლაინ პლატფორმის შექმნა, რომლის მიზანია საქართველოს მასშტაბით ხელი შეუწყოს ნიჭიერ და კრეატიულ მომხმარებლებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციაში, ხოლო დამსაქმებელს ხელმისაწვდომი ადამიანური რესურსების მოძებნაში ინტერნეტის საშუალებით; ლიცენზირებული აუდიო-ვიდეოკონტენტის საერთაშორისო ონლაინ ბაზის შექმნა; Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ERP (კომპანიის რესურსების მართვის Enterprise Resource Planning) სისტემა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისათვის მორგებული მობილური მოდულით; სტატუს ბარათი, რომელიც მის მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს ყოველდღიური დანახარჯი აქციოს ქველმოქმედებად და ამავდროულად თავადაც მიიღოს სარგებელი; პორტალის შექმნა, რომლის მეშვეობითაც უცხოეთში სწავლის მსურველები სრულიად უფასოდ შეძლებენ მიიღონ ინფორმაცია მსოფლიოს ყველა წამყვან უნივერსიტეტსა და სასწავლო პროგრამებზე; ფოტორატორი – ეს არის თვითმომსახურების აპარატი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს დაბეჭდოს ფოტო საკუთარი „ინსტაგრამიდან“, ასევე ბლუთუსის ან აპარატში ჩამონტაჟებული კამერის მეშვეობით; შეიქმნება ონლაინპლატფორმა კომპანიებისთვის, რათა დოკუმენტების ონლაინრეჟიმში ორგანიზება და ყოველდღიურად საჭირო შაბლონების მართვა გამარტივდეს; მსოფლიო მასშტაბით საფეხბურთო მატჩებიდან გოლების სტრიმინგისა და ორგანიზების მობილური აპლიკაციის შექმნა; მიზნებისა და ინსპირაციების მართვის აპლიკაცია, სოციალური ქსელი; კომპიუტერული გეიმინგის აპლიკაციების დეველოპერული სტუდიის შექმნა.

VEGA-მ ზემოთ ჩამოთვლილი საინვესტიციო პროექტი 50-მდე იდეა/ბიზნესპროექტიდან შეარჩია. მონაწილეების შერჩევა, ძირითადად, 2 კრიტერიუმის მიხედვით მოხდა: იდეის ტექნიკურად განხორციელების შესაძლებლობა გონივრულ ვადებში და იდეის კომერციული სიცოხლისუნარიანობა.

„საქართველოს ბანკის“ გადაწყვეტილება დააარსოს დამწყები ბიზნესის საინვესტიციო პროგრამა, განპირობებულია ბანკის სურვილით დაეხმაროს დამწყებ ბიზნესს. ამ მიზნით, VEGA საკუთარი ბიზნესის წარმოების მსურველთათვის საჭირო განათლებისა და საწყისი კაპიტალის მიღებას უზრუნველყოფს.

დამატებითი ინფორმაციისთვის VEGA-ს შესახებ ეწვიეთ: www.vegalab.ge

###

VEGA Startup Lab-ის შესახებ:

VEGA Startup Lab-ი (VEGA) „საქართველოს ბანკის“, ქვეყნის წამყვანი ბანკის, მიერ დაარსებული დამწყები ბიზნესის საინვესტიციო პროგრამაა, რომლის მიზანია საკუთარი ბიზნესის დაწყების მსურველთათვის უზრუნველყოს საჭირო განათლებისა და საწყისი კაპიტალის მიღება. დამწყები ბიზნესის საინვესტიციო პროგრამის არსებობა ხელს შეუწყობს ქვეყანაში დამწყები ბიზნესის წახალისებას და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. პროგრამის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე VEGA მჭიდროდ თანამშრომლობს „საქართველოს ბანკთან“ და „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100