შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ კიწმარიშვილისგან დირექტივებს იღებს
"ქართული პარტიის" ოფისში ეროსი კიწმარიშვილის მიერ ჩატარებული საგანგებო ბრიფინგის შემდეგ, მოულოდნელად, ოფისში ჟურნალისტი, ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემის "აკრედიტაციის გარეშე" ავტორი და წამყვანი, შალვა რამიშვილი გამოჩნდა.
ჟურნალისტი "აი–ტვ"–ს გადამღებმა ჯგუფმა მაშინ შენიშნა, როცა ის ლიფტიდან გამოვიდა. შალვა რამიშვილის მისვლა პარტიის ოფისში იმ პერიოდს დაემთხვა, როცა, წესით, შენობა ჟურნალისტებს უკვე დატოვებული უნდა ჰქონოდათ.
კამერის დანახვაზე შალვა რამიშვილმა თავდაპირველად გადაღებისთვის თავის არიდება სცადა, შემდეგ კი საუბარი ირონიულ კონტექსტში გადაიტანა. სწორედ ამ კონტექსტში უპასუხა მან "აი–ტვ"–ს ჟურნალისტის შეკითხვებსაც:
– რას აკეთებს შალვა რამიშვილი "ქართული პარტიის" ოფისში?
– მოვედი, რომ დირექტივები მივიღო.
– ვისგან?
– როგორ ვისგან? რა თქმა უნდა, ეროსისგან...
– მაგრამ თქვენ ხომ დამოუკიდებელი ჟურნალისტი ხართ?..
– დიახ, ვარ. მერე?
– მერე, რამდენად მისაღებად გეჩვენებათ, რომ დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა დირექტივები მიიღოს?
– არ ვიცი. მე იმიტომ მოვედი, რომ დირექტივები მივიღო...
კომენტარი