რატომ ჩქარობს პუტინი ევრაზიული კავშირის შექმნას?
ასეთ შეკითხვას სვამს თავისი წერილის სათაურში „ამერიკის ხმის“ რუსული საიტის - „golos-ameriki.ru“-ს მიმომხილველი ჯეიმს ბრუკი. ქვემოთ გთავაზობთ ფრაგმენტებს ჯეიმს ბრუკის წერილიდან:
„პრეზიდენტი პუტინი სსრკ-ის დაშლას მიიჩნევს საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად. ახლა ის მუშაობს „საბჭოთა კავშირი - ლაითის“ შექმნაზე.
ნიშანდობრივია, რომ სახელმწიფო „დუმაში“ პარლამენტარებმა იდღესასწაულეს არჩევნებში სააკაშვილის დამარცხება. ახალ პრემიერს - ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს თავისი ქონება მოსკოვში აქვს ნაშოვნი 90-იან წლებში.
პრეზიდენტად არჩევამდე ერთი წლით ადრე პუტინმა გაამხილა თავისი საგარეო პოლიტიკური მიზანი - 2015 წლისთვის ევრაზიული კავშირის შექმნა. რუსეთის პრეზიდენტი აყალიბებს სუვერენული რესპუბლიკების ისეთ გაერთიანებას, რომელთა საგარეო პოლიტიკის, თავდაცვის და ეკონომიკის საკითხები გადაწყდება კრემლში.
საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის სამხრეთკავკასიური განყოფილების დირექტორი ლოურენს შიტსი მიიჩნევს, რომ „ერთი ნაბიჯთაგანი მისი შექმნის გზაზე რუსეთსა და საქართველოს შორის კავშირის აღდგენაა“.
მისი სიტყვებით, პუტინს სურს საბჭოთა კავშირის მსგავსი სახელმწიფო აღადგინოს და ამიტომ განახორციელებს ზეწოლას საქართველოზე, რათა იგი დაუბრუნდეს საკავშირო ურთიერთობებს. ამ საქმეში ერთვება ლუკაშენკო, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ იმუშავებს საქართველოს დსთ-ში დასაბრუნებლად.
ისმება კითხვა - რატომ ჩქარობს პუტინი ევრაზიული კავშირის შექმნის 2015 წლამდე მოსწრებას?
პასუხი მარტივია: როგორც ანალიტიკოსები გვამცნობენ, ამ დროისათვის აშშ-ს სრულად ეყოლება თავისი ჯარი გამოყვანილი ერაყიდან და ავღანეთიდან და ვაშინგტონი მოიცლის რუსეთისათვის - მისი ფოკუსი რუსეთისკენ გადაადგილდება. ხოლო, თუ არჩევნებში გაიმარჯვა რომნიმ, ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება - აკი რესპუბლიკელთა კანდიდატმა რუსეთს უწოდა ნომერ პირველი მტერი!“
კომენტარი