"ჩემი ვარაუდით, საქართველოში ინფიცირების შემთხვევათა ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს ათასს" - თენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა 1000-ს არ გადააჭარბებს.
"საქართველოში ფიქსირდება შემთხვევების მატება, მაგრამ არც ერთ დღეს არ დაფიქსირებულა 20 ახალ შემთხვევაზე მეტი. ეს შიდა გადაცემის, ანუ ინფექციის გავრცელების სტადიისთვის, არის ძალიან ცოტა. ყველა სხვა ქვეყანაში დღეში 500 და მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ჩვენთან კი ორ ათეულ შემთხვევას არ გადასცილებია.
ჩემი პროგნოზით, ვერ შევინარჩუნებთ ამ სიტუაციას ბოლომდე - დღეს თუ ორი ათეულია, ხვალ შეიძლება გვქონდეს სამი ათეული და მეტი, მაგრამ საქართველოში არ იქნება ასზე მეტი შემთხვევა დღეში. ამას ვამბობ დიდი დარწმუნებით, ინფექციის გავრცელების დინამიკა მაჩვენებს ამას. მაგალითად, მარნეულში დაფიქსირდა უკონტროლო შიდა გავრცელება, რომელიც იმდენად ჩქარა იქნა აღკვეთილი, რომ მან ვერ მოასწრო ფართოდ გავრცელება და რეგიონიდან სულ 2 ან სამი ათეული შემთხვევა წამოვიდა. იგივე სამეგრელოში და სხვა რეგიონებში. ანუ შიდა გავრცელების ლოკალიზება ხდება იქამდე, სანამ ის მოასწრებს ჭეშმარიტად შიდა გავრცელებას.
საქართველოში, ჩემი ვარაუდით შემთხვევათა ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს ათასს ან იქნება ათასის და 2 000-ის ფარგლებში, როცა ჩვენზე პატარა ქვეყნებში 20 000 შემთხვევა ფიქსირდება. ჩემი პროგნოზით, ორ-სამ კვირაში იქნება პიკი. ეს პიკი არ იქნება აფეთქება - ეს იქნება მდორე პიკი, რამდენიმე ათეული შემთხვევით მატება და არა რამდენიმე ასეულით. პიკი შენარჩუნდება ორი-სამი კვირის მანძილზე და დაახლოებით თვენახევრის შემდეგ, ეპიდემია წავა ქვემოთ" - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
კომენტარი