სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზაზა თორთლაძე: ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრემლის ყურმოჭრილი მონა უნდა ვიყოთ

„პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევნო კამპანია და მოსახლეობასთან ინტენსიური შეხვედრები უკვე დაიწყეს. „საქართველოს დემოკრატიულმა პარტიამ“ ჩუღურეთის რაიონში საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად ზაზა თორთლაძე წარადგინა.
ბატონი ზაზა პროფესიით იურისტი და პოლიტიკური საბჭოს წევრია. პოლიტიკაში არასოდეს ყოფილა, თუმცა მიაჩნია, რომ პოლიტიკა აზარტულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანებს ეხმარები და სიამოვნებას გრძნობ. ფიქრობს, რომ ჩუღურეთის რაიონში გასაკეთებელი ბევრია და არსებული პრობლემების მოგვარებას ხელისუფლებასთან დიალოგის გზით და პრობლემის სწორად დასმით აპირებს.

საქართველოს დემოკრატიული პარტიის მიერ დასახელებულ ჩუღურეთის რაიონის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატს „დრონი.ჯი“ ესაუბრა.

„დრონი.ჯი“: რა ნიშნით დაგასახელათ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად გია თორთლაძემ და რას იტყვით თქვენს კონკურენტებზე?

ზაზა თორთლაძე: ჩვენმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია მაშინ დაიწყო, როცა პარტიად ჩამოვყალიბდით. იმ დღიდან მოყოლებული, ერთადერთი მიზანი მოსახლეობასთან ურთიერთობა, მათი პრობლემების მოსმენა და რეაგირებაა. ასეთი სახის შეხვედრები პარტიებს წინასაარჩევნოდ კი არა, არამედ მაშინ უნდა დაეწყოთ, როცა პარტიები დააფუძნეს.

როცა თბილისში ქუჩები ოპოზიციის მიერ იყო პარალიზებული, ჩვენ რეგიონებში დავდიოდით და მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტაზე ვმუშაობდით. ყველაფერი მოგვარებადია, მაგრამ ჩხუბით და კივილ-წივილით არაფერი მოგვარდება. მოსახლეობის პრობლემები სწორად უნდა მივიდეს ხელისუფლებამდე და შემდეგ ჯერი უკვე მთავრობაზეა. მოსახლეობის გასაჭირის სამოცდაათი პროცენტი მოგვარებადია და ამაზე ხელისუფლება აქტიურად მუშაობს.

- ძირითადად რა პრობლემებია ჩუღურეთის რაიონში და რა გზებით აპირებთ ამის აღმოფხვრას?

- უმუშევრობა და დაბალი პენსიები, ასევე არსებობს ყოფითი პრობლემები. თუ საშუალება მომეცა, მოსახლეობის ყველა მოთხოვნას დავაყენებ ხელისუფლებასთან და, დარწმუნებული ვარ, მეტი წილი პრობლემებისა მოგვარდება. ჩვენ ხელისუფლებას უნდა შევთავაზოთ პრობლემების მოგვარების გზები და, რაც მთავარია, სწორად უნდა მივაწოდოთ მათ არსებული ვითარება. ჩუღურეთში ბევრია ამორტიზებული სახლი. ეს აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ამის გადაწყვეტა კი მხოლოდ ინვესტორების მოზიდვის გზითაა შესაძლებელი. სანამ ხარ ოპოზიციაში ხელისუფლებასთან, ყველაფერი დიალოგის რეჟიმში უნდა მოგვარდეს.

- გამოდის, რომ აპრილის აქციებმა შედეგი ვერ გამოიღო? ოპოზიცია სხვაგვარად ფიქრობს...

- ჩვენ პირველივე დღიდან გავემიჯნეთ ე. წ. რადიკალებს. მაშინ ვერ გავიგე, ოპოზიციას რა მოთხოვნები ჰქონდა. ერთადერთი იყო ის, რომ უპირობოდ უნდა გადამდგარიყო სააკაშვილი და არჩევნებზე და არც დიალოგზე საუბარი არ იყო. „შედეგად“ მივიღეთ თბილისის პარალიზებული ქუჩები. რიგითმა ამომრჩეველმა ოპოზიციას ხმა მისცა, მათ კი პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს და არაფრად ჩააგდეს ამომრჩეველთა ხმები.

პარლამენტში არ შევიდნენ, მაგრამ იმ სიკეთეებზე არ თქვეს უარი, რასაც ხელისუფლებისგან იღებენ. ვგულისხმობ პარლამენტის ხელფასს და პარტიების დაფინანსებას. თუ ბოიკოტია, ბოლომდე ბოიკოტი უნდა იყოს. ისინი ამით ბოიკოტს საკუთარ ამომრჩევლებს უცხადებენ და მათ ხმებს არაფრად აგდებენ. ყველა ოპოზიციურ პარტიას სჭირდება ტრიბუნა და ზუსტად პარლამენტი უნდა გამოეყენებინათ. რა ხეირი, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა?! რა გააკეთეს მათ ქუჩაში ყვირილით? ოპოზიციამ პარლამენტში შეუსვლელობით პასუხისმგებლობა აირიდა. იმ პარტიებს, რომლებმაც უარი განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე და დახიეს მანდატები, დღეს ასე უცებ რატომ მოუნდათ არჩევნებში მონაწილეობა? ამას ახსნა არა აქვს.

- ოპოზიცია იმიტომ ხომ არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, რომ მათ ქუჩაში დგომით და აგრესიული ხერხებით არაფერი გამოუვიდათ?

- ხალხი დაიღალა უშედეგო აქციებით. დგახარ სამი თვე ქუჩაში და შედეგი არ ჩანს. მოსახლეობაში იმედგაცრუებაა. აქციების შედეგი იყო ნული. ხალხი დაბნეულია.

- ე. წ. არასაპარლამენტო ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა და ბევრ რაღაცაზე ვერც თანხმდებიან... რატომ აირია ასე ოპოზიციური სპექტრი, როცა თავის დროზე ერთი იდეის ირგვლივ იყვნენ გაერთიანებულნი, რეალურად რა უნდათ მათ?

- რიგითი ადამიანის გადასახედიდან გაუგებარია, რიგი პარტიების კვირაში რამდენჯერმე პოზიციის შეცვლა და პოლიტიკოსის არამდგრადობა. ასევე გაუგებარია ალიანსის გაკეთება მემარჯვენე დემოკრატებსა და „რესბუბლიკურ“ პარტიასთან. როცა ვინმესთან ერთიანდები, ერთი ხედვა უნდა გქონდეს. ხალხისთვის გაუგებარი იყო ირაკლი ალასანიას შეხვედრები „ეროვნული საბჭოს“ ლიდერებთან და შემდეგ უცებ პოზიციის შეცვლა. დაიბნა ხალხი.
- რატომ აკეთებენ ამას პოლიტიკოსები, თქვენ რა შთაბეჭდილება გრჩებათ?

- ყველა პარტიას, საბოლოო ჯამში, უნდა ხელისუფლებაში მოსვლა. ჩვენი მიზანი არ არის ამ არჩევნებით ხელისუფლებაში მოვიდეთ. ჩვენ ჩვენს შესაძლებლობებს რეალურად ვაფასებთ. ჩვენ მაშინ გვექნება ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია, როცა დავინახავთ, რომ ოპოზიციაში ყოფნის დროს სიკეთის გაკეთების ყველა რესურსი ამოვწურეთ. ხალხი ამას ყველაზე კარგად დაინახავს. - ყველა პარტიას, საბოლოო ჯამში, უნდა ხელისუფლებაში მოსვლა. ჩვენი მიზანი არ არის ამ არჩევნებით ხელისუფლებაში მოვიდეთ. ჩვენ ჩვენს შესაძლებლობებს რეალურად ვაფასებთ. ჩვენ მაშინ გვექნება ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია, როცა დავინახავთ, რომ ოპოზიციაში ყოფნის დროს სიკეთის გაკეთების ყველა რესურსი ამოვწურეთ. ხალხი ამას ყველაზე კარგად დაინახავს.

- ამჟამინდელ თბილისის მერზე რას იტყვით?

- თავის მისიას ბოლომდე ვერავინ შეასრულებს, მითუმეტეს ამ ვადაში. ყველაფერი შედარებითია. ქალაქის ძველ მერებთან შედარებით გამოჩნდა, რომ უგულავამ ბევრი რამ გააკეთა. ვერავინ იტყვის, რომ ქალაქში არაფერი კეთდება. მიხარია, რომ ქალაქში კარგი გზებია, განათებულია და გაზიფიცირებული. დაუნახავი უნდა იყო, რაც თბილისში კეთდება, არ დაინახო. სწორი სლოგანიც აქვთ არჩეული – „გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია“.

ჩვენმა მერობის კანდიდატმა თქვა, მე ვიბრძოლებ მერობის არჩევნებში გამარჯვებისთვის, თუმცა თუ ვერ გავიმარჯვე, მაშინ ჩემს პროგრამას მივაწვდი ქალაქის მერს და გამარჯვებას მივულოცავო.

- რას იტყვით რუსეთში ვიზიტორ ოპოზიციონერებზე, რა უნდათ და საით მიდიან?

- სადაც წავიდნენ, იქით მიდიან. მათი მოქმედება ჩემთვის მიუღებელია, თუმცა იმ ეპოქაში გავიზარდე, როცა რუსეთთან ბრწყინვალე ურთიერთობა გვქონდა. რუსეთში უამრავი მეგობარი მყავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი მთავრობის ყურმოჭრილი მონა უნდა ვიყო. დღეს, როცა საქართველო რუსეთის მიერაა ანექსირებული, ცოტა ძნელია დამპყრობელი ქვეყნის მთავრობასთან ასეთი სახის ურთიერთობა გქონდეს, თუ სხვა ინტერესი არა გაქვს.

თვითონ ოპოზიციას სჯერა, რომ რუსეთშია ჩვენი გადარჩენა? თუ სჯერათ, რომ რუსეთი ჩვენ გვიშველის, შეიძლება პატივი ვცე მათ აზრს. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ამის არ სჯერათ. ალბათ, ის ინტერესი აქვთ, რაც ჰქონდათ 1921 წელს.

რუსეთი უხეშად ერევა ბევრი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ზვიად გამსახურდიას ჩამოგდებაში ლომის წილი მიუძღვის. ეს აღარავის ახსოვს? საქართველო კიდევ სამოქალაქო ომს ვეღარ გადაიტანს და ეს კარგად უნდა ესმოდეთ კრემლში ხშირად მავალ პოლიტიკოსებს. მე არა მგონია, ისინი ფიქრობდნენ, რომ რუსეთში ვიზიტებითაა შესაძლებელი საქართველოს გადარჩენა.

ნოღაიდელი ხშირად ამბობს, რომ თუ არჩევნებში ორი პროცენტი მივიღე, რევოლუციას მოვაწყობო. რატომ უნდა მოაწყოს რევოლუცია, მეტს ელოდება? ურეიტინგო პოლიტიკოსია. იგი ისეთი ქვეყნის მთავრობას ესაუბრება ტკბილად, რომელიც ყოველდღე ცინიზმით გვავსებს. რუსების ხელით მოკლული ქართველების ხსოვნის ძეგლი უნდა დაიდგას რუსეთშიო. ასეთი ცინიზმი მსოფლიოს არ ახსოვს.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100