ФБК–ს სენსაციური აღიარება: საქართველო მსოფლიოში ყველაზე პროგრესული ქვეყანაა
თავდაპირველად, ორი სიტყვით იმ რუსულ კომპანიაზე, რომელმაც ქვეყნების კვლევა, არსებული მდგომარეობის ანალიზი ჩაატარა და იმ დასკვნამდე მივიდა, რაც სათაურშია გამოტანილი:
ФБК (ფინანსური და საბუღალტრო კონსულტანტები) რუსეთში სერიოზულ და კომპეტენტურ ორგანიზაციადაა მიჩნეული. როგორც რუსულ ვიკიპედიაში ამ ორგანიზაციის შესახებ ვკითხულობთ, ФБК–ს მარკის ქვეშ გაერთიანებულია მნიშვნელოვანი „გონებრივი ცენტრი“, რომელიც ეკონომიკური გამოკვლევებითა და საგანმანათლებლო მუშაობითაა დაკავებული. ФБК–ს ანალიტიკურ მოხსენებებსა და გამოკვლევებს რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები აქტიურად იყენებენ. მის კვლევებს ყურადღებას აქცევენ ის უცხოური კომპანიები, რომლებიც რუსეთის ბაზარზე მუშაობენ.
სწორედ ამ კომპანიამ, პროგრესული განვითარების მხრივ ქვეყნების რანგირების შედეგად დაასკვნა, რომ საქართველო, მაკედონია და დომინიკის რესპუბლიკა ლიდერები გახდნენ, ხოლო რუსეთი აუტსაიდერების რიგში აღმოჩნდა და მხოლოდ ვენესუელას, ნიკარაგუას, უკრაინასა და ბოლივიას გადაასწრო.
ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმზე“ გამოქვეყნდა. სააგენტოს ცნობის თანახმად, დღეს გამართულ სხდომაზე სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა, იგორ ნიკოლაევმა განაცხადა, რომ 5 წლის განმავლობაში საქართველომ პროგრესის ინდექსი 207 ერთეულით გაზარდა, რუსეთმა კი 97 ერთეულით შეამცირა.
ნიკოლაევმა ისიც განმარტა, თუ რა პრინციპებზე დაყრდნობით შედგა ზემოთხსენებული რეიტინგი: „რეიტინგი, რომელმაც 101 ქვეყანა მოიცვა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი იმ რეიტინგების საფუძველზე შედგა, რომლებიც სახელმწიფოთა ეკონომიკურ და სოციალურ პირობებს აანალიზებენ“.
„ეჭვი არ რჩება, რომ საქართველომ, ბოლო 5 წლის მანძილზე გატარებული ინტენსიური რეფორმების შედეგად, ეს ადგილი დაიმსახურა“, – ამბობს „რეგნუმთან“ საუბარში პოსტინდუსტრიული საზოგადოების კვლევების ცენტრის დირექტორი, ვლადისლავ ინოზემცევი.
„რუსეთში ცხოვრების ხარისხის მაჩვენებელი 40 ერთეულით შემცირდა, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით – 33 პოზიციით, ბიზნესის წამოწყების პირობების მიხედვით – 26 პოზიციით. რეიტინგის კლება სახელმწიფო ხარჯების ზრდით, საწარმოების ნაციონალიზაციით, უცხოური ინვესტიციების კონტროლის ზრდით, ინვესტორთა უფლებების დაცვის კუთხით არასაკმარისი ცვლილებებით და სხვა სოციალურ–ეკონომიკური პრობლემებითაა განპირობებული“, – განაცხადეს ФБК–ში.
კომენტარი