გენადი ონიშენკოს თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ძეგლი უნდა დაუდგას
რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუში რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მას ძეგლი უნდა დაუდგას ქართული პროდუქციის გაუმჯობესებისთვის, რაც აუცილებელი გახდა რუსეთის მხრიდან ემბარგოს შემოღების შემდეგ.
„ეხო მოსკვის“ რედაქტორმა, ალექსი ბენედიქტოვმა საუბრის დროს ონიშენკოს შეახსენა, როგორ გადაუხადა მადლობა ერთ-ერთმა ქართველმა მინისტრმა ონიშენკოს პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისთვის. „ალბათ, ქართულ ორდენსაც მიიღებთ“, - უთხრა მას ბენედიქტოვმა, თუმცა, ონიშენკომ ორდენი იცოტავა: „ჩემთვის ორდენი ცოტაა, მოვითხოვ, ძეგლი დამიდგან“, - თქვა მან.
ონიშენკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთის ბაზარზე „ბორჯომი“ ბრუნდება. მისი თქმით, მფლობელმა კომპანიამ უკვე წარმოადგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტები კი საქართველოში ჩავლენ და შეამოწმებენ, რამდენად რეალურია ის, რაც დოკუმენტებშია აღწერილი.
ონიშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეს რუსეთში მოსახვედრად ვიზა სჭირდება, ხოლო რუსეთის მოქალაქისთვის საქართველოში შესვლა გამარტივებულია.
ახალი ამბები - საქართველო
კომენტარი