სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„პოპულში“ სიცოცხლისთვის საშიში პროდუქცია იყიდება?

ქართულ ბაზარზე ბოლო წლებში არაერთი სუპერმარკეტთა ქსელი გამოჩნდა, რომლებსაც კონკურენტულ გარემოში უწევთ ბიზნესის წარმოება. დიდი კონკურენცია, ზოგიერთ მათგანს ხელს არ უშლის უხარისხო და ვადაგასული პროდუქტი შესთავაზოს მომხმარებელს.

„პოპული“ ქართულ ბაზარზე 2001 წლიდან შემოვიდა და ამ დროისთვის სავაჭრო ქსელი დედაქალაქის თითქმის ყველა უბანს და ქვეყნის მსხვილ ქალაქებს მოიცავს. „პოპულის“¬ მაღაზიები ქუთაისში, რუსთავში, გორში, სიღნაღსა და ბათუმშია. მოკლედ, „პოპული“ ამ დროისთვის 42 მაღაზიის მფლობელია, რაც იმას ნიშნავს რომ ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სხვადასხვა დასახელების ვადაგასულ პროდუქციას იძენს. „პოპულის“ მომხმარებლები ყოველდღიურად გამოთქვამენ პრეტენზიას. ისინი აცხადებენ, რომ „პოპულში“ ხშირად შეუძენიათ გაფუჭებული პროდუქტი.

საბურთალოს მცხოვრები თინათინ ბარამიძე გვიყვება, თუ როგორ გაუნაწყენდნენ „პოპულის“ თანამშრომლები, როდესაც მან კონსულტანტებისგან პროდუქტების შემადგენლობა იკითხა და მოითხოვდა მისი ვადაგაუსვლელობის დამადასტურებელი დოკუმენტი ეჩვენებინათ, ან მიეთითებინათ თავად როგორ შეემოწმებინა პროდუქციის სანდოობა.

„გადმოვალაგებინე კეტჩუპების, მაიონეზებისა და ძეხვების მთელი პარტია და ვერ ნახეს პროდუქტი, რომელსაც ვადა არ ჰქონდა გასული. შეიტანეს თვალის ასახვევად საწყობში ვითომ გადაყრას აპირებდნენ, მაგრამ საღამოს იმავე მარკეტში, რომ შევედი, ისევ ვადაგასული პროდუქტები ელაგა. არ ვიცი სხვა მაღაზიებში რა ხდება, მაგრამ ბახტრიონზე მდებარე „პოპულის“ მაღაზიაში ეს მდგომარეობაა.

სავაჭრო ქსელ „პოპულს“ არა მხოლოდ ვადაგასული პროდუქციის გასაღების გამო უცხადებს უკმაყოფილებას მომხარებელი.
ლეონიძის ქუჩაზე მდებარე „პოპულის“ მაღაზიაში ნარჩენებს პირდაპირ ქუჩაში ყრიან.

დღის ბოლოს „პოპულის“¬ თანამშრომლები ცელოფნის პარკებით ეზიდებიან ვადაგასულ პროდუქტს და იქვე დებენ. ამის გამო კონფლიქტი ქალაქის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებსა და „პოპულის“ თანამშრომლებს შორის არაერთხელ მომხდარა. ამგვარი ფაქტის მომსწრე „დრონი.ჯი“ არაერთხელ გამხდარა.

„პოპულში“ ამგვარი ტრადიცია აქვთ. ყოველთვიურად ასაჩუქრებენ თანამშრომელს, რომელიც საუკეთესო იყო თვის განმავლობაში. საინტერესოა რაში აძლევენ პრემიებს „პოპულის“ თანამშრომლებს? ალბათ იმაში, ვინ უფრო ოსტატურად გააბრიყვებს მყიდველს და შეაჩეჩებს ვადაგასულ საქონელს.

ამ საკითხზე კომენტარისთვის „პოპულის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ლიკა მიქაუტაძეს დავუკავშირდით. მიქაუტაძემ კატეგორიულად უარყო ჩვენ მიერ ჩამოთვლილი პრობლემები და თავისი სტატუსიდან გამომდინარე საქმის კეთებას (პიარს) შეუდგა, თუმცა, უნიჭოდ.
„დრონი.ჯი“: რამდენ ხანში ერთხელ იცვლება „პოპულის“ ქსელში დამზადებული საკონდიტრო პროდუქცია?

- ზეპირად არ ვიცი ეს როგორ ხდება.
- პიარმენეჯერმა ხომ უნდა იცოდეთ, რა ხდება თქვენს სავაჭრო ქსელში და რა სიხშირით იცვლება საკონდიტრო პროდუქცია?
- ჩვენთან არის სამსახური, რომელიც ვადაგასულ პროდუქციას აგროვებს და მიაქვს სანაგვეზე.

- რაც შეეხება დანაგვიანებას, ხშირად კონფლიქტის მიზეზი ხდება დამსუფთავებლებსა და „პოპულის“ თანამშრომლებს შორის. ამ პრობლემის მოგვარებას აპირებს უახლოეს მომავალში თქვენი სამსახური?
- რომელი პრობლემის, გენაცვალე?
- რაც ზემოთ აღვნიშნე...
- ჩვენ ქალაქის სამსახურთან გვაქვს ეს პრობლემა მოგვარებული, ამასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი ჯარიმა. ჩვენ რომ ყველა ნორმას არ ვიცავდეთ, ამ დრომდე ძალიან ბევრჯერ ვიქნებოდით დაჯარიმებულები.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფიცი გვწამს, მაგრამ მიქაუტიძე გვაკვირვებს, რადგან მიქაუტაძის კომენტარის პარალელურად, მომხმარებლები გვიყვებიან, რომ მათ „პოპულში“ შეძენილი მაწონისა თუ იოგურტის მიღების შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში სტუმრობაც მოუწიათ. ქართველი მომხმარებელი, ხშირად ბრმად ენდობა პროდუქტს და ვადებს ყურადღებას არ აქცევს. ხშირად, ეს მხოლოდ მაშინ აგონდებათ, როცა სამედიცინო ჩარევა დასჭირდებათ. „პოპულიც“ ნავარდობს ვადაგასული პროდუქციით. პასუხის მომთხოვნი მაინც არავინაა!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100