სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინის პატრიარქი: „რუსეთს სურს, ,,ძმურად“ ჩაგვეხუტოს და გაგვგუდოს...“

კიევისა და სრულიად უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა, უკრაინულ გაზეთ ,,უკრაინსკაია პრავდას“ ინტერვიუ მისცა, სადაც ის რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ,,გაზის ომზე“ საუბრობს. მისი თქმით, რუსეთთან წარმოქმნილ „გაზის კონფლიქტში“ მხარს უჭერს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს.

,,მიმაჩნია, რომ აუცილებელია პირადად ჩემგან და უკრაინის ეკლესიის სახელით, მორალური მხარდაჭერა აღვუთქვა პრეზიდენტ იანუკოვიჩს, რომელის ძალისხმევა მიმართულია უკრაინელი ხალხის ინტერესების დასაცავად და რუსეთთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად, რათა ჩვენ ქვეყნებს შორის არსებობდეს თანასწორობა და ურთიერთპატივისცემა,“– ამბობს პატრიარქი ინტერვიუში.

ფილარეტის აზრით, ,,რუსეთის ხელისუფლებაში უკრაინის მიმართ არ არსებობს თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის განცდა და ისინი უკრაინას უყურებენ, როგორც ,,უმცროს ძმას.“ მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, უკრაინას რეალური დამოუკიდებლობა ჩამოართვას და ისევ მის დაქვემდებარებაში მოაქციოს, ეს კი ორ ქვეყნას შორის მუდმივი დაძაბულობის მიზეზი ხდება.

,,ერთი მხრივ, ,,გაზის საკითხი“ ეკონომიკურ მხარეს განეკუთვნება და ამაში ეკლესია არ უნდა ერეოდეს. თუმცა, მეორე მხრივ, მასში როგორც სარკეში, ისე ირეკლება რუსეთის პოლიტიკური დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს, ყველაფრით დამოკიდებული ვიყოთ მოსკოვზე. რუსეთი გვეუბნება, რომ ჩვენ ,,მეგობრობა,“ ,,ძმობა,“ ,,სტრატეგიული თანამშრომლობა“ და ,,სულიერი ერთობა“ გვაკავშირებს, თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ რუსეთის ხელისუფლება შემდეგი ფორმულით მოქმედებს, ,,თქვენ ჩვენ ყველაფერს გვაძლევთ, ჩვენ კი იმას მოგცემთ, რაც მოგვესურვება.“ განა ეს არის მეგობრობა და ძმობა? განა ასე გამოიხატება ორ ქვეყანას შორის თანასწორობა და პატივისცემა? რუსეთის ხელისუფლების ასეთი ქმედება უსამართლობა, სიცრუე და ამორალურობაა.“– განუცხადა უკრაინის პატრიარქმა გაზეთ ,,უკრაინსკაია პრავდას.“

კიევისა და სრულიად უკრაინის პატრიარქმა იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ ცდილობს კრემლი და რუსეთის საპატრიარქო, კიევის საპატრიარქოს დანგრევა-განადგურებას. მისი თქმით, მოსკოვის საპატრიარქო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იზოლირებაში მოაქციოს უკრაინული ეკლესია, რათა მან ურთიერთობა არ დაამყაროს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან და ის რუსულ ეკლესიას დაუქვემდებაროს. ,,ჩვენ ყოველდღე იმისთვის ვლოცულობთ, რომ ღმერთმა იმის ძალა და გამძლეობა მოგვცეს, უკრაინის ეკლესიის სუვერენიტეტი არ დავკარგოთ. ჩვენს ,,გულმოწყალე მეზობელს“ სურს ,,ძმურად“ ჩაგვეხუტოს და გაგვგუდოს.

მოვუწოდებ სრულიად უკრაინის მოსახლეობას, რომ ერთად დავდგეთ და ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის ვილოცოთ,“-განაცხადა უკრაინულ გაზეთთან ინტერვიუში კიევის პატრიარქმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ,,თაფლობის თვე დასრულდა“ და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ისინი ახლა ,,გაზის ომის“ ზღვარზე იმყოფებიან.

საქმე ეხება 2009 წელს იულია ტიმოშენკოსა და ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინას 1000 კუბურ მეტრზე 450 დოლარის გადახდა დაუწესდა. კიევი ფასის 300 დოლარამდე შემცირებას ითხოვს, თუმცა მოსკოვი უარზეა და მას გაზგამანაწილებლის ,,გაზპრომისთვის“ მიყიდვას სთავაზობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100