სანამ გელოდები, მოდი, შემიყვარე, ნუღარ დაიკარგე წლებში
სანამ გელოდები, მოდი, შემიყვარე,
ნუღარ დაიკარგე წლებში.
ყველა ცისარტყელა რკალად დამაბნიე,
სხივად ჩამიმაგრე თმებში.
მინდვრის ყვავილების ფარჩა დამიფინე,
ისევ წამიყოლე მთებში.
სანამ გელოდები, მოდი, მომეფერე,
კვლავაც მომიქციე პეშვში,
როგორც ანკარა წყალს, ისე დამეწაფე,
გრძნობად ჩავიღვრები შენში.
შენი სიყვარულით ცისქვეშ ვიცხოვრებდი,
თუნდაც გამოფუღრულ ხეში,
არად დაგიდევდი ხალხი რას იტყოდა
გაგეკიდებოდი მზეში...
სანამ სიყვარული ჩემში ისევ ცოცხლობს,
მოდი, შორიდან ნუ მეტრფი.
ცნობისთვის ამ ლექსის ადრესატი ქართველი ლეიბორისტების ლიდერი გახლავთ, ის 26 წლის წინ დაიწერა და მისი ავტორი შალვა ნათელაშვილის მეუღლე, პოეტი ბელა ალანია გახლავთ. "26 წელი გავიდა მას შემდეგ და ახლა ნახა შალვამ ეს ლექსი, ძალიან მოეწონა. აქამდე არ ვაკითხებდი, ჩემთვის მქონდა შენახული" - განაცხადა ქალბატონმა ბელამ დრონისთან საუბრისას.
კომენტარი