სიყვარულისგან გამოწვეული ტკივილით ასე შეშლილი თქვენ ჯერ არავინ გინახავთ...
გული დაიწვა სიყვარულის
სისხლისფერ ცეცხლში,
რადგან როდესაც
ცას ვუმზერდი,
ბევრი იდარდა,
და გულისაგან
დარჩენილი ფერმკრთალი
ფერფლი,
ძვირფასო, შენი
სუნთქვისაგან მიმოიფანტა.
აღარ მახსოვდა, რომ არსებობს ბედნიერება,
ვიყავ სტუმარი, ყოველ ღამით, სევდიან მხარის,
და მე მესმოდა ქვეყნად ყველა ადამიანის,
ამ ცხოვრებაში ტრფობისათვის ვინც იყო მკვდარი...
არის წუთები, როცა სულში ცეცხლის უდაბნოს
ცრემლი სწყურია, უცრემლობის განცდა აწამებს,
გინდა დალეწო ყველაფერი, იტირო მწარედ,
და ცრემლებიც კი ივიწყებენ დატანჯულ თვალებს!
ღმერთო ჩამოდი ამ დაწყევლილ დედამიწაზე!
ღმერთო, გეძახი! (ქარი ლეწავს გიგანტურ ხეებს)
ამდენ დაღუპულს და გათოშილს, ცივ სამარეში,
ნუთუ ციდანაც არ გაუწვდი შენს ძვირფას ხელებს?!
ისევ სიგიჟე, ისევ ქარი და ისევ წვიმა,
სასაფლაოდან
ანათებენ ლურჯი ფერები.
მე ვინც მიყვარდა, სამარიდან ამოვთხრი იმას,
და მის მკვდარ სხეულს შეშლილივით მოვეფერები!
ღამე მოვიდა, და ძველი დრო ბრუნდება თითქოს,
ზეცის ხავერდში მოციმციმე ვარსკვლავსაც ვხედავ...
ჩემი თავისგან ერთ კითხვაზე პასუხს მოვითხოვ:
მე ხომ მკვდარი ვარ, და ცოცხლებში რა მინდა ნეტავ...
კახა ბაციკაძის "ქარიშხლიანი უღელტეხილი"
კომენტარი