რუსთავის #6 საპყრობილეში მოთავსებულმა პატიმრებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს
სახალხო დამცველის ინფორმაციით, 22 სექტემბერს რუსთავის # 6 საპყრობილეში მოთავსებულმა პატიმრებმა: ლაშა კვანტალიანი და ბესიკ იობიძე, პროტესტის ნიშნად, საკერავი ძაფით ზედა კიდურებით ერთმანეთს მიეკერენ, ხოლო დანარჩენმა ოთხმა მსჯავრდებულმა საკერავი ძაფით თავისი ზედა კიდურები საწოლზე მიიკერეს.
გარდა ამისა, ომბუდსმენის აპარატის ცნობით, N6 დაწესებულების N84 საკანში განთავსებული მსჯავრდებულების ლაშა კვანტალიანის, ბესიკ იობიძის, ბექა ესებუას, კახა გაგიშვილის, შალვა ახვლედიანის და ვალოდია გასოიანის განცხადებით, მიმდინარე წლის 23 სექტემბრიდან პროტესტის ნიშნად გამოცხადებული აქვთ შიმშილობა.
მსჯავრდებულები ითხოვენ მათ მიმართ წარსულში მომხდარი ფიზიკური ზეწოლის ფაქტების გამოძიებას, რასაც ადგილი ჰქონდა სხვადასხვა დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის N15 (ყოფილი N7), რუსთავის N16, ქუთაისის N2 და N18 სამკურნალო დაწესებულებებში.
„პროტესტის შიმშილობით გამოხატვის გარდა, ზემოაღნიშნულმა მსჯავრდებულებმა მიმართეს სხვა ფორმასაც. კერძოდ, 2012 წლის 22 სექტემბერს ლაშა კვანტალიანი და ბესიკ იობიძე საკერავი ძაფით ზედა კიდურებით ერთმანეთს მიეკერენ, ხოლო დანარჩენმა ოთხმა მსჯავრდებულმა საკერავი ძაფით მიიკერეს თავისი ზედა კიდურები საწოლზე.
მსჯავრდებულების განცხადებით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს თუ სხვა რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
მსჯავრდებულები ითხოვენ პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრას და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამაშრომლების: დავით ჭაკუას, რობერტ არაქელოვის, ალეკო მუხაძის, გოგა ბუთლიაშვილის, ლევან ლეჟავას, გიორგი კოხრეიძის, ვაჟა ცხვედიანის, დავით მუმლაძის, დათო ნარსიას, რომა რობაქიძის (ტურა), ალადაშვილის, ვინმე ალექსას, ხონსკის და ილოს დასჯას“,- აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარი