ამერიკელი ანთროპოლოგი პიტერ გოლდი ინეგოლელ ქართველებს შეხვდა
„ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“
25 ნოემბერს თურქეთმა პიტერ გოლდის წიგნის „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში“ პრეზენტაციას უმასპინძლა. ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის, ტმკსც-ისა და ფონდ „ქართული გალობის“ ორგანიზებით წიგნის პრეზენტაცია-კონცერტი ინეგოლში გაიმართა, რომელშიც ქედის ანსამბლმა „ელესამ“ (აჭარა) ადგილობრივ მომღერლებსა და მოცეკვავეებთან ერთად 1968 წელს სოფელ ჰაირიეში ჩაწერილი სიმღერები შეასრულა. ღონისძიების პარტნიორი იყო საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.
პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის წარმომადგენლები, ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი და მეცენატი ვანო ჩხარტიშვილი, ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი, ანზორ ერქომაიშვილი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი, გიორგი დონაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, გიორგი ჯანჯღავა, ქ. სტამბულში საქართველოს გენერალური კონსული, ინგა კიკვაძე და თავად ამერიკელი ანთროპოლოგი, პიტერ გოლდი ესწრებოდნენ.
„ახალგაზრდა ქართველ ეთნომუსიკოლოგებს, ამ მოვლენიდან 50 წლის შემდეგ, საშუალება მიეცათ გაევლოთ პიტერ გოლდის ნაკვალევზე, მოეძიებინათ ახალი მასალა და თანდართულ დისკზე წარმოდგენილი ძველი და ახალი ჩანაწერებით ეჩვენებინათ ინეგოლის ქართველების ტრადიციული მუსიკის წარსული და თანამედროვე მუსიკალური ყოფა. პრეზენტაცია-კონცერტმა წარმოუდგენელი შთაბეჭდილება დატოვა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობდნენ წიგნის ავტორს თავად, პიტერ გოლდის. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი იყო ღონისძიების პარტნიორი, რაც ძალიან დიდი პატივია,“ - აღნიშნა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ.
შეგახსენებთ, რომ წელს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერი გამოსცა წიგნი „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ (ქართულ, თურქულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე), რომელიც დაიბეჭდა პოლონური გამომცემლობის, WPN-ის მიერ საგანგებოდ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის.
1968 წელს ამერიკელმა ანთროპოლოგმა პიტერ გოლდმა მე-19 ს.-ში ინეგოლში (თურქეთი) გადასახლებული ქართველებისაგან ჩაიწერა მათი ტრადიციული მუსიკა. მასალის ნაწილი 1972 წელს გამოსცა ამერიკაში, ინდიანას უნივერსიტეტის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქივის სახელით. მან, აგრეთვე, შემოგვინახა თურქეთელი ქართველის, აჰმეთ ოზქან მელაშვილის 1965-66 წლის ჩანაწერები, ვინც ექსპედიციაში მას მეგზურობას უწევდა.
კომენტარი