სად არის „ეზო, ერთად რომ ვიყოთ, და ქუჩა, რომელზეც არავინ კლავს“?!.
მე ჩემნაირებთან ერთად ვიდექი... ვიდექი იქ, სადაც მაწვიმდა და ქარი მიბერავდა: ლურჯი ბრეზენტის ქვეშ შეყუჟვა ვერ მიცავდა და გაწუწულ დათვს ვგავდი – ლეჩხუმში, დედაჩემის სოფელში მინახავს ტყეში და, სარკეში რომ ჩავიხედე, ზუსტად ეგ გამახსენდა... როცა იქ არ ვიდექი, მაშინაც ვიდექი – ჩემი სული იქ იყო, სხეული კი ნაჩქარევად საუზმობდა და ისევ სულთან მირბოდა...
დაუღლელად ვიდექი და ვისმენდი: „აზრზე მოდი, ბიჭო, აზრზე მოდი მალე, თორემ რაც მოგივა, შენს თავს დააბრალე...“ ბევრ რამეს ვისმენდი, თუნდაც იმას, რომ „გვჭირდება სახლი, რომელშიც არავინ ჩაკეტავს კარს. გვჭირდება ეზო, ერთად რომ ვიყოთ, და ქუჩა – რომელზეც არავინ კლავს...“
„შენც წადი“ მესმოდა კიდევ და ვღიღინებდი, როგორ წავიდა მაიკლ ჯორდანი კალათბურთიდან და სიმღერის ადრესატს მამათში წასვლას ღიღინით ვთავაზობდი, არწასვლას კი იქ დგომით ვემუქრებოდი... ახლა იმაში მადანაშაულებენ, რომ არ ვმღერი და არ ვყვირი: „შენც წადი!“
რატომ?
სიმღერა, ლექსი, ფრაზა, რომელსაც ამოთქვამ – გულიდან, უფრო მეტიც – სულის სიღრმიდან უნდა მოდიოდეს. სხვაგვარად სიყალბე გამოდის. სიყალბემ მოიცვა დიდი პოეტის და დიდი გმირის ქუჩები: ყალბი აღშფოთება, ყალბი მუქარა, ყალბი მუშტების მოღერება, ყალბი „მოვდივართ!“, ყალბი „შენც წადი!“, ყალბი „ბელა ჩაო!“
ნებისმიერი იმიტაცია განწირულია. პოლიტიკა სპექტაკლი არ არის, რომ მოქმედება შეაჩერო, ან უკვე განვლილ ეპიზოდს რეჟისორულად მიუბრუნდე და ჩაასწორო – პოლიტიკა მდინარეა, სადაც ორჯერ ვერ შეხვალ...
მე დღეს არ ვამბობ: „შენც წადი!“ და მინიმუმ, შემცდარი მგონია ყველა, ვისაც ჰგონია, რომ მანამდე უნდა უთხრას ვინმეს "წადი!", სანამ წასვლის დრო მოვა. დავდივარ ქალაქში, ვათვალიერებ ადამიანთა სახეებს და ვერ ვხედავ იმ მუხტს, იმ ნაპერწკალს, რომლისგანაც იმ დროს ცეცხლი, სახელად „შენც წადი!“ აინთო... ყველაფერი მოდელირებულია – მრისხანებაც, მუქარაც, ხელკეტების ქნევაც და მხოლოდ მიტინგის დაშლის დროს გატეხილი თავები, დასისხლიანებული ტანსაცმელი და ხელების შეკვრაა რეალური...
მე ვიცი, რასაც აპირებდა მტერი, მე ვიცი, რომ ის მტრის ხატი, რომელიც ბევრს ხელოვნური ჰგონია, ყველგან, ყველა ხეზე, ყველა კედელზე ჰკიდია. მე ვიცი, რომ მტერი ჩასაფრებულია, რომ ის ელოდება, რომ ის ცმუკავს... მე ვიცი, რასაც აპირებდა მტერი... ისიც ვიცი, რატომ არ ფრიალებდა დიდი პოეტის და დიდი გმირის ქუჩებზე მიტინგების დროს ჩემი სახელმწიფოს დროშა, რატომ აღვიძებდნენ დილით ასფალტზე დაძინებულ ხელკეტიანებს ბოძზე ხელკეტების ბრახუნით, მე ვიცი, რატომ სჭირდებოდათ ბენზინით სავსე ბოთლები, რატომ ჰქონდათ სახეზე აფარებული ნიღბები, მე ვიცი, როგორ არიგებდნენ ფულს... აქედან, ამ ცოდნიდან გამომდინარეობს, რომ არ ვამბობ: „შენც წადი!“. არამარტო არ ვამბობ, ვინც ამას არ ამბობს, ავტომატურად, პატრიოტად აღვიქვამ, და ვღიზიანდები მასზე, ვინც ამბობს...
წასვლა ამ შემთხვევაში გამოსავალი არ არის... არც მომიტინგეების ცემაა გამოსავალი. მაინც მგონია, რომ მთავარი იმ მუხტის პოვნაა, რომელიც გვაიძულებდა გვემღერა, რომ „გვინდა ქუჩა, რომელზეც არავინ კლავს...“ – აი, ეს დავაბრუნოთ! ყველამ დავაბრუნოთ და ეს ერთმანეთის დაბრუნებაც იქნება...
კომენტარი