სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფოტორეპორტაჟი მსოფლიოში ყველაზე სახიფათო, „სიკვდილის გზიდან“

თავისთავად ცხადია, საქართველოში არსებული, მაღალ მთებში გაყვანილი და უფსკრულის თავზე დაკიდებული გზების შემხედვარეთ, დიდად არც უნდა გაგვიკვირდეს, როცა ვინმე საშიშ გზებზე დაგვიწყებს საუბარს, მაგრამ მერწმუნეთ, ბოლივიის ერთ ერთ პროვინციაში მდებარე ეს გზა ნამდვილად გამონაკლისია.

North Yungas Road მსოფლიოში ყველაზე სახიფათო საავტომობილო გზადაა მიჩნეული და მას „სიკვდილის გზას“ უწოდებენ.

გზის ამ მონაკვეთზე, რომელიც ერთმანეთთან ლა–პასსა და კოროიკოს აერთებს, დაახლოებით 70 კმ–ის მანძილზე, ყოველწლიურად იმტვრევა 25 მანქანა და იღუპება ასიდან ორასამდე ადამიანი.

ერთ–ერთი წყაროს ცნობით, გზა 1930–იან წლებში პარაგვაელმა პატიმრებმა გაიყვანეს, მეორე ვერსიით კი აქ 70–იან წლებში აშშ–ის კომპანია მუშაობდა.

ბოლო სტატისტიკის მიხედვით, ყოველ ორ კვირაში ერთი ავტომობილი ხევში ვარდება. გზა 3,6 ათასი მეტრიდან ეშვება და ზღვის დონიდან 330 მეტრის სიმაღლეზე ჩამოდის. საფარი საშინლად მოლიპული და ტალახიანია. ზოგჯერ ამ გზაზე ორი მანქანა ერთმანეთს გვერდს ვერ აუვლის: საჭიროა გაჩერება, მეორე მანქანის მძღოლთან მისვლა და მოლაპარაკება, რაც ხშირად სრულდება ჩხუბით, ასე რომ, ღრმა ხევები მხოლოდ მათკენ გადმოფრენილ ავტომანქანებს კი არა, ადამიანებსაც შთანთქავენ ხოლმე. „სიკვდილის გზაზე“ მოძრავი ყველაზე ხშირი ტრანსპორტი ავტობუსი ან სატვირთოა, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს, რადგან ზოგჯერ არათუ ორი, ერთი ავტომობილის გავლაც კი შეუძლებელია ისე, რომ საბურავები თვალუწვდენელი უფსკრულის თავზე არ გადაეკიდონ.

სახელწოდება „სიკვდილის გზა“ ამ მონაკვეთმა „ასაკთან“ შედარებით გვიან, 1999 წელს მიიღო, როცა ავტომანქანა, სადაც რვა ებრაელი ტურისტი იჯდა, უფსკრულში გადაიჩეხა. მაგრამ ეს არ იყო ყველაზე ხმაურიანი ავტოსაგზაო შემთხვევა: 1983 წლის 24 ივლისს ხევში ავტობუსი გადავარდა, სადაც ასზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა და მათგან მხოლოდ ორი გადარჩა – დღეისთვის ეს ავტოსაგზაო შემთხვევა ყველაზე ტრაგიკულია მას შემდეგ, რაც ბოლივიაში ავტოსაგზაო შემთხვევებს აღრიცხავენ.

ადგილობრივი მცხოვრებლები, სანამ „სიკვდილის გზას“ დაადგებიან, ლოცულობენ. საინტერესო ის არის, რომ უახლოეს ჰოსპიტლამე მოსახვედრად მათ რამდენიმე საათი სწორედ ამ გზაზე უნდა იარონ.

ასეთი ტრაგიკულობის მიუხედავად, North Yungas Road ერთ–ერთია იმ მცირერიცხოვან გზებს შორის, რომელიც ჩრდილოეთ ბოლივიას დედაქალაქთან აერთებს, ამიტომაც, მისი ექსპლოატაცია არ წყდება. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, გზა ექსტრიმის მოყვარულ უამრავ ტურისტს იზიდავს – მათ შეუძლიათ ამ გზაზე სამთო ველოსიპედებით დაეშვან და ზოგ ადგილებში 80 კმ/სთ სიჩქარეც განავითარონ. მართალია, ყველა ვერ ბრუნდება, მაგრამ მაინც...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100