კატალონიელები ხარების საყასბოს - კორიდას დაემშვიდობებიან
ბარსელონის ”მონუმენტალი” - კატალონიის დედაქალაქში ხარებთან ბრძოლის მთავარი არენა, ამ კვირას მაყურებლებისთვის კარს დახურავს. სეზონი ყოველთვის ამ დროს სრულდებოდა ხოლმე და ”მონუმენტალის” დახურვაში უჩვეულო არც არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი: კორიდის არენა სამუდამოდ იხურება, რადგან 2012 წლის პირველივე კვირას ძალაში შედის კანონი, რომელიც კრძალავს კორიდას სრულიად კატალონიაში.
ამის შესახებ მოთხოვნას, საერთო ჯამში, 180 ათასმა კატალონიელმა მოაწერა ხელი და რეგიონულ პარლამენტში გაგზავნა. 2010 წლის ივნისში ჩატარებული კენჭისყრა, რომელმაც ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა, მთელი ესპანეთის მასშტაბით პრეცენდენტული მაინც არ იყო: კანარის კუნძულებზე აკრძალვა 1991 წლიდან მოქმედებს.
ცხოველთა დაცვის ასოციაციის, ”ლიბერას” ხელმძღვანელობა ამ მიღწევით კმაყოფილია. კარლოს ლოპეს პერესი, ამ ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს: ” მე მგონი, ამ კამპანიას მალე გალისიაშიც შეუერთდებიან, სადაც ხარებთან ბრძოლის ძველი ტრადიცია არ არსებობს, ისევე როგორც დანარჩენ, ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ნაწილში. მადრიდსა და ანდალუსიაში, ჯერჯერობით, ეს არ მოხერხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე იქაც მოხდება”.
სხვათა შორის, კორიდის კატალონიელი მომხრეები ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებენ და კორიდის დასაცავად სრულ მობილიზაციასაც აცხადებენ, მაგრამ საკუთარი უმწეობა აცოფებთ: მათ სათანადო სახსრები არა აქვთ.
ხარების ბრძოლის მოყვარული, ჟოზეფ ნავარო ამბობს: ”ეს, რაღაც, დიქტატურის მაგვარია: არავისთვის არაფერი დაგვიშავებია და, ამ დროს, სამასწლიანი ტრადიციის მქონე შეჯიბრების ყურებას გვიკრძალავენ. და ისიც სად? ბარსელონაში, სადაც კორიდის მოყვარულები სამ არენას ავსებენ”.
მაგრამ ეს ადრე იყო. ახლა ხარებთან ბრძოლა უკვე აღარ იზიდავს იმდენ მაყურებელს, რამდენსაც წლების წინ იზიდავდა. ბარსელონის ”მონუმენტალი”, ლამისაა, საყასბო ცენტრად იქცა.
აქ ბოლოს დაღუპული ტორეროს ქვრივისთვის ყოველი ღრიანცელი, რომელიც არენიდან ესმის, კოშმარული მოგონებების აღმძვრელია: მისი ქმარი სწორედ ”მონუმენტალზე” დაიღუპა, 1974 წელს. მართალია, მას შემდეგ არავინ დაღუპულა, მაგრამ ბევრი ტორერო დასახიჩრდა.
როზა ჟილი, დაღუპული ტორეროს ქვრივი, ამბობს: ”ძველი ტრადიციები, მეგობრებო, კვდება. როგორც უნდა სცადო მისი აღდგენა, არაფერი გამოვა.”
ან პარადოქსია, ან ნოსტალგია: ბარსელონელები ბოლო კორიდის აფიშას ხევენ, და მის ნაცვლად აწერენ: ”არენაზე ხარი მეფობს”. და ხელმოწერა: მიქელ ბარსელო.
მომზადებულია „ევრონიუსის“ სიუჟეტის მიხედვით
კომენტარი