სუს-ი ივანიშვილის სავარაუდო ლიკვიდაციის საქმეს იძიებს
ვინ და საერთოდ გეგმავდა თუ არა ვინმე ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია? - ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარისა და "ოცნების" ლიდერების შესაძლო ლიკვიდაციას იძიებს.
ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე, გამოკითხვაზე მისულ პირებს სწორედ მსგავს კითხვებს უსვამენ. უწყება ავითარებს ვერსიას, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილს ჩასაფრებას უწყობდნენ და შემდეგ მის აფეთქებას გეგმავდნენ.
კითხვები "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის შესაძლო განეიტრალებაზე ცოტა ხნის წინ გელა კახაბრიშვილსაც დაუსვეს, ვეტერანს, რომელმაც ჩვენება სუს-ის გამომძიებლებს სასამართლოს წინაშე მისცა.
კახაბრიშვილი საქართველოში ორი თვის წინ დაბრუნდა. მან უკრაინაში მძიმე დაზიანებები მიიღო და ახლა სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. უკრაინამდე ის აფხაზეთს ომის ვეტერანი იყო და მონაწილეობას აგვისტოს ომშიც იღებდა.
ომის ვეტერანი პირდაპირ ამბობს, რომ საქმე, რომლის ფარგლებშიც გამოკითხვაზე დაიბარეს, აბსურდულია.
ეგ ყველაფერი აბსურდია. ჩამოთვალეს რამდენიმე, მაგრამ ერთზე უფრო არის, ბიძინა ივანიშვილზე. რა აფეთქება, როდის იყო, რომ მებრძოლი კაცი რამეს აკეთებდა. ეს არის დაშინება აბ ბიჭების ან რაღაცა. რატომ მოვიდნენ ჩემთან, როცა სახლში ვიჯექი და არაფერს ვაკეთებდი? რატომ მაშინ არ ვიყავი საშიში აფხაზეთში, აგვისტოს ომში რომ ვიყავი? - ამბობს კახაბრიშვილი.
კახაბრიშვილის ადვოკატი ფიქრობს, რომ აღნიშნულ საქმეს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ პოლიტიკური შეზღუდვებისთვის იყენებს.
როდესაც არის საუბარი, რომ ეს ტერორისტული აქტი გარკვეული მაღალი თანამდებობის, პოლიტიკური პირების ლიკვიდაციის წინააღმდეგ არის მიმართული, ამ განცხადების საფუძველზე უნდა იყოს გამოძიება ძალიან ობიექტურად, მაგრამ ეს არ უნდა იყოს წინასაარჩევნოდ გამოყენებული გარკვეული პოლიტიკური შეზღუდვებისთვის, განსხვავებული აზრის და სიტყვის თქმის გამო, იმიტომ, რომ ასე შეიძლება ვიღაცამ გადაწყვიტოს, რომ რადგან მე განსხვავებული აზრი გამაჩნია, მოვიდეს და მითხრას, რომ ჩვენ გვაქვს ვარაუდი, რომ შენ ხარ გლობალური ომის პარტიის თანათავმჯდომარე ან თავმჯდომარე. ეს მიუღებელია, - ამბობს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე, სუს-მა უკვე გამოკითხა ან გამოკითხვაზე დაიბარა უკრაინაში მებრძოლი ქართველები: ნადიმ ხმალაძე, ვაჟა ცაცაძე, ლაშა ჭიღლაძე, ბესო ბენდელიანი და კონსტანტინე ჯღამაია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საქმეზე დამატებითი განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
კომენტარი