Lensa, აპლიკაცია, რომელიც მსოფლიოს ვირუსულად მოედო, რუსმა დეველოპერებმა შექმნეს - რა საფრთხეები დგას მომხიბვლელი ფოტოების მიღმა
ნოემბრის ბოლოს, ფოტო პროგრამა Lensa ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული აპლიკაცია გახდა რუსეთში, კერძოდ, iOS-ს სისტემაში. მისი პოპულარობა, App Store-ის ჩარტების მიხედვით, სწრაფად იზრდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გამონაკლისი არც საქართველოა. აპლიკაცია წლებია არსებობს, მაგრამ ვირუსულად ახლა გავრცელდა, მიზეზი კი ისაა, რომ Magic Avatars-ის ფუნქცია ახლახან დაემატა. პროგრამა საშუალებას გაძლევთ შექმნათ დიდი რაოდენობით მომხიბლავი პორტრეტები, რომლებსაც აპლიკაცია თქვენი სურათების საფუძველზე ქმნის. რამდენად უსაფრთხოა პროგრამა, რომლის ავტორებიც რუსი დეველოპერები არიან? - მოდით, განვიხილოთ, გაქვთ თუ არა შიშის საფუძველი იმ მომხმარებლებს, რომლებმაც მისი გამოყენებისთვის 14 ლარი უკვე გადაიხადეთ. საიდან გაჩნდა Lensa? Lensa-ს აპლიკაცია iOS-ზე 2018 წლის დეკემბერში გამოჩნდა, ანდროიდზე - 2019 წლის იანვარში. ნეირონულ ქსელებზე დაფუძნებული ფოტო რედაქტორი გლობალურ IT ბაზარზე გამოჩნდა როგორც "Photoshop-ი ერთი დაწკაპუნებით". მისი საშუალებით შეგიძლიათ ფოტოს რეტუშირება, ფერის კორექტირება და სხვა მანიპულაციების ძალიან სწრაფად და მარტივად შესრულება. Lensa-ს აპლიკაციამ ძალიან გაზარდა მისი დამფუძნებლების, რუსი დეველოპერების Prisma Labs-ის რეპუტაცია. ახალი აპლიკაციის გაშვების დროისთვის მათ უკვე ჰქონდათ პორტფოლიოში ცნობილი Prisma, რომლის პოპულარობის პიკიც 2016 წელს იყო, მაშინ სმარტფონის მომმხმარებლები ყოველდღიურად ქმნიდნენ მილიონობით სურათს. Apple-მა და Google-მა ფოტო რედაქტორი წლის ერთ-ერთ საუკეთესო აპლიკაციად დაასახელა; ამერიკულმა Forbes-მა თანადამფუძნებელი ალექსეი მოისენკოვი 30 წლამდე ასაკის, ყველაზე ნათელი მომავლის მეწარმეთა სიაშიც კი შეიყვანა. 2018 წელს, მოისენკოვმა დატოვა კომპანია და Prisma Labs-ის აღმასრულებელი დირექტორი ანდრეი უსოლცევი გახდა. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთიდან IT სპეციალისტების მასიური გადინების ფონზე, კომპანიამ თანამშრომლების კვიპროსზე გადაყვანა დაიწყო. Prisma Labs შედგება ორი კომპანიისგან - Prisma და Lensa. 2022 წლის ნოემბრის ბოლოდან Lensa არის ლიდერი App Store-ში (არა Google Play-ზე გაურკვეველი მიზეზით) და სპონტანურად ვრცელდება სოციალურ ქსელებში იმ მომხმარებლების წყალობით, რომლებიც დიდი სიამოვნებით აზიარებენ გენერირებულ პორტრეტებს. თავად ანდრეი უსოლცევი აცხადებს, რომ Lensa ახლა "ყველაზე მეტჯერ ჩამოტვირთული" აპლიკაციაა App Store-ზე 11 ქვეყანაში, "აშშ-სა და ბრაზილიის ჩათვლით". მისი თქმით, ფოტორედაქტორი ახლოსაა კიდევ 22 ქვეყნის ჩარტების ტოპ 10-თან. რა არის უნიკალური Lensa-ს ახალ ფუნქციაში და რატომ აკრიტიკებენ მას? Magic Avatars ფუნქცია ქმნის პორტრეტებს, რომლებიც წარმოდგენილია სხვადასხვა სტილში - სუპერგმირები, მისტიკური პერსონაჟები და სამეცნიერო ფანტასტიკის გმირები. აპლიკაცია მომხმარებელს კიბორგად, კოსმოსურ ადამიანად, ანიმეს პერსონაჟად, ან როკ ვარსკვლავად აქცევს. Lensa რამდენიმე დაწკაპუნებით საშუალებას გაძლევთ შექმნათ უნიკალური სურათები, რომლებსაც ადამიანები მასიურად აყენებენ თავიანთ ავატარებზე Twitter-ში, Instagram-ზე, Facebook-სა და Telegram-ზე. ყოველ ჯერზე, პროგრამა ქმნის უნიკალურ სურათს, რომლის მიღებაც შესაძლებელია აპლიკაციაში "შეტანილი" სხვადასხვა სურათების სანაცვლოდ. ტელეფონის გალერეიდან "ჯადოსნობისთვის“ აპლიკაციაში უნდა ატვირთოთ 10-დან 20-მდე პორტრეტი, კადრი, ან სელფი. გამოსახულების შექმნას ჩვეულებრივ 15-30 წუთი სჭირდება. Lensa-ს შემქმნელები აღიარებენ, რომ ნეირონული ქსელი ჯერ კიდევ არ მუშაობს იდეალურად, ამიტომ გთხოვენ დაიცვათ რეკომენდაციები: ატვირთეთ ფოტოები, რომლებზეც ჩანს ერთი და იგივე ადამიანი, სასურველია სურათზე მხოლოდ თქვენ იყოთ. გამოიყენეთ მხოლოდ პორტრეტული კადრები; თუ შესაძლებელია, ატვირთეთ ფოტოები სახეზე სხვადასხვა ემოციებით - და ისე, რომ პროფილი ორივე მხრიდან ჩანდეს; არ გამოიყენოთ ბავშვების ფოტოები. Lensa კრძალავს შიშველი ფოტოების ატვირთვას. ამავდროულად, ქალთა უფლებადამცველი დარია სერენკო წერს, რომ აპლიკაციის შემქმნელები პროპაგანდას უწევენ ქალების სექსუალიზაციას. ის ამბობს, რომ სხვა გენერირებულ სურათებთან ერთად, მიიღო შიშველი ფოტოებიც, თუმცა მან მხოლოდ ისეთი ფოტოები ატვირთა, სადაც სრულად შემოსილი იყო. "მომხმარებლები ასევე ჩივიან, რომ ამ პროგრამამ მკერდი უჩვეულოდ გაუდიდა“, - ამბობს სერენკო, რომელიც Lensa-ს შემქმნელებს სექსიზმში ადანაშაულებს. უსოლცევმა აღიარა, რომ ხელოვნური ინტელექტი ზოგ შემთხვევაში ქმნის სექსუალურ სურათებს - დააკონკრეტა, რომ ეს ეხება არა მხოლოდ ქალებს, არამედ მამაკაცებსაც. ფოტოების ატვირთვა რუსების მიერ შექმნილ აპლიკაციაში... არის თუ არა ეს უსაფრთხო? უსაფრთხოების თემაზე შეშფოთების კიდევ ერთი მიზეზი Lensa-ს რუსული ფესვებია. აპლიკაცია უკრაინაშიც პოპულარული გახდა. ადგილობრივი ჟურნალისტები პირდაპირ მოუწოდებენ ხალხს, რომ არ გამოიყენონ ფოტო რედაქტორი. "რუსული სპეცსამსახურების მუშაობის გათვალისწინებით, ვერავინ მოგცემთ გარანტიას მტრის მიერ დაწერილი პროგრამების გამოყენებისას უსაფრთხოების ადეკვატურ დონეზე”, - აღნიშნავს Ain.ua. უკრაინული მედია იხსენებს, რომ Prisma Lab-ის წილს ფლობდა Mail.ru Group (ამჟამად VK), უკრაინაში დაბლოკილი რუსული სოციალური ქსელების VKontakte და Odnoklassniki-ის მფლობელი. კომპანიამ სტარტაპის აქციონერები 2019 წელს დატოვა. Prisma Lab-ის ამჟამინდელი მფლობელი, Haxus საწარმო შექმნა მეწარმე იური გურსკიმ, Mail.ru Group-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა. უკრაინელი ჟურნალისტები ასევე ითხოვენ, არ გამოიყენონ Lensa-ს ფასიანი სერვისები (ანუ ავატარების შექმნის ფუნქცია), რათა არ უზრუნველყონ რუსეთის "სრულმასშტაბიანი აგრესიის პირდაპირი მხარდაჭერა“. აღსანიშნავია, რომ Prisma Lab არ იხდის გადასახადებს რუსეთში. ის თავდაპირველად მდებარეობდა მოსკოვში, მაგრამ ახლა რეგისტრირებულია კვიპროსსა და სან ფრანცისკოში. "აქ [რუსეთში] ჩვენ არ გვაქვს ოფისი, არც თანამშრომლები გვყავს“, - აცხადებს Prisma Labs-ის აღმასრულებელი დირექტორი ანდრეი უსოლცევი. - "ჩვენ შევკრიბეთ საერთაშორისო გუნდი, რომელშიც შედის რუსეთის რამდენიმე მოქალაქე და ჩვენთან მუშაობენ კვიპროსიდან, ან დისტანციურად...” გარდა მომხმარებლის ფოტოებისა, Lensa-ს აქვს წვდომა და შეუძლია ავტომატურად შეაგროვოს ისეთი მონაცემები, როგორებიცაა IP მისამართები და ტელეფონში არსებული სხვადასხვა ფაილები, თუმცა ეს ყველაფერი მრავალ სხვა აპლიკაციასაც ახასიათებს. რამდენს იხდის ხალხი პროგრამაში? ჩამოტვირთვა App Store-დან ან Google Play-დან უფასოა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ პორტრეტების გენერირება და თანხის გადახდის შემთხვევაში Magic Avatars ფუნქციასაც ჩართავთ. ღირებულება ასეთია: 50 პორტრეტი - 2,49 ევრო 100 პორტრეტი - 3,49 ევრო; 200 პორტრეტი - 4,99 ევრო. თუ დროულად არ გააუქმებთ საცდელი პერიოდის გამოწერას, მისი დასრულების შემდეგ, Lensa ბარათიდან ჩამოგაჭრით 29,99 ევროს - ერთი წლის ღირებულებას. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა შემოსავალი მიიღო კომპანია Magic Avatars-ის ფუნქციის დამატებით.
კომენტარი