სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ გააგდეს ბიძინა ივანიშვილი სვანებმა ბეჩოს სკოლის ეზოდან (ვიდეო)

„ქართული ოცნების“ ლიდერმა კუბდარის გასინჯვა, სვანური ქუდის მორგება და სვანების გულის მოგება ერთდროულად გადაწყვიტა, სოზარ სუბარი წაიმძღვარა და სვანეთში ავიდა. ოლიგარქს პირველი და მეორე გამოუვიდა, მესამე კი ვერა - სვანების გულის მოგება ვერ შეძლო, თუ არ ჩავთვლით სულ თითზე ჩამოსათვლელ ადამიანს, რომლებმაც ივანიშვილს პატივი სცეს, როგორც სტუმარს, თუმცა, ბევრი მწარე სიტყვა მაინც უთხრეს.

„მარე“ თუ სვანურად კაცს ნიშნავს და იმ დღეს სვანეთში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ვითომ მარეები მარიაჟობდნენ, „მარებელი“ მეგრულად რასაც ნიშნავს, ყველამ ვიცით და, სოზარ სუბარის მარებელობა სვანეთში ივანიშვილისთვის წარმატებული ვერ გამოდგა. აღსანიშნავია, რომ ივანიშვილს თან არ ახლდა მისი გარემოცვის კიდევ ერთი ცნობილი სვანი - სოსო ჯაჭვლიანი. მიზეზი გასაგებია - სვანები კარგა ხანია, ვნატრობთ, რომ ის სვანეთში ვნახოთ, ცოტა რაღაც სალაპარაკონ გვაქვს მოფარებულადო, - გვეუბნებიან მთის შვილები.

სვანეთში, არც მეტი, არც ნაკლები, 27 მანქანით ასულმა ოლიგარქულმა დელეგაციამ (ზუგდიდიდან სვანეთისკენ რომ ისეთი გზა არ იყოს დაგებული, როგორიც ახლაა, მაშინ გენახათ მათი „ბედაურების“ შავი დღე) და მისმა მეთაურმა თავდაპირველად სოფელ ბეჩოში მოისურვეს ადგილობრივებთან შეხვედრა. ეს ის სოფელია, საიდანაც ხელის გაწვდენაზეა ეცერი - სოფელი, სადაც ევგენი აფრასიძე და მისი შვილები ცხოვრობდნენ.

ივანიშვილის პირველი „სვანური“ უსიამოვნებაც სწორედ ამ სოფლიდან დაიწყო: ჯერ იყო და, სკოლის ეზოსთან მისულებს ეზოში ხალხი არ დახვდათ. ზომები სასწარფოდ იყო მისაღები და დაბღვერილი ივანიშვილის ფონზე მისი გარემოცვის რამდენიმე წევრმა მობილური მოიმარჯვა. „სამეგრელოს მედიაორგანიზაციის“ მიერ გადაღებულ ვიდეოში 0:37 ქრონომეტრაჟიდან კადრში ჩანს პირი, რომელიც მობილურს იღებს და რეკავს, მოგვიანებით კი მისი ხმაც ისმის:

"ჩვენ მოსულები ვართ, გოჩა, და ხალხი აქ არ დაგვხვდა, სკოლასთან ვართ. ის ხალხი სად არის, აქ არავინ არ არის და..."

ამის შემდეგ ივანიშვილს უხსნიან, რომ ადრე მოვიდნენ და ისიც თავს იმშვიდებს: „აჰა, ადრე მოვედით!..“ - ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ოლიგარქს მკერდთან მიბნეული აქვს ე.წ. „პეტლიჩკა“ - მიკროფონი, რომელიც დისტანციურად იწერს ხმას ვიდეოკამერაში. უკვე სასაცილოა თეთრ პერანგში გამოწყობილი ივანიშვილი შავი მიკროფონით, მაგრამ უფრო სასაცილო ისაა, რომ თუ მაინცდამაინც ასე ჩაწერა უნდათ, ოლიგარქი საკუთარმა პრესსამსახურმა უნდა ჩაწეროს, თუმცა, თუ „მეცხრე არხის“ სიუჟეტებს ნახავთ სვანეთზე, ცხადი ხდება, რომ ისინი სწორედ ამ „პეტლიჩკით“ ჩაწერილ ხმას იყენებენ - არა ინტერვიუს, არამედ მოსახლეობასთან შეხვედრისას. იმდენად ტანდემში მუშაობენ და იმდენად არ მალავენ ამას, რომ „მეცხრე არხი“ საჭიროდაც კი არ თვლის, ასეთ კადრებს დაურთოს ტიტრი: „კოალიცია „ქაღთული ოცნების“ პრესსამსახურის ვიდეომასალა“ - რა საჭიროა შენიღბვა, „ერთ სისხლ და ერთ ხორც“ არიან ისედაც...

სანამ ივანიშვილი საკუთარი გარემოცვიდან ერთ მეოცნებეს ესაუბრება, ივანიშვილის ირგვლივ ყველაფერი ძველი სცენარით მიდის: დაცვა აგრესიას ავლენს ჟურნალისტების (ოღონდ „ინფო9“ მიმართ არა) მისამართით, სხვა მანქანებიდან გადმოსული მეოცნებე ახალგაზრდები სასწრაფოდ შედიან სკოლის ეზოში, რათა ცარიელი ადგილი შეავსონ, მერე რამდენიმე ადამიანი კიდევ ემატებათ და ბიძინაც გადაწყვეტს, მათ პატივის დასდოს...

გზადაგზა ერთი-ორი, ბიძინასთვის უკვე ტრადიციად ქცეული კურიოზი მაინც ხდება, რომელსაც ვიდეოში თავადაც შეგიძლიათ, თვალი მიადევნოთ: სკოლის ეზოსკენ დაძრულ ივანიშვილს ადგილობრივი ქალი აედევნება და რჩევებს აძლევს: „არ გინდათ! ისე არ ქნათ, ხალხი ერთმანეთს გადაჰკიდოთ თორე ყველა არჩევნებზე ისე ხდება, მეორე არჩევნებამდე ოჯახები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან", რასაც ყურადღებადაფანტული ივანიშვილის აკვიატებული ფრაზა მოსდევს: „კარგია, კარგია!..“ მერე კი ოლიგარქი, იმის იმედად, რომ პასუხად უარს მიიღებს და ხელისუფლებას მოუგებს ნიშნს, ქალს ეკითხება: „სკოლა გაქვთ?“. „გვაქვს!“-პასუხობს ქალი. „ბაღი?“ - აგრძელებს ივანიშვილი. „კი, ბაღიც გვაქვს!“. „აჰა, გაქვთ... კარგია, კარგი!“, - ცოტა არ იყოს, უხალისოდ პასუხობს ბიძინა ივანიშვილი და უცებ: „სამაგიეროდ, საავადმყოფო ხომ არ გაქვთ?“ - როგორც იტყვიან, კომენტარი მართლაც ზედმეტია, ეს ყველაფერი სერიოზულ ფსიქოანალიზს ექვემდებარება.

ამის შემდეგ ივანიშვილი, ფაქტობრივად, ისევ თავის თანამოაზრეებს ესაუბრება: კადრებში კარგად ჩანს, რომ ეზოში, ძირითადად, მისივე მაყრიონის წევრები და თითოოროლა ბეჩოელი დგანან. დაცვისა და პრესსამსახურის წარმომადგენლები უხეშობენ, ბიძინა ისევ უხსნის შეკრებილებს, როგორ დაიწყო ომი მიხეილ სააკაშვილმა...

და „შეხვედრის“ კულმინაცია: ეზოში სვანი ქალი ჩნდება, რომელიც კატეგორიულად მოითხოვს ივანიშვილისა და მისი მომხრეების მიერ სკოლის ეზოს დატოვებას: „გთხოვთ, ნუ მაიძულებთ, უხეში ვიყო, დატოვეთ სკოლა, რადგან სკოლა არაა პოლიტიკაში ჩაბმული. თქვენზე მეტად მიყვარს საქართველო, თქვენზე მეტად მტკივა, მაგრამ სკოლა პოლიტიკა არაა და აქ ყოფნის უფლება არ გაქვთ“, - მიმართავს ის პირისპირ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პასუხობს: „გვაქვს, ქალბატონო, ეს სკოლა საჯაროა“. რასაც მისი მომხრეების ერთობლივი ყაყანი მოსდევს: „საჯაროა, საჯარო!“

რასაკვირველია, იმის მტკიცებას არ შევუდგებით, რას ნიშნავს ტერმინი „საჯარო სკოლა“. არც იმის გაშიფვრას შევუდგებით, რომ რახან სკოლა საჯაროა, იქ ჯარი უნდა იდგეს თუ არა... უბრალოდ, შევახსენებთ ივანიშვილსა და მის გარემოცვას, რომ საქართველოს კანონით ზოგადი განათლების შესახებ, არ შეიძლება სასწავლო დაწესებულება პოლიტიზებული იყოს და იქ იკრძალება ყოველგვარი წინასაარჩევნო აგიტაცია...

შეხვედრა ბეჩოში ზუსტად 15 წუთს გრძელდებოდა. დათვლა ტქვენთვის მოგვინდვია, ამ 15 წუთის განმავლობაში რა სიბრძნეები ამოაფრქვია ივანიშვილმა და კიდევ რამდენი სიბრძნე დარჩა ამოსახაპი „მენცარებისგან“ გამდიდრებული მისი მარაგიდან...

ბოლოს კი ერთს დავამატებთ და დავასრულოთ: „ინფო9“-ის ჟურნალისტი ეკატერინე დუგლაძე, რომელმაც სახელი გაითქვა ფრაზით: „მომზადილი“, თვითლუსტრაციასაც არ ერიდება, მიკროფონით მისდევს ქალს, რომელმაც სკოლის ეზოდან ივანიშვილი გააგდო და ეკითხება: „უკაცრავად, რატომ გვაგდებთ?..“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100