სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საბანკო ეთიკის ნორმები პირველი ივნისიდან ამოქმედდება

საბანკო სექტორისთვის ეთიკის ახალი ნორმები ოფიციალურად 1–ლი ივნისიდან შევა ძალაში. ბანკ „რესპუბლიკას“ კომერციული დირექტორი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ახალი წესებით ბანკებს დაევალებათ ყველა საპროცენტო განაკვეთი თუ საკომისიო ცხადად გაწერონ ხელშეკრულებაში და ფარული გადასახადები აღარ არსებობდეს. ირაკლი ასლანიშვილის თქმით, იგივე გავრცელდება სარეკლამო კამპანიაზეც. მისი განმარტებით, ქართულ საბანკო სექტორში არასრული ინფორმაციის მიწოდება გავრცელებული პრაქტიკაა და ეს პრობლემა რეალურად იდგა. თუმცა ასლანიშვილის თქმით, მათთვის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, „რესპუბლიკა“ ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც სარეკლამო კამპანიის მეშვეობით ზუსტი განაკვეთების გამოცხადება დაიწყო და ინფორმაციას მომხმარებელს სრულად აწვდის.

ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი აღიარებს, რომ იყო ისეთი რეკლამები, როგორიცაა მაგალითად, „სესხი 0%–დან. “რა თქმა უნდა ამაში სიმართლეც იყო, მაგრამ ნახევარი სიმართლე ხშირად ტყუილზე უარესია. ახალი კანონი დაარეგულირებს, რომ მომხმარებელი უნებლიედ შეცდომაში არ იყოს შეყვანილი. მან უნდა იცოდეს სწორი ინფორმაცია,”–აცხადებს ზურაბ გვასალია. ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის“ ექსპერტის დავით ნარმანიას განმარტებით კი სარეკლამო რგოლებით მომხმარებელს არასრულ ინფორმაციას ძირითადად საბანკო ბაზრის მსხვილი მოთამაშეები აწვდიდნენ. თუმცა, მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით კონტროლს გაამკაცრებს, ბანკებს მოუწევთ დაემორჩილონ თამაშის ახალ წესებს. ექსპერტის შეფასებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები ბანკების პოლიტიკაში მოსალოდნელი არ არის. თუმცა, კლიენტების გადაჯგუფებები და საბანკო პროდუქტების პირობების გადახედვა მაინც მოხდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100