რუსეთის საგარეო უწყება: თუ სერგი კაპანაძემ კითხვა არ იცის, ქართველი მოსწავლე დაიხმაროს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ მხარეს რუსეთსა და საქართველოს შორის რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ შეთანხმების გამოქვეყნებას ურჩევს. ლავროვის უწყება მოუწოდებს ქართულ მხარეს გამოაქვეყნოს ეს შეთანხმება და საქართველოს მოსახლეობას თავისი თვალით აჩვენოს, რომ მასში მოყვანილი ტერმინები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკების სტატუსს ასახავს ისე, როგორც დამოუკიდებელი საბაჟო ტერიტორიებისა. შესაბამისი ოფიციალური განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
"ოფიციალური თბილისის მცდელობებმა დაამახინჯოს რუსეთ-საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საბაჟო ადმინისტრიტებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ ბოლო დროს უკვე ძალიან ექსტრავაგანტული ხასიათი მიიღო.
შეთანხმების ერთ ერთმა უშუალო შემდგენელმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ამ დოკუმენტის ტექსტში ვერ ხედავს ტერმინებს "საბაჟო ტერმინალი" და "საბაჟო დეკლარაცია", რომელთა შესახებაც ბოლოს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრე ლუკაშევიჩი საუბრობდა", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ვინაიდან ქართულ მხარეს კითხვასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, ყველა კითხვას პასუხი მას შემდეგ გაეცემოდა თუ ქართული მხარე ამ დოკუმენტს საჯაროს გახდიდა.
"ქართულ მხარეს უცბად გაჩენილი კითხვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გვინდა ვურჩიოთ მათ გამოაქვეყნონ 2011 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი ეს შეთანხმება. მაშინ ნებისმიერი ქართველი მოსწავლე დაეხმარება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ტექსტში ნახოს ზემოთნახსენები ეს ტერმინები, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების სტატუსს ასახავს ისე, როგორც დამოუკიდებელი საბაჟო ტერიტორიებისა და ასევე ასახავს საქართველოს საზღვრის სტატუსს მათთან, როგორც საბაჟო საზღვრისა", - ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარი