სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტუვალუს ტურისტული სლოგანი: „ეწვიეთ ტუვალუს დღეს! ხვალ, შეიძლება გვიან იყოს!“

„პრავდა. რუ“ ტუვალუსა და მის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების სესახებ ვრცელ სტატიას („ტუვალუ: სატელეფონო სექსიდან აღიარებამდე“) აქვეყნებს. სტატიის ავტორი, სერგეი ბალმასოვი ტუვალუში არსებულ სიტუაციას აღწერს და იმის გაანალიზებასაც ცდილობს, რატომ და რის ფასად დგამენ ოკეანეთის ქვეყნები მსგავს ნაბიჯებს. „დრონი.ჯი“ ამ სტატიას უმნიშვნელო შემოკლებით გთავაზობთ:

რატომ შეავსო მაინცდამაინც ტუვალუმ „ამღიარებელთა“ აშკარად არც ისე ვრცელი სია? უფრო ადრე მსგავსი განცხადებები გააკეთეს ოკეანეთის სხვა ქვეყნებმა - ვანუატუმ და ნაურუმ. სხვათა შორის, პირველთან მიმართებაში ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, რადგან ერთმა პრემიერმა გამოაცხადა აღიარების შესახებ, მაგრამ ცოტა ხანში მისმა შემცვლელმა მაშინვე უკან გაიწვია ეს აღიარება.

შეგახსენებთ, რომ ექსპერტთა მონაცემების მიხედვით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება ნაურუს მხრიდან დაახლოებით 50 მილიონი დოლარი დაჯდა. რა დაჯდა აღიარება ვანუატუსა და ტუვალუს მხრიდან, ჯერ ცნობილი არ არის.

ერთი რამ კი ცნობილია: მატერიალური დაინტერესების გარეშე ეს საქმე ვერ გაიჩარხებოდა. აკი თავად ოკეანეთის ქვეყნები აღიარებენ, რომ ვაჭრობენ თავიანთი ხმებით, როგორც გაეროს წევრები, როცა საქმე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების აღიარებას ეხება, მაგალითად, ისეთების, როგორიცაა კოსოვო და სხვები.

საქმე ის გახლავთ, რომ თვითონ სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდნენ, ამ ახალგაზრდა სახელმწიფოებს სხვა არჩევანს არ უტოვებს. 30-40 წლის წინ მიღებული დამოუკიდებლობისა და კოლონიალისტებისგან გათავისუფლების შემდეგ ისინი შეეჯახნენ პრობლემებს და მათგან ერთ-ერთი მთავარი სწორედ ესაა: სად იშოვონ ფული. ამისთვის მათ მეტად მცირე შესაძლებლობები აქვთ. ბუნებრივი რესურსებისა და ინფრასტრუქტურის სიმწირე და დაშორება „ცივილიზაციის ცენტრებიდან“ ამ ქვეყნების ხელისუფალთ სხვადასხვა მეთოდების ძებნას აიძულებს.

ყველაზე მძაფრად ეს საკითხი ტუვალუსთვის დგას, რომელიც სამყაროს განვითარებული ქვეყნებიდან შედარებით შორს მდებარეობს. ეს სახელმწიფო რამდენიმე პატარა კუნძულზე განთავსებული და მათი საერთო ფართობი 26 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. და უნდა ითქვას, რომ ოკეანეთის საერთო, ღარიბ ფონზეც კი ეს არის უღარიბესი ქვეყანა, რომელიც „მეოთხე სამყაროს“ ქვეყნებსაა მიკუთვნებული. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკა „ნატურალურია“ და, კაცმა რომ თქვას, არც ცდებიან. ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობასთანაა დაკავშირებული.

სამყაროსთან კავშირს ტუვალუდან ავიარეისები უზრუნველოფენ - ფიჯის კუნძულების მიმართულებით და ეს რეისები კვირაში ორჯერ სრულდება. რეგულარული საზღვაო რეისები, თუ მხედველობაში არ მივიღებთ სატვირთო გადაზიდვებს, ამ ქვეყანაში საერთოდ არ არის.

ტუვალუს აეროპორტი წარმოდგენილია ერთი პატარა ქოხით, რომელსაც ერთი ოთახი აქვს და იქ ტექნიკის ნატამალს ვერსად შეხვდებით. ასაფრენ-დასაფრენ ზოლს ამ აეროპორტში დანიშნულებისამებრ კვირაში მხოლოდ 1-2 საათის განმავლობაში თუ იყენებენ. ისე კი, ეს არის ყველაზე უკეთესი, ფართო და, რაც მთავარია, მოასფალტებული ქუჩა ტუვალუს დედაქალაქში, სადაც სეირნობენ ადამიანები, დადიან მოტოციკლები და თამაშობენ ფეხბურთს მანამ, სანამ სახანძრო მანქანა სირენის გულისგამგმირავი ხმით არ ამცნობს ხალხს, რომ „დიდი მიწიდან“ თვითმფრინავი ჩამოფრინდა. ადგილობრივებისთვის ეს უდიდესი მოვლენაა და ისინიც, დიდიან-პატარიანად, ჩამოსულთა სანახავად მიიჩქარიან ხოლმე.

თვითონ დედაქალაქი, ცივილიზებული საზომებით თუ განვსჯით, ნამდვილად არ არის ქალაქის ტიპის დასახლება. აქ სახლები პატარა და ერთსართულიანია. თვითმხილველები, რომლებიც ტუვალუში ოდესმე რომელიმე ქარს გადაუსროლია, გაოცებულნი იყვნენ იმის გამო, რომ დედაქალაქშიც კი, სახლების ფასადების წინ საფლავებს ხვდებოდნენ. ეს, ალბათ, იმით აიხსნება, რომ პოლინეზიელთა ნაწილში და ოკეანეთის რამდენიმე ქვეყანაში დღემდე მისდევენ ტრადიციას - „ხელმისაწვდომ“ ადგილას და მეზობლად იყოლიონ მიცვალებულები.

მთელ ტუვალუში ერთადერთი თანამედროვე შენობა სამსართულიანი მთავრობის სახლია, რომელიც საერთო უბადრუკ ფონზე ფანტასტიკურ ნაგებობად მოჩანს და რომელიც 2003 წელს, ტაივანის მიერ გაღებული თანხით ააგეს.

საინტერესო ის არის, რომ შენობაში შესვლა თავისუფლად შეუძლია ნებისმიერს და თუკი, ვთქვათ, ვინმეს კონდიციონერით გაგრილება მოუნდება, შეუძლია შევიდეს იქ, სადაც ტუვალუს მთავრობის წევრები არიან - პრემიერ-მინისტრის ჩათვლით. სხვათა შორის, კაბინეტებში შესვლაც ისევე თავისუფალია, როგორც შენობაში და ამისთვის არათუ არავინ დაგძრახავთ, პირიქით - უსაქმურობისგან მოწყენილი ჩინოვნიკები სიხარულით მიგიღებენ და მოგისმენენ.

ტუვალუში დიდი პრობლემებია სატელეფონო კავშირებთან მიმართებაშიც. ისევ თვითმხილველებზე დაყრდნობით ვიტყვით, რომ ტუვალუდან რომელიმე ქვეყანაში დარეკვა, რა თქმა უნდა, ფიჯის გარდა, შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთულია.

ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ტუვალუში წყალს უკავშირდება. აქ, თვით ფუნაფუტის მთავარ დასახლებაშიც კი, წყლის სათავე არ არის. წყალს, ძირითადად, ტროპიკული წვიმების დროს აგროვებენ და იყენებენ ყველა საჭიროებისთვის: გასარეცხად თუ საბანაოდ. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში კანალიზაცია, თუ არ ჩავთვლით მის პირველყოფილ სახესხვაობას, ფაქტობრივად, არ არის.

წყალს ტუვალუელები, ძირითადად, ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან ეზიდებიან. მაგრამ საკმარისად ვერც იქედან შემოაქვთ და ხანდახან, როცა წვიმა იგვიანებს, კუნძულელები უწყლობისგან იტანჯებიან.

მაგრამ ტუვალუს მცხოვრებლებს უბედურებს მაინც ვერ უწოდებ. ფულს აქ სულაც არა აქვს ის ფასი, რაც ევროპასა და აზიაში. ადგილობრივი კლიმატის გათვალისწინებით, ტუვალუს მცირე რაოდენობის ტანსაცმელი სჭირდება. რაც შეეხება საკვებს, ხელი უნდა გაანძრიო და ზღვაში თევზია, ნაპირზე - ქოქოსის პალმები. ამიტომაც, მოსახლეობას ჰყოფნის ის მიზერული თანხა, რასაც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობისთვის აძლევენ. რაც შეეხება მათ, ვისაც შვილი ან ოჯახის წევრი საზღვარგარეთ სამუშაოდ ჰყავთ გაშვებული, მდიდრებად ითვლებიან. მაგალითად, თვის განმავლობაში თუნდაც 400 დოლარის გამოგზავნის შემთხვევაში ნებისმიერი, თუნდაც მრავალრიცხოვანი ტუვალუელი ოჯახი განცხრომით იცხოვრებს.

ტუვალუს შიდა პროდუქტის მოცულობა 20-25 მილიონ დოლარს შეადგენს, ერთ სულ მოსახლეზე მიღებული შემოსავალი კი - 1600 დოლარს, ამ მაჩვენებლებით ტუვალუ მსოფლიოში ერთ-ერთ უკანასკნელ პოზიციაზეა.

ჰოდა, ამ სიტუაციიდან თავის დაძვრენას მთავრობა ათასი ხერხით ცდილობს. ტუვალუს ძირითადი შემოსავალი სხვადასხვა ქვეყნებისთვის თევზჭერის ლიცენზიის გაცემიდან შესდის ბიუჯეტში. ამ ფაქტორის წყალობით, მაგალითად, 2000 წელს ქვეყანამ 9,7 მილიონი ავსტრალიური დოლარი მიიღო, რამაც საბიუჯეტო შემოსავლების 44 პროცენტი შეადგინა.

კიდევ ერთი ხერხი სხვადასხვა ქვეყნის გემებისთვის საკუთარი დროშის ქვეშ ცურვის უფლების მიყიდვაა. ამას გარდა, 1980 წლიდან ტუვალუ საკუთარი ქვეყნის სატელეფონო კოდს დროდადრო სხვადასხვა მსხვილ კომპანიას უთმობდა ხოლმე, რომლებიც „სატალეფონო სექსის“ სერვისის გიგანტები არიან. ამ გზით მოზიდული თანხა სულაც არ იყო ცოტა და ბიუჯეტის შემოსავლების 15 პროცენტს შეადგენდა, მაგრამ 2000 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ რელიგიურ-მორალური მოტივით უარი თქვა ამ სახის ქმედებაზე.

ტუვალუს ფულის გამომუშავების კიდევ ერთი საშუალება აქვს. როგორც იცით, ყველა ქვეყანას საკუთარი დომენის მფლობელია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპიუტერი და სატელევიზიო ტექნიკა ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ არის, ცდილობენ, დომენი სარფიანად გაყიდონ, თანაც, რამდენჯერმე. ამას ახერხებენ კიდეც, რადგან ტუვალუს, დასახელებიდან გამომდინარე, ძალიან გაუმართლა და დომენი TV მიიღო. ამ დომენზე კი უარს, აბა ვინ იტყვის...

1990-იან წლებში, ინტერნეტის მასობრივი განვითარების დროს, ამ დომენმა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია სატელეკომუნიკაციო კომპანიების მხრიდან. 1998 წელს ტუვალუს ხელისუფლებამ დომენი TV გაყიდა: ფაქტობრივად, უარი თქვა მასზე და იგი 50 მილიარდ დოლარად, გაყიდვის უფლებით დაუთმო კანადურ კომპანიას Information.ca, რომელიც ამ დომენის შესყიდვამ Information.tv-დ აქცია.

სხვადასხვა მიზეზების გამო მალე შეთანხმების ანულირება მოხდა, მაგრამ ტუვალუმ სულ ცოტა ხანში დომენი ამერიკულ კომპანიას მიჰყიდა, მერე კიდევ სხვა მოძებნა, მერე კიდევ სხვა და, საერთო ჯამში, ეს მიმზიდველი დომენი ქვეყანას საშუალებას აძლევს, ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი დოლარის სუფთა შემოსავალი ჰქონდეს, ეს კი ქვეყნისთვის, რომელიც კარგა ხნის განმავლობაში ვერ შოულობდა გაეროში გაწევრიანებისთვის საჭირო 20 ათას დოლარს, ნამდვილი მიღწევაა.

ტუვალუს ხელისუფლებამ მოიფიქრა თუ სხვამ უკარნახა, ჯერ უცნობია, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხე, რომლის მიხედვითაც ტუვალუ მალე წყლით დაიფარება, ტურისტების მისაზიდად გამოიყენოს. ამ ქვეყანაში წელიწადში 800-დან 1.400-დე უცხოელი ჩადის, მათგან კი ტურისტად მხოლოდ მესამედი შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომ, ტუვალუელი ლიდერები ხშირად იმეორებენ უცხოელების გასაგონად: „ეწვიეთ ტუვალუს დღეს! ხვალ ეს, შეიძლება შეუძლებელი გახდეს!..“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100