სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეიბორისტები ნუდისტური სიშიშვლის წინააღმდეგ

„კოჭოიები“ დააკავეს, რუსი სამხედროები ახალი დივერსანტ–ტერორისტების გამოგზავნას არ ჩქარობენ და ლეიბორისტებმა ცოტა მოიწყინეს: ხუმრობა საქმე ხომ არ არის: მათ ოფისს არავინ აფეთქებს, არც მათ ლიდერს უწყობს ვინმე ტერორისტულ აქტებს... საფრთხე აშკარაა, ასე ხომ შეიძლება, საზოგადოებამ მიივიწყოს მშრომელთა პარტიის მესვეურები და მათი ღვაწლი... ამიტომაც, მუდამ ახალი პოლიტიკური ექსკლუზივით სახელგავარდნილმა, დუშელი გლეხის, ნათელაანთ შალიკოს ქვეშევრდომებმა საზოგადოებას ახალი ექსკლუზიური ინფორმაცია ამცნეს.

თურმე ნუ იტყვით და, ბათუმის მერიას არათუ შეუმუშავებია, უკვე განუხილავს და მიუღია კიდეც გადაწყვეტილება, მახინჯაურში, მწვანე კონცხის მიდამოებში ნუდისტური პალჟის გახსნის შესახებ. ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ბათუმის ორგანიზაციის ლიდერმა, დავით რობაქიძემ განაცხადა.

როგორც ჩანს, ამჯერად პოლიტიკური ექსკლუზივების გახმოვანებაში ლეიბორისტებმა უკვე რეგიონული ძალები ჩართეს. მანამდე ასეთ განცხადებებს, როგორც წესი, „ნაჯახისებური სახეებით“ მდგარი მშრომელების ფონზე თავად ნათელაშვილი, ან გუგავა და შატბერაშვილი აკეთებდნენ.

ბათუმელი მშრომელების თავკაცი იმასაც გვიმხელს, რომ ნუდისტური პლაჟის გახსნა არამარტო მწვანე კონცხთან, არამედ გონიოშიც იგეგმება. იმასაც ამბობს, რომ ასეთი პლაჟის გახსნისთვის, როგორც წესი, ნებართვა მოსახლეობისგან უნდა აიღონ, მაგრამ ნაცმოძრაობას და ხელისუფლებას ხალხის აზრი არ აინტერესებთ და, შესაბამისად, არც ეკითხებიანო.

პარტიის ლიდერის მორიგ ეროტიკულ სიზმარს თუ სხვა ლიდერების ავ ზმანებებს აყოლილი, ნუდისტებმოლანდებული ლეიბორისტები ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ახსენებენ მხარდამჭერებს: არ გეგონოთ, რომ მოვდუნდით, მსგავს ინფორმაციას ისევ ვფლობთ და ისევ მოგაწოდებთო.

ჰო, მართლა: ინფორმაცია „ინტერპრესნიუსზე“, როგორც თითქმის ყველა ასეთი, ერთი შეხედვით სკანდალური განცხადების ტექსტი, ნაცნობი ფრაზით სრულდება: „ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100