სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეოცე საუკუნის ბებია – სესილია თაყაიშვილი

ალბათ, ბევრჯერ გაგხსენებიათ საკუთარი ბებია მისი ეკრანზე დანახვისას, ისეთივე თბილი გრძნობა და ღიმილი გამოუწვევია თქვენში, როგორც ბავშვობაში ბებიის ალერსის დროს გრძნობდით.

მეოცე საუკუნის ბებია, ქალბატონი სესილია თაყაიშვილი 1906 წ. 17 სექტემბერს დაიბადა ქალაქ ბათუმში, წელს კი მას 104 წელი შეუსრულდებოდა. მან უამრავი როლი შეასრულა კინოსა თუ თეატრში, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს კარგად გვახსოვს იგი ოლღას ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"); მარადიას ("ნატვრის ხე") როლებში. ქალბატონ სესილიას რატომღაც უფროსი ასაკის ქალბატონების როლის შესრულება ხიბლავდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში მას უთქვამს: – საკუთარი თავის თამაში ადვილია, საკუთარი მომავლის წინასწარმეტყველება კი ძნელი, მირჩევნია სიბერე განვასახიერო, რადგან ასაკში შესული ადამიანი უფრო საინტერესოაო.

სრულიად ახალგაზრდა თამაშობდა ხნიერ ქალებს. 26 წლის იყო, როცა ცხოვრებისგან გაუბედურებული ამალია კარლოვნას როლი შეასრულა, 29 წლისამ – შამილის მოხუცი დედა, 31 წლისამ – პარასკევასა და 42 წლის ასაკში კი ჯულიეტას მოხუცი ძიძის როლი განასახიერა. ქართულ სცენაზე მან 120-მდე როლი ითამაშა, ყველაფერი კი მისი ღრმა ბავშვობიდან დაიწყო. პატარა სესილია ოჯახში მისულ ყველა სტუმარს ჩუმად აკვირდებოდა, ითვისებდა ლაპარაკის მანერას, მიმიკებს და მათი წასვლის შემდეგ, სარკის წინ უკვე ჩამოყალიბებული მსახიობივით ოსტატურად თამაშობდა. თავისი პირველი, ანგელოზის როლიც პატარა ასაკში შეასრულა.

1926 წელს დაამთავრა ა. ფაღავას დრამატული სტუდია და იმავე წელიწადს ჩაირიცხა რუსთაველის სახელობის თეატრში. 1930-1966 წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. 1948 წლიდან დაიწყო მისი კინოკარიერა. შეასრულა მანანას ("ჭირვეული მეზობლები" 1949წ.), ვასასის ("ჩვენი ეზო" 1956წ.), ელპიტეს ("საბუდარელი ჭაბუკი" 1956წ.), ოლღას ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" 1962წ.), ბორდოხანის ("დიდოსტატის მარჯვენა" 1969წ.) მარადიას ("ნატვრის ხე" 1977წ.) და ა.შ. როლები.

სესილია თავიდანვე გარდასახვის დიდოსტატი ყოფილა არა მარტო შესრულების მხრივ, არამედ გრიმითაც, რომელსაც თავად იკეთებდა და რითიც თურმე ვერიკო ანჯაფარიძესაც კი ანცვიფრებდა. მისი მეუღლე ასევე შესანიშნავი მსახიობი ვასო გოძიაშვილი გახლდათ. მათ ერთმანეთი ძალიან ჰყვარებიათ, მაგრამ ოჯახი მალევე დაენგრათ და სესილიამ ერთადერთი შვილი მარტომ აღზარდა. მეორედ სესილია არ გათხოვილა და ბოლომდე თავისი სიყვარულის ერთგული დარჩა. ამბობენ, სესილია თაყაიშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული გულწრფელობითა და პირდაპირობითო. ქალბატონმა სესილიამ ბევრი შესანიშნავი როლი ითამაშა თეატრის სცენაზეც. სამწუხაროდ, ჩვენ მის თეატრალურ შემოქმედებას ვერ მოვესწარით, სამაგიეროდ მან თავისი სახელი კინოფილმებიდან უკვდავყო. არ უყვარდა თავისი თავის ხილვა ფილმებში და გადაღებებზეც დისკომფორტს განიცდიდა: – "არ მიყვარს კინოაპარატი, იგი თავიდანვე მაშინებს, მთელი ფიქრი და გრძნობა მასთანაა დაკავშირებული, მაგრამ მერე დრამატურგიული სახე ნთქავს ყოველივეს და ერთადერთი ამოცანა – მოვატყუო, გამოვთიშო ჩემი შეგნებიდან ეს აპარატი – მთლიანად მიპყრობს. როგორც კი არ ვგრძნობ ხოლმე აპარატს, მუშაობა გაცილებით მიადვილდება". "არ მიყვარს ჩემი თავი ეკრანზე, რადგან ვიცი – რაც გაკეთებულია, ვერ დააბრუნებ, ვერ გაასწორებ და არ მინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდე, რომ შეიძლებოდა გაცილებით უკეთ მეთამაშა" – ეს არის ფრაგმენტი მისი უკანასკნელი ინტერვიუდან. მსახიობს არ უყვარდა, როცა აქებდნენ და უკანასკნელ წლებში თავს არიდებდა თავის შემოქმედებაზე საუბარს.

ბოლო ფილმი, რომელშიც მან ითამაშა, იყო "ცისფერი მთები, ანუ ტიანშანი" 1984 წ. და იმავე წელს გარდაიცვალა კიდეც. სიკვდილის წინ კი ასეთი ანდერძი დატოვა: "ვთხოვ ჩემიანს ყველას, შემისრულონ თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არგადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გეხვეწებით. დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამომიძებნით ადგილს. საბურთალოში თუ შეძლებთ, მაგრამ გთხოვთ ორ ადგილს იმიტომ, რომ ჩემს გვერდით მოხვდება, ვინც ჩემს შემდეგ წავა ოჯახიდან და არ ვიქნები მარტო. იწამეთ თხოვნა. რა საჭიროა საპატიო ყარაული, ნუ დაღლით ხალხს, არავითარი სიტყვები!

ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება!

იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას".

მას მინიჭებული ჰქონდა: საქართველოს სახალხო არტისტისა (1950წ.) და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის (1967წ.) წოდება. გახლავთ ასევე შ. რუსთაველის სახელობისა (1083წ.) და საქართველოს სახელმწიფო (1985წ. გარდაცვალების შემდეგ) პრემიების ლაურეატი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100