სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის სპეცრაზმი იატაქვეშელთა ნათესავებს ფარად იყენებს

2 ივლისს ვედენოს რაიონში დაიწყო ფართომასშტაბიანი სპეციალური ოპერაცია, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარებთან ერთად მონაწილეობენ ადგილობრივი განყოფილებების თანამშრომლები, სამხედრო დანაყოფები და სპეციალური დანიშნულების რაზმები.

ვედენოში სპეციალური ფართომასშტაბიანი ოპერაციის ხელმძღვანელობა დავალებული აქვს პოლკოვნიკ ვახიტ უსმაევს. ძალოვნების ინფორმაციით, ბოევიკების სავარაუდო ადგილსამყოფელი ალყაშია მოქცეული.

ოპერაციის დაწყების მიზეზი გახდა ბოევიკთა 12 კაციანი ჯგუფის გამოჩენა, რომელსაც ძმები ჰუსეინ და მუსლიმ გაკაევები ხელმძღვანელობენ. ჰუსეინ გაკაევმა გასული წლის ზაფხულში უარი თქვა დოკუ უმაროვის დაქვემდებარებაში ყოფნაზე, მოაწყო თავდასხმა რამზან კადიროვის საგვარეულო სოფელ ხოსი-იურთზე (ცენტეროიზე) და შეიჭრა ჩეჩნეთის პარლამენტში, რომლის დროსაც დაიღუპა და დაიჭრა რამდენიმე ათეული ადამიანი.

ბოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის რამდენიმე რაიონიდან გაკაევების დაჯგუფებაში მასიურად გადადიან ახალგაზრდები (სახელდება კონკრეტული ციფრი _ 120 კაცი). ასევე ამტკიცებენ, რომ ტყეში გასული ახალგაზრდების მშობლები, ძირითადად მამები, ძალოვნებმა აიყვანეს მძევლად და დაკავებული ყავთ ვედენოს რაიონში.

რამდენიმე თვის წინ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა ღიად განაცხადა, რომ ბოევიკების ახლო ნათესავები იძულებით უნდა იქნენ გამოყენებული სპეციალური ოპერაციების დროს წინა პოზიციებზე, რადგან მათი ბაზების და სამალავების მისადგომები ხშირად დანაღმულია.

არსებული ინფორმაციით, 2 ივლისს ვედენოს რაიონში ბოევიკებთან შეიარაღებული შეტაკების დროს დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნოჟაი-იურთის განყოფილების თანამშრომელი და მძიმედ დაიჭრა ორი პოლიციელი. სპეცოპერაცია გრძელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100