სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზი პოლიტოლოგი: ნეიტრალური პასპორტების გაცემა დაგვიანებულია

აფხაზეთში, საქართველოს მიერ ნეიტრალური პირადობის მოწმობის შემოღების საკითხს არ განიხილავენ. ამის შესახებ livepress.ge-ს პოლიტოლოგმა ინარ გიცბამ მოლდოვაში განუცხადა.

„ეს პასპორტები, რაც არ უნდა ერქვას მას, არ იმუშავებს, გამომდინარე იქედან, რომ ასოცირდება საქართველოს ხელისუფლებასთან. არ აქვს მნიშვნელობა, თუ სად დაიბეჭდება ისინი და რომელი საერთაშორისო ორგანიზაციები დაარიგებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე. ის ფაქტი, რომ ეს საქართველოს მთავრობის მიერაა ინიცირებული, მიუღებელი იქნება“, – განაცხადა გიცბამ.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ მსგავსი დოკუმენტის რეალური გავრცელების შანსი საქართველოს ხელისუფლებას წინა წლებში ჰქონდა და ეს შანსი ხელიდან გაუშვა.

„შეთავაზება გაკეთებული იყო აფხაზეთის აღიარებამდე, როცა მიმართავდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტრუქტურებს თხოვნით, ისეთი სახის დოკუმენტის გაცემაზე, რომელიც საშუალებას მისცემდა ადამიანს საზღვრის თავისუფლად გადაკვეთისა და სწავლის, ან მკურნალობის, თუნდაც ტურიზმის მიზნით. მაშინ ეს არ გაკეთდა და დღეს ეს იმდენად აქტუალური არაა, რამდენადაც აფხაზეთის მოსახლეობის ძირითად ნაწილს რუსული პასპორტი გაჩნია და აქვს საშუალება უცხოეთში წავიდეს“, – ამბობს ინარ გიცბა.

პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ აფხაზურ საზოგადოებაში რაიმე სახის დისკუსია ნეიტრალურ დოკუმენტთან დაკავშირებით ჯერ არ ყოფილა და არც იგეგმება.

„ეს არ არის ის საკითხი, რომელიც შეიძლება მნიშვნელობას იძენდეს საზოგადოებაში. ექსპერტთა წრეებში ამ ამბის განხილვა არ ყოფილა. კაბინეტებში და ვიწრო წრეებში შეიძლება ამაზე ვიღაც საუბრობს, მაგრამ არ არის საზოგადოებრივი განხილვის თემა“, – ამბობს ინარ გიცბა.

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ერთხმად დაამტკიცა ახალი კანონპროექტი, რომლის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები, სურვილის შემთხვევაში ნეიტრალურ პირადობის მოწმობებს ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს მიიღებენ.

ნეიტრალურ დოკუმენტებს საქართველოს სამოქალაქო რეესტრი ათი დღის ვადაში გასცემს და მის ღირებულებასაც თავად განსაზღვრავს. დოკუმენტი ოკუპირებულ რეგიონებში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე გაიცემა და ძალაში იქნება დანარჩენ საქართველოში იურისდიქციის სრულად აღდგენამდე.

ნეიტრალური პირადობის მოწმობების შემოღების ინიციატივით საქართველოს მთავრობა გამოვიდა და პარლამენტმა ის დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით მიიღო.

ნეიტრალურ პირადობის მოწმობაზე დატანილი არ იქნება საქართველოს სახელმწიფო გერბი, დროშა და წარწერა „საქართველო“. მას მხოლოდ რეგისტრაციის ნომერი ექნება. კანონში შესული ცვლილების თანახმად, სახელმწიფოს ნეიტრალური პირადობის მოწმობის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობა ექნება. ნეიტრალური პირადობის მოწმობის მქონე პირს შეეძლება აწარმოოს საგადასახადო დოკუმენტაცია, ასევე, უფლება ექნება მიიღოს გრანტი უმაღლესი განათლებისათვის და დაფინასება ზოგად განათლებაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100