გამარჯობა, Facebook! შენ გელის სიკვდილი... 5 ნოემბერს
დედამიწაზე უცხოპლანეტელთა მოსალოდნელმა სტუმრობამ თუ მთელი დედამიწა არა, პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი ააფორიაქა, უფრო მეტი კი ამ ინფორმაციას ირონიით უყურებს და არც იმის სჯერა, რომ დედამიწელებს უხოპლანეტელები „შეჭამენ“ და არც იმას იჯერებს, რომ უცხოპლანეტელთა სტუმრობით ისეთი ორგანიზაციებიც კი დაინტერესდნენ, როგორებიც გაერო და ვატიკანი არიან.
პანიკამ, რომელიც ამ ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია, გამოძახილი საქართველოშიც ჰპოვა. ლამისაა, მშობლებმა ურჩი ბავშვების დაშინება უცხოპლანეტელებით დაიწყონ - „გუდიანი კაცი“, კარგა ხანია, მოდაში აღარაა. პლანეტის „დაღუპვის“ თარიღი ხომ ისედაც ცნობილი იყო და ერთი წელიღა გვაშორებს, ახლა დედამიწაზე უცხოპლანეტელთა ვიზიტის დროც ვიცით და ამ ყველაფერს კიდევ ერთი, არანაკლებ სკანდალური და, ქართველებისთვის არანაკლებ საჭირბოროტო საკითხიც დაემატა: ჰაკერებმა Facebook-ს სიკვდილის დღე დაუნიშნეს.
Anonymous-ის კიბერბოევიკების დაჯგუფებამ, უკვე მეორედ და, როგორც თვითონ ამბობენ, საბოლოოდ, „ფეისბუქს“ სიკვდილის დღე დაუნიშნა. რესურსის „სიკვდილის დღედ“ 2011 წლის 5 ნოემბერია შერჩეული.
ამის შესახებ ჰაკერებმა რამდენიმე ენაზე დაწერილ და იუთუბზე ატვირთულ თავიანთ ვიდეოში განაცხადეს. ვიდეორგოლი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და იმ რამდენიმე საათის განმავლობაში, რაც იგი ქსელში ტრიალებდა, უამრავმა ადამიანმა ნახა, საბოლოოდ კი ადმინისტრაციამ ეს ვიდეო ქსელიდან გააქრო.
ჰაკერების მხრიდან „ფეისბუქის“ ასე მოძულების მიზეზი ის გახლავთ, რომ როგორც კიბერბოევიკები ამბობენ, ეს სოციალური ქსელი სამთავრობო სტრუქტურებს გარკვეული ანაზღაურების საფასურად აწვდის ყველანაირ ინფორმაციას ნებისმიერი იუზერის შესახებ, რომელიც მათი დაინტერესების საგანი გახდება. ჰაკერების არცთუ უსაფუძვლო განცხადებით, „ფეისბუქის“ კონფიდენციალურობა და მონაცემთა ბაზის მიუწვდომლობა მხოლოდ ილუზიაა.
სწორედ ამიტომ, კიბერბოევიკები გადამწყვეტი იერიშისთვის ემზადებიან და შეტევას 2011 წლის 5 ნოემბერს გეგმავენ. სხვათა შორის, ვინც არ იცის, შევახსენებთ, რომ Anonymous-ის კიბერბოევიკები ნამდვილად არ არიან იმ კატეგორიის ჰაკერები, რომელთა მუქარის არაფრად ჩაგდება შეიძლება: მათ სახელი გაითქვეს ნატოს, პენტაგონის, აშშ-ის სახდეპარტამენტის ვებ-გვერდების გატეხვით. ამას გარდა, თავის დროზე ამ ჰაკერებმა უდიდესი ზიანი მიაყენეს ისეთ კომპანიებს, როგორებიც არიან PayPal, Visa, Amazon, Bank of America, Mastercard და Apple.
სხვათა შორის, დაახლოებით 10 დღის წინ აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ სწორედ Anonymous-ის ჰაკერთა ჯგუფი დააკავა, სხვა, მონათესავე ჯგუფებთან ერთად, მაგრამ ჯერ ერთი, ის "სათადარიგო" შემადგენლობა ყოფილა და მეორეც, კიდევ ბევრი დარჩენილან - როგორც ამერიკული პრესა წერს...
საქართველოში ამ ცნობას მაინცდამაინც დიდი შეშფოთება არ გამოუწვევია. თუმცა არა, მეშლება: ისინი შეშფოთდნენ, ვისაც „ფეისბუქით“ 2011 წლის 7 ნოემბერს ე.წ. მრისხანების დღე აქვთ დაგეგმილი. ამ აქციის რამდენიმე მხარდამჭერმა, შესაბამის ჯგუფში და ფორუმზე „ფეისბუქზე“ მოსალოდნელი საფრთხის განხილვისას იდეაც კი წამოაყენა, ჰაკერებს წერილობით მივმართოთ, იქნებ თარიღი გადაწიონო.
რას იზამ, როგორც ჩანს, Anonymous-ის კიბერბოევიკებიც საქართველოს ხელისუფლებაზე მუშაობენ...
კომენტარი