ტიტანიკის რეჟისორს სასამართლოში უჩივიან
ლეგენდარულ ფილმ „ტიტანიკს“ წელს გადაღებიდან 20 წელი შეუსრულდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ ერთ-ერთი პოპულარული და მოთხოვნადი კინო სურათია მაყურებელში.
სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ამერიკელი სტივენ კამინგსი ფილმის რეჟისორს ჯეიმს ქემერონს სასამართლოში უჩივის და მას სავარაუდო პლაგიატში ადანაშაულებს. როგორც Daily Mail წერს, მომჩივანი კომპენსაციის სახით 300 მილიონ დოლარს ითხოვს.
კამინგსი განმარტავს, რომ ქემერონმა მისი ერთ-ერთი ისტორიიდან ჯეკ დოუსონის გმირი მოიპარა, რათა „ტიტანიკში“ მნიშვნელოვანი პერსონაჟი შეექმნა, რომელიც შემდგომ ლეონარდო დიკაპრიომ განასახიერა. ის ამტკიცებს, რომ რეჟისორმა ერთ-ერთ წვეულებაზე მოისმინა, სტივენი როგორ ესაუბრებოდა თავის მეგობრებს ამ ისტორიის შესახებ. კამინგსი ამბობს, რომ ქემერონმა ასევე მოისმინა ისტორია გემზე მყოფ მეუღლეებზე, რომლებიც მისი ნათესავები იყვნენ და საზღვაო კატასტროფაში მოყვნენ. ცოლი გადარჩა, ქმარი კი ემსხვერპლა.
სიმართლე სასამართლო პროცესზე გაირკვევა, თუმცა ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ სტივენს მოგების შანსი თითქმის არ აქვს. თავად ჯეიმს ქემერონს ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
კომენტარი