თაღლითები დააკავეს
თაღლითობის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. დაკავებულები არიან ემზარ შუბითიძე, ანნა ერაძე და ნოდარ კიბაბიძე.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულ პირებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ 2010 წლის 13 ივნისს გარდაცვლილი გიორგი ფურცხვანიძის საკუთრებაში იმყოფებოდა ქ.თბილისში ი.აბაშიძის ქ.N68-ში მდებარე ორი და პ. იაშვილის N 10-ში მდებარე ერთი საცხოვრებელი ბინა.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისათვის ცნობილი გახდა, რომ ფურცხვანიძე იყო მარტოხელა, არ ჰყავდა მემკვიდრეები და ნათესავები, ამიტომ ანნა ერაძემ და ემზარ შუბითიძემ ყალბი ანდერძის საფუძველზე განიზრახეს სამივე ბინის მათთვის სასურველი პირის - ნოდარ კიბაბიძის სახელზე გადაფორმება, რაშიც მას 5000 აშშ დოლარს გადაუხდიდნენ. ბინების რეალიზაციიდან მიღებულ თანხას კი ორნი გადაინაწილებდნენ. ყალბი ანდერძის დამზადებაში ბრალდებულები 15 000 აშშ დოლარს იხდიდნენ.
ორგანიზებული ჯგუფის წევრები სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როცა მათ აღნიშნული თანხის ნაწილი გადაიხადეს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
კომენტარი