სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სუბოტექსი, ყალბი ფული და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები

გთავაზობთ, დღეს 25 მარტს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.

რეგიონებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ოპერაციაში თავდაცვის სამინისტროც ჩაერთო. პარალელურად, ყველა დაზარალებულ რეგიონში სპეციალურად შექმნილი კომისია ზარალს ითვლის. საბოლოო შედეგი ცნობილი, სავარაუდოდ, ხვალ იქნება. გორისა და ბათუმის გარდა, სტიქიამ თბილისი და კახეთიც დააზარალა. წინასწარი ინფორმაციით, აჭარაში ზარალი 2 მილიონს აჭარბებს. შტორმმა 150 მეტრის სიგრძის ჯებირი დაანგრია, დაზიანებულია 49 სახლი და გაზსადენი, რის გამოც ქალაქს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. გორში 40-მდე საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი. შენობები დაზიანებულია გორის რაიონის სოფლებშიც. ძლიერმა ქარმა საქართველოში 20 სკოლას გადახადა სახურავი და ჩაიმსხვრა მინები, ზარალის დათვლისთანავე ყველა სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ქარმა დევნილთა საერთო საცხოვრებელს, სახელოვნებო სკოლას და რამდენიმე სახლს სახურავები გადახადა წალენჯიხაში. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შექმნა სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს სწავლობს. იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ბიუჯეტის თანხები საკმარისი არ იქნება, გამგეობა დახმარებას ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვს.

114 ხმით, არცერთის წინააღმდეგ, პარლამენტმა მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო. კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მთავრობის დათხოვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის უფლებამოსილება იზღუდება.

პრეზიდენტის ვიზიტები და არქიტექტორების დაჯილდოება - მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძრის რესტავრაციაზე მომუშავე არქიტექტორები დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენები იტალიელ არქიტექტორს, ანდრეა ბრუნოს და ივანე გრემელაშვილის მეუღლეს გადასცა. დღესვე პრეზიდენტი ახალქალაქში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილმა ილია ჭავჭავაძის სახელობის მესამე საჯარო სკოლა მოინახულა, გაესაუბრა მოსწავლეებსა და პედაგოგებს. პრეზიდენტი ქართულენოვან სკოლაში სწავლების პროცესს გაეცნო. გარდა ამისა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებარე სადგურიც მოინახულა.

შუალედური არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია: ბაღდათში - ადვოკატი პაატა კიკნაველიძე, სამტრედიაში კი - გიორგი კახიანი. ვის წარადგენს მმართველი გუნდი ნაძალადევში, ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ კანდიდატი, სავარაუდოდ, იურისტი იქნება. შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ "ახალი მემარჯვენეები". არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიები კი კანდიდატებს 28 მარტამდე წარადგენენ.

სერჟანტთა მომზადების სკოლას 10 წლის იუბილე თავდაცვის მინისტრმა მიულოცა. საზეიმო ღონისძიება საგურამოში გაიმართა. ირაკლი ალასანიამ სერჟანტებს სიტყვით მიმართა და მათ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. თავდაცვის მინისტრი სერჟანტების საცხოვრებელ პირობებსაც გაეცნო.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა პარაკლისი ჩაატარა, შეკრებილ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ისტორიის შესახებ ისაუბრა. პარაკლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

ასლან აბაშიძე 2 - აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის ეკონომიკური მრჩეველი და მისივე სეხნია, მოსკოვში მოღვაწე იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ასლან აბაშიძე სახალხო მოძრაობას "ღირსეული აჭარა ივანიშვილისთვის"აფუძნებს. მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გარემოცვასთან კონსულტაციები უკვე გაიარა და ახლო მომავალში ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდება. ის არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ მოძრაობა პოლიტიკურ გაერთიანებად ჩამოყალიბდეს და "ქართულ ოცნებაშიც" გაწევრიანდეს. რომელი ცნობილი სახეები გაერთიანდებიან მოძრაობაში, ასლან აბაშიძე არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ მასში გაერთიანება შეუძლია ყველა მსურველს, თავისი პოლიტიკური წარსულის მიუხედავად.

დღეს თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომა ჩაატარა, სადაც მთავრობის წევრებისგან თბილისში სტიქიის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესახებ, დეტალური ინფორმაცია მოისმინა. გიგი უგულავამ რაიონის გამგებლებს სწრაფი და ეფექტური რეაგირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. თბილისის მერიის სამსახურები 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაც ქარმა დედაქალაქს შეუქმნა.

ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. მაჰმუტ კესმეზი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თანხის რეალიზაციის დროს აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში გასაღების მიზნით, 99 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა შემოიტანა და რეალიზებული იქნა 5 000 დოლარად. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება "სუბოტექსის" შეძენა-შენახვისა და შემოტანის ფაქტზე 47 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ეჭვმიტანილმა ნარკოტიკული საშუალება საფრანგეთში შეიძინა და ავტომობილის სალონში შეინახა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ქალაქ ბათუმში დააკავეს. ჩხრეკისას მას, სავარაუდოდ, სარეალიზაციოდ გამზადებული 97 აბი "სუბოტექსი" აღმოაჩნდა. შემთხვევაზე გამოძიება 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100