ივანეს რვიანი
ივანე მრისხანე ჩვენთვის ისტორიიდან ძირითადად რამოდენიმე შტრიხითაა ცნობილი: ოპრიჩნინით, ციმბირისა და ნოვგოროდის დაპყრობით და შვილის მკვლელობით. არადა, საინტერესოა მისი ცხოვრების სხვა დეტალებიც. ერთ-ერთი საინტერესო თემაა მისი ცოლების თემა. რატომ ჰყავდა მეფეს რვა ცოლი, როდესაც ეკლესია მხოლოდ სამჯერ აძლევდა ქორწინების ნებას. ამისათვის გავეცნოთ მისი ქორწინებების თანმიმდევრობას.
პირველი ცოლი
ივანემ ანასტასია ზახარინა-იურუკა(ანასტასია რომანოვა) 17 წლისამ მოიყვანა. იმ პერიოდში რუსები ბაძავდნენ ბიზანტიის იმპერიას და ტრადიციად იყო ქცეული სმოტრინები. ამ მეთოდით ხდებოდა ცოლების არჩევა. მეფე შეატყობინებდა ყველა ბოიარს, რომ იძებნებოდა საცოლე და ისინიც ვალდებულები იყვნენ, თავიანთი ქალიშვილები და ახლო ნათესავები წარედგინათ.
უამრავი პრეტენდენტიდან ივანმა ანასტასია აირჩია, რითაც ბევრი ბოიარი გაანაწყენა. მეფე-დედოფალი 13 წელი იყვნენ ერთად. ანასტასია კარგი ცოლი გამოდგა. მეფეს 6 შვილი გაუჩინა, აქედან 3 ვაჟი. პირველი ვაჟი, დიმიტრი, ძიძას ხელიდან გაუვარდა და მდინარეში დაიხრჩო, მეორე, ივანი - მამას შემოაკვდა, მესამე, ფიოდორი - შემდგომში მეფე გახდა.
მეფე მეტწილად სალაშქროდ იყო წასული და დედოფალი მარტო რჩებოდა. იგი შეუყვარდა ბოიარინ კურბსკის და მოსკოვიდან მოტყუებით გაიყვანა: დედოფალს აცნობა, რომ მეფეს სხვა ქალი უნდოდა ცოლად და მას მონასტერში უპირებდა გაგზავნას, შეიძლება მოეკლა კიდეც. სანაცვლოდ სიყვარული მოსთხოვა. კურბსკიმ რომ გაიგო მეფე ბრუნდებოდა, დედოფალი მოწამლა. დაკრძალვაზე ბევრი ხალხი მოვიდა. ივანე ქვითინებდა, ფეხზე ძლივს იდგა. მას არასოდეს დავიწყნია ანასტასია. ამბობენ რომ ანასტასიას სიკვდილის შემდეგ მეფემ ფსიქოლოგიური კრიზისი გადაიტანა და ამიტომაც გახდა ეჭვიანი. მას ყველაზე ჰქონდა ეჭვი, რომ მისი ცოლი მოწამლეს და ტერორიც სწორედ ამიტომ გააჩაღა.
მეორე ცოლი
ანასტასიას დაკრძალვიდან მე-8 დღეს ბოიარები და მღვდელმთავრები გამოცხადდნენ მეფესთან და მოითხოვეს მოეძებნა ცოლი(ასეთი იყო კანონი). მეფემ მოისურვა პოლონეთის მეფის დის, ეკატერინეს შერთვა, მაგრამ პოლონეთის მეფემ სანაცვლოდ ფსკოვი, სმოლენსკი და ნოვგოროდი მოინდომა.მეფემ ცოლად შეირთო მარია ტეგრიუკოვა, ყაბარდოელი თავადის ტეგრიუკ აიდაროვის ქალიშვილი.
მარიასთან ერთი შვილი ეყოლა, რომელმაც ორი თვეც კი ვერ იცოცხლა. ანასტასიას მერე ივანი მარიას ამრეზით უყურებდა. ქალმა ვერაფრით ისწავლა სამეფო კარის წესები. 8 წელი იყვნენ ერთად, მაგრამ ბოლოს მეფემ გაკრიჭა და მონასტერში გააგზავნა. მონასტერში მარია მალე გარდაიცვალა. მეფემ ესეც ბოიარებს დააბრალა და შური იძია.
მესამე ცოლი
მართა სობაკინა კოლომნელი მემამულის ქალიშვილი იყო. ისიც სმოტრინის წესით იქნა არჩეული. ქორწინებიდან მე-15 დღეს დაიღუპა. ივანმა ჩათვალა, რომ ისიც მოწამლეს და ამას 20 კაცის სიცოცხლე შეეწირა.
მეოთხე ცოლი
მეოთხე ქორწინების ნებართვას ეკლესია არ იძლეოდა, მაგრამ მეფემ თავისი გაიტანა, დაარწმუნა ეკლესია, რომ მარფასთან ერთი ღამეც არ გაუტარებია, რადგან ავად იყოო. მოიპოვა რა უფლება, კვლავ სმოტრინი ჩაატარა და ანა კოლტოვსკაიაზე დაქორწინდა. სამი წელი იყვნენ ერთად. ანა ცდილობდა ქმარზე გავლენა მოეხდინა და „ოპრიჩნინას“ წინააღმდეგ გამოდიოდა. ივანმა იგი ჩაკეტა ტისკინის მონასტერში, სადაც ქალი მალე გარდაიცვალა.
მეხუთე ცოლი
მარია დოლგარუკსკაიასთან ქორწინება ერთ დღეს გაგრძელდა. მეფემ განაცხადა, რომ იგი ქალწული არ იყო და ცხენით შებმულ საზიდარს ათრევინა, შემდეგ კი ტბორში ჩაახრჩობინა.
მეექვსე ცოლი
ანა ვასილჩიკოვა ორი წელი ჰყავდა მეფეს და გაუშვა ტიუზდალის მონასტერში.
მეშვიდე ცოლი
ვასილისა მელენტიევა ქვრივი იყო. ორი წლის შემდეგ მეფემ ღალატში დაადანაშაულა და „საყვარელთან“ ერთად ცოცხლად დაამარხინა.
მერვე ცოლი
მარია ნაგაია მეფეს მალე მობეზრდა და შვილთან, დიმიტრისთან ერთად უგლიჩში გადაასახლა. მეფე მალე გარდაიცვალა. დედოფალი და უფლისწული უგლიჩში რჩებოდნენ. 11 წლის დიმიტრი ეპილეფსიანი იყო. ერთხელაც როდესაც ავადმყოფობამ მოუარა დანას წამოეგო და ყელი გამოიღადრა. მარიამ ბორის გოდუნოვი დაადანაშაულა შვილის სიკვდილში, მისმა მოგზავნილმა კაცებმა მოკლესო. გამოიყო სახელმწიფო კომისია ვასილი შუისკის ხელმძღვანელობით, რომელმაც დაადგინა, რომ უფლისწული თვითონ წამოეგო დანას. დიმიტრის სახელით შემდეგ სამი „ცრუდიმიტრი“ გამოჩნდა, რომელთაც პრეტენზია ჰქონდათ მეფის ტახტზე. ერთერთში მარიამ თავისი შვილიც „ამოიცნო“ და ხელი შეუწყო მის გამეფებას, მაგრამ მისი მკვლელობის შემდეგ უარყო.
თვითონ ივანე მრისხანე გარდაიცვალა 1584 წელს სიფილისით. სიცოცხლის ბოლო წლებში იგი ვერ მოძრაობდა და ტახტრევანით გადაჰყავდათ ერთი ადგილიდან მეორეზე...
კომენტარი