„მადლობა კომპანია „ნატახტარს“, რომ მხარში დამიდგა და სწავლის შესაძლებლობა მომცა!“
„მადლობა კომპანია „ნატახტარს“, რომ მხარში დამიდგა და სწავლის შესაძლებლობა მომცა!“
ელვინა კასიმოვი, ფონდი „ნატახტარის“ მხარდაჭერით დღეს პროფესიას ეუფლება
სიტყვა „ნატახტარი“ მზრუნველობამოკლებულ მოზარდებში უკვე დადებით ემოციას იწვევს. ეს გასაკვირიც არ არის. კომპანია „ნატახტარმა“ 2011 წლის ნოემბერში „ფონდი ნატახტარი“ დააფუძნა და საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“ განხორციელება დაიწყო. ფონდის მიზანია მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების პროცესში ხელშეწყობა. პროექტი ხორციელდება ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოს“ მხარდაჭერითა და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.
ფსიქოლოგების მუშაობის შედეგად პროექტში „იზრუნე მომავალზე“ ჩართული იყო მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და დიდი ინსტიტუციების 72 ბენეფიციარი. 16-18 წლის მოზარდები და ზოგჯერ, შედარებით უფროსებიც, იღებდნენ დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზაობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ფსიქოლოგების დახმარებით თითოეული ბენეფიციარისთვის განისაზღვრა ის მიმართულებები, რომელიც მათთვის საინტერესო იყო - სასკოლო საგნებში მომზადება, სწავლა კოლეჯებსა და პროფესიულ სასწავლებლებში, მართვის მოწმობის ასაღებად მოსამზადებელი კურსები, კომპიუტერის შემსწავლელი კურსები და მრავალი სხვა. ფონდის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა მოზარდების ტრანსპორტირებაც.
„2012 წლის ბოლოსთვის, მიუხედავად ნაკლები მოლოდინის, შემდეგი სახის ხელშესახები შედეგები გამოიკვეთა. 21 მოზარდმა მიიღო პროფესიული განათლება და 2 მათგანი დასაქმებულიც არის. მიმდინარე წელს უკეთესი შედეგების მიღწევას ვგეგმავთ. 15 მოზარდი ემზადება სპეციალური სასკოლო განათლების პროგრამის საფუძველზე, რათა მათი მოსწრება გაუთანაბრდეს თანატოლებისას. ფონდის სამმა ბენეფიციარმა აიღო მართვის მოწმობა და სამსახური უკვე აქვს, თუმცა ისინი მაინც დადიან სკოლასა და კოლეჯში. მათი მხარდაჭერა გრძელდება და ფონდის ფინანსური დახმარება მოზარდებს იქამდე გაუგრძელდებათ, სანამ მყარად არ დადგებიან ფეხზე“ - აცხადებს „სოციაცია - ჩვენი სახლი, საქართველოს“ წარმომადგენელი ლელა მერაბიშვილი.
დღეს ჩვენი სტუმარია, პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ელვინა კასიმოვი, 19 წლის ვაჟი, რომელიც ფონდი „ნატახტარის“ მხარდაჭერით, უკვე მეხუთე თვეა, რაც პროფესიულ სასწვალებელ „სპექტრში“ სწავლობს და მანქანის სავალი ნაწილის ტექნიკოსის პროფესიას ეუფლება. უყვარს მუსიკა, თავისუფალ დროს კი მეგობრებთან ატარებს.
„ბავშვობიდანვე მომწონდა მანქანები და ყოველთვის მქონდა სურვილი პროფესიულ დონეზე შემესწავლა. მინდოდა გამეგო მის თითოეულ დეტალსა თუ ნაწილს რა დანიშნულება ჰქონდა. მადლობა კომპანია „ნატახტარს“, რომ მხარში დამიდგა და სწავლის შესაძლებლობა მომცა. სასწავლებლის დამთავრებამდე 4 თვე დამრჩა. მინდა ბოლომდე დავეუფლო პროფესიას და შემდეგ ამ მიმართულებით მუშაობასაც დავიწყებ. მანამდე სურვილი მაქვს მართვის მოწმობაც ავიღო“, - გვიამბობს ელვინა.
დღეს ელვინა უკვე მამასთან ერთად მცხეთის რაიონში, სოფელ ქსანში ცხოვრობს. როგორც ყველა პატარას, მასაც ჰქონდა ოცნება - ცნობილი ფეხბურთელი გამხდარიყო.
„ფეხბურთს ძალიან კარგად ვთამაშობდი. ხაშურის გუნდ „ივერიის“ დუბლებშიც ვიყავი. მაგრამ ბოლომდე ვერ შევძელი. ამ სპორტს დაფინანსება სჭირდება და ამ პრობლემების გამო თავი დავანებე. ვიფიქრე, რომ უფრო კარგი იქნებოდა ხელობა მესწავლა და საკუთარი შემოსავალი მქონოდა. თუმცა ფეხბურთი სასწავლებელშიც გამომადგა. „სპექტრში“ მინიფეხბურთის ტურნირი ჩატარდა, სადაც თავი გამოვიჩინე. მართალია, ჩემმა გუნდმა წარმატება ვერ მოიპოვა, მაგრამ სასწავლებლის დირექტორის რჩეული გავხდი და დიპლომი გადმომცა „საუკეთესო ფეხბურთელის“ ნომინაციაში“ .
ყველაზე მეტად მეგობრებთან ურთიერთობა ხიბლავს. „მეგობრების გარეშე არ შემიძლია. საოჯახი ტიპის ბავშთა სახლში ცხოვრებისას ბევრი მეგობარი შევიძნე. მენატრებიან ძალიან. ზოგჯერ ვახერხებ მათ მონახულებას და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. ჩემი ოცნებაა ყველა ერთად შევიკრიბოთ და ერთად გატარებული დღეები გავიხსენოთ.“
ბოლოს, ელვინამ ისიც გაგვიმხილა, რომ მუსიკას წერს. უფრო მეტიც, საკუთარი კომპოზიიცისთვის ტექსტსაც თავად იგონებს. „ძალიან მიყვარს რეპი და თავისუფალ დროს თავს ვირთობ ამით. მომღერლობას არ ვაპირებ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს ყველაფერი მეხმარება ვიყო უფრო ძლიერი და ყველა მოსალოდნელი თუ არსებული გაჭირვება გადავლახო. ცხოვრება გრძელდება! შენ შენი უნდა აკეთო და წარმატებას აუცილებლად მიაღწევ, რა თქმა უნდა, თუ მონდომებულიც იქნები!“
რას შეეხება ფსიქოლოგიურ მზაობას, როგორც პროექტში ჩართული ფსიქოლოგები გვეუბნებიან, მიზნის მისაღწევად და გარემოსთან ადაპტაციისთვის ელვინასთან დიდი ძალისხმევა არ დასჭირდათ.
„მას ჩამოყალიბებული ჰქონდა მიზანი, სურვილები და ზუსტად იცოდა, საკუთარი შესაძლებლოებბეის ფარგლებში რისი მიღწევა შეიძლებოდა. ელვინას მხოლოდ 9 კლასის განათლება ჰქონდა, შესაბამისად, გადავწყვიტეთ მას სამომავლოდ ხელობა მიეღო და შეგვერჩია პროფესიული კოლეჯი. გამოიკვეთა, რომ მას ბავშვობიდანვე მანქანები იტაცებდა. შევარჩიეთ კოლეჯი „სპექტრი“, სადაც ელვინამ მისაღები გამოცდები ჩააბარა, მართალია, სრული დაფინანსება ვერ მიიღო, თუმცა პროექტის ფარგლებში მოხდა სწავლის საფასურის ბოლომდე გადახდა. სწავლის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, მან პრაქტიკაც გაიარა და მიზანი აქვს აიღოს მართვის მოწმობა. ამ ეტპაზე ის ჯერ სწავლობს, როგორც კი თავისუფალ დროს გამონახავს, პროექტი მზად არის მართვის კურსების დაფინანსებაზეც იზრუნოს,“ - დეტალებს იხსენებს ფსიქოლოგი გვანცა მეტივიშვილი.
„პროეტმა თავისი მიზანი შეასრულა, მოზარდების თვალებში დავინახე იმედის ნაპერწკალი და სიხარული. ისინი გრძნობენ მხარდაჭერას, ეს იყო ერთგვარი სტიმული იმისა, რომ მათ ცხოვრება განაგრძნონ სწორი მიმართულებით“.
კომენტარი