სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სოჭი 2014" ანუ რატომ ებრძვიან რუსები აჯიკასა და ჩურჩხელას?

რუსები აჯიკასა და ჩურჩხელას ებრძვიან

ქართული აჯიკისა და ჩურჩხელის წინააღმდეგ სოჭში ანტისარეკლამო კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში 50-ზე მეტ ქალაქში ბილბორდი განთავსდა, რომელიც „ოლიმპიური პროდუქციის“ სახელის არალიცენზირებული გამოყენების წინააღმდეგაა მიმართული. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ არალიცენზირებულ „ოლიმპიურ პროდუქტად“ ჩურჩხელა და აჯიკა შეირჩა. ჩურჩხელის წარმოება-გაყიდვის უფლება მხოლოდ საქართველოს აქვს დაპატენტებული. ქართულ-რუსული სავაჭრო ურთიერთობების გათვალისწინებით კი ამ პროდუქციას სოჭის ოლიმპიადაზე მოხვედრის „საფრთხე“ არ ემუქრება.

აქცია "დაარქვი შენს პროდუქტს "ოლიმპიური" - დაარღვიე კანონი" ოლიმპიური კომიტეტების წევრებისა და ქალაქის ადმინისტრაციის ინიციატივით ხორციელდება. ამავე დროს სოჭის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა News.ge-განუცხადეს რომ ჩურჩხელისა და აჯიკის საწინააღმდეგო არაფერი არ აქვთ.

„ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს ქართული ჩურჩხელისა და აჯიკის მიმართ. ჩვენთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ სოჭის ოლიმპიადის ლოგო პროდუქციაზე უკანონოდაა გამოსახული. ამ ლოგოს გამოყენება ჩვენი გვერდის ავლით მოხდა, რაც გაუმართლებელი ქმედებაა. ჩვენს მიერ ანტისარეკლამო ბილბორდების მიზანია მომხმარებელთა ინფორმირება, რომ ოლიმპიადის ლოგო უკანონოდ არის გამოყენებული და ეს პროდუქცია არის არალიცენზირებული“- ნათქვამია News. Ge - ისთვის გამოგზავნილ ოფიციალურ განცხადებაში.

საქპატენტის იურიდიული სამსახურის უფროსს ელენე ქემაშვილს უჭირს ფაქტის სამართებლივი შეფასება, რადგან არ არის ცნობილი ვინ დააკრა ჩურჩხელაზე სოჭის ოლიმპიადის ლოგო. ქემაშვილის თქმით, ჩურჩხელის წარმოება-გაყიდვის უფლება მხოლოდ საქართველოს აქვს დაპატენტებული და სხვა ქვეყნის მიერ მისი წარმოება კანონ-დარღვევაა.

ქემაშვილის თქმით, ჩურჩხელა 2011 წლის სექტემბერში საქართველომ დაარეგისტრირა როგორც „გეოგრაფიული აღნიშვნა“, რაც იმას ნიშნავს რომ ჩურჩხელა წარმოებული უნდა იყოს საქართველოში და თუ რომელიმე ქვეყნის ბაზარზე გასაყიდად გადის აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული, რომ ეს არის ქართული პროდუქცია.

რაც შეეხება აჯიკას ესეც არის ქართული პროდუქტი, თუმცა როგორც საქპატეტნტის იურიდიული სამსახურის უფროსი ამბობს აჯიკის მსგავსი დარეგისტრირება, როგორც ჩურჩხელასი არ მომხდარა, მაგრამ ყველასთვის ცნობილია პროდუქტის წარმოშობა. „აქედან გამომდინარე ჩვენ შეიძლება საფუძვლიანი პრეტენზიაც გვქონდეს. თუმცა უფრო მყარი სამართებლივი პოზიცია გვაქვს ჩურჩხელაზე," - განაცხადა ელენე ქემაშვილმა.

ჩურჩხელისა და აჯიკის ანტირეკლამას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე გიორგი კანდელაკი ტრაგიკომიკურს უწოდებს. „კონკრეტული დისკუსია, გაყიდვის მიზანშეწონილობის შესახებ არის ტრაგიკომიკური და არის ილუსტრაცია იმ არათანამედროვე დამოკიდებულებისა რომელსაც რუსეთი იჩენს მეზობლების მიმართ, მათ შორის მეზობელ ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქციის მიმართ,“- განაცხადა კანდელაკმა News.ge - სთან საუბრისას.

მისი თქმით, იმ ფაქტზე, რომ სოჭის ოლიმპიადა აპროტესტებს მათი ლოგოების არალიცენზირებულ გამოყენებას სასაცილოა და თავად რუსეთის ყველა მოქალაქეს ღიმილს მოგვრის.

აღსანიშნავია, რომ აჯიკის ანტისარეკლამო ბანერებს აფხაზები არ გამოხმაურებიან.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის ოლიმპიადა სოჭში 2014 წლისთვისაა დაგეგმილი.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100