სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

35 გაყინული რუსი ჯარისკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი კი გარდაიცვალა

ციმბირში განთავსებული ერთ-ერთი რუსული სამხედრო ნაწილის 35 ჯარისკაცი საავადმყოფოში მოხვდა, ერთი ახალწვეული კი უკვე გარდაიცვალა. ინფორმაციას „ლაიფნიუსი“ ავრცელებს და მიზეზად ყაზარმებში გათბობის არარსებობას ასახელებს.

ამავე წყაროს ცნობით, კრასნოიარსკის ერთ-ერთ სარაკეტო ნაწილში 16 ჯარისკაცი გაციებით გამოწვეული მწვავე ინფექციური ვირუსით დაავადდა, ხოლო კიდევ 20 ჯარისკაცს ჰოსპიტალში გადასაყვანად ამზადებენ უჟურსკის სარაკეტო დივიზიის ნომერ 32441 ნაწილიდან. კომისიამ უკვე დაასკვნა, რომ დაავადებისა და გარდაცვალების შემთხვევები ყაზარმებში არსებულმა სიცივემ, დროული სამედიცინო ჩარევის იგნორირებამ და თბილი ტანსაცმლის უქონლობამ გამოიწვია.

ამავე კომისიის დასკვნით, მთელი ორი კვირის განმავლობაში ყაზარმებში ტემპერატურა ცელსიუსით +10 გრადუსზე მაღლა არ ადიოდა (მაშინ, როცა დადგენილი მინიმუმი +18 გრადუსია), იყო მედიკამენტების მწვავე დეფიციტი, მეთაურები კი არ ჩქარობდნენ, დაავადებულების შესახებ ზემდგომთათვის ეცნობებინათ.

კრასნოიარსკის სამხარეო საავადმყოფოსი განაცხადეს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი ჯარისკაცების სიმპტომები ზუსტად ერთნაირია: მაღალი ტემპერატურა და ხველა. თითქმის ყველას ერთნაირი დიაგნოზი - პნევმონია დაუსვეს.

ჯარისკაცთა დედების კომიტეტი აცხადებს, რომ მეთაურთაგან მალულად ჯარისკაცები ყაზარმებში მაგიდის ჩოგბურთის ბურთებს წვავდნენ და მისი ბოლით თბებოდნენ, რამაც მათი ფილტვები საშინელ დღეში ჩააგდო. საავადმყოფოში გადაყვანილთაგან რამდენიმე ჯარისკაცის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ხოლო ერთი მათგანი - ივანე პერემიტინი 7 თებერვალს, დაახლოებით 15.00 საათზე გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100