„მტერი 40 კმ-ში კი არა, კანცელარიაშია“ ანუ „ბიძინას ღირსი ხარ შენ, საქართველოვ!“
ამ ბოლო დროს „ფეისბუქზე“ მომრავლებულმა გვერდებმა, რომელთაგან ერთ-ერთის დასახელება ("მტერი 40 კმ-ში კი არა, კანცელარიაშია") და ქუდის ფოტოს აღწერა სტატიის სათაურში ავიტანე, აქტუალური გახადა ახალი ხელისუფლების ქმედებებით უკმაყოფილოთა შესახებ ამ სტატიის მომზადება. მართალი გითხრათ, დიდად არ დამზარებია, ისე შევუდექი საქმეს.
„როცა ვნებები დუღს, ჭეშმარიტება ორთქლდება“. სწორია, ვერაფერს იტყვი. მაგრამ ქართულ რეალობაში ქართულ ოცნებას ამ სისწორე-ჭეშმარიტებაშიც კორექტივი შეაქვს. ვნებები დუღდა, როცა ახალგაზრდობა ქუჩაში გამოვიდა და ფრაზა: „სისტემა უნდა დაინგრეს!“ აქტუალური გახადა; ვნებები დუღდა, როცა არჩევნების დღეს ხალხი კი არ ირჩევდა, ხმას „წინააღმდეგ“ აძლევდა; ვნებები დუღდა იქაც, სადაც ვნება ცოდვად ითვლება: ეკლესია პირდაპირ წყევლით და პირდაპირ შესასვლელში გამოკრული წერილობითი გაფრთხილებით ემუქრებოდა ყველა ამომრჩეველს, ვინც ხმას არ მისცემდა „ქართულ ოცნებას“...
მაგრამ ზემოთ ხომ კორექტივები ვახსენეთ და თუკი ქართული ოცნება მართლა იმად შემოგვასაღეს, რაც დღეს ხდება, რატომ არ შეიძლება, აორთქლებული ვნებები ისევ დუღილის ტემპერატურამდელ პოზიციას დაუბრუნდნენ და ისევ გააქტიურდნენ? თურმე, შესაძლებელია და თუ განწყობას კარგად გადავხედავთ, უბრუნდებიან კიდეც:
ვნებები ისევ აქტიურდებიან, არჩევნებიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ. აქტიურდებიან და ახლა უკვე ერთ დროს მეოცნებეების მხრიდან, არჩევნებამდე მათდამი კრიტიკულად განწყობილთა დუმილის ფონზე, ახალი მთავრობის წევრების მიერ ახალი იდეების გაჟღერებისთანავე ისმის შეკითხვა: „რაო?!“. და აქ შეუძლებელია, არ გაგახსენდეს „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“(სხვათა შორის, ეს ფილმი სწორედ არჩევნების დღეს, საღამოს გავიდა „რუსთავი2“-ზე) და ცნობილი ფრთიანი ფრაზა: „რაო და, ესაო, ისაო, შენი დიდი ხათრი მაქვსო, მაგრამ არაო...“
და თუმცა, საპროტესტო გამოსვლები ჯერ არ დაწყებულა, როგორც სპორტული კომენტატორები იტყვიან, „გოლი მწიფდება“ და, როგორც ჩანს, ფეხბურთში ასე თუ ისე გარკვეულებს ახალი მთავრობიდან, კარში ჩადგომა მოუწევთ - მეკარის ავტოგოლი ხომ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ არსებობს...
ახლა კი, მოდით, ვნახოთ, როგორც მეოცნებეები თავის გასამართლებლად ხშირად ამბობენ ხოლმე, „ერთი დღის მთავრობის“ საკადრო და სტრატეგიული, გაცხადებული ნაბიჯები, რამაც გამოიწვია ვნებების დუღილის წინამორბედი: „რაო?!“
რაო და -
თავდაცვის მინისტრის მრჩევლები დავით თევზაძე და გია ყარყარაშვილი იქნებიანო. ეს გადაწყვეტილება იმით აიხსნა, რომ სამინისტროში „აზრთა ჭიდილი“ იქნება და ეს დადებითი ფაქტია. კაცმა რომ თქვას, რატომაც არა? რა სჯობს აზრთა ჭიდილს ქვეყნის თავდაცვის უწყებაში... მაგალითად, დავით თევზაძე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შეიარაღების შესყიდვის საწინააღმდეგო რჩევას მისცემს ალასანიას, არგუმენტად კი „რაგატკებს“ მოიყვანს. მართლაც, რა არის ამაში ძნელად გასაგები? როცა გაქვს „რაგატკა“, რა ჯანდაბის ორღობედ გინდა ფულის ხარჯვა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზე?
კიდევ რაო და -
ირაკლი ალასანიას მარჯვენა ხელი (იმედია, ალასანიაც ცაცია არაა და სწორად ვწერთ) ლაშა ნაცვლიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდებაო. აქ ცოტა ვრცლად უნდა შევჩერდეთ და, იმედია, ბოროტად არ ვისარგებლებ თქვენი ყურადღებით.
ლაშა ნაცვლიშვილი 2002 წელს, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, როცა რუსეთი დაჟინებით მოითხოვდა პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებას, უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო და „უშიშრად“ აცხადებდა, რუსეთის უშიშროების ფედერალური ბიური ფასდაუდებელ დახმარებას უწევს საქართველოსო. მას არც მაშინ და არც მერე, სააკაშვილის წინააღმდეგ გამოსვლებისბ დროს, არ ეზარებოდა ახლო კონტაქტი რუსულ მედიასთან და დაუზარლად აძლევდა მათ ინტერვიუებს. დავიწყოთ იმით, თუ რას ამბობდა ლაშა ნაცვლიშვილი „ინტერფაქსთან“ საუბარში 2002 წელს:
„11 აგვისტო, 2002.
თბილისი, ინტერფაქსი:
ლაშა ნაცვლიშვილი: რუსეთის ФСБ ფასდაუდებელ დახმარებას უწევს საქართველოს
სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი კმაყოფილებას გამოთქვამს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობის კუთხით.
„ФСБ ფასდაუდებელ დახმარებას უწევს საქართველოს მთელი რიგი სამართლებრივი და ოპერატიული საკითხების გადაწყვეტაში და თბილისი ამ მიდგომას აფასებს. ასევე აფასებს რუსეთის სპეცსამსახურების გაწონასწორებულ პოზიციას, რომლებიც არასდოს გამოსულან საქართველოს წინააღმდეგ დაუფიქრებელი და უსაფუძვლო განცხადებებით“, - ამბობს მინისტრის მოადგილე. მისი თქმით, ФСБ-ს დირექტორის მოადგილის ჟდანკოვის ხუთდღიანი ვიზიტის დროს თბილისში, ძირითადად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს, მაგრამ დაისახა შემდგომი თანამშრომლობა ეკონომიკური სახის დანაშაულთა, ასევე ნარკოტიკების კონტრაბანდის წინააღმდეგ. „ორი ქვეყნის სპეცსამსახურს შორის დამყარებულია კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობა“, - დაამატა ნაცვლიშვილმა.
იგივე პერსონამ, 2009 წლის საპროტესტო გამოსვლების დროს სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ, ინტერვიუ მისცა „როსბალტ. რუ“-ს, სადაც თქვა ფრაზა, რომელმაც მღელვარება და აღშფოთება გამოიწვია, მათ შორის, ოპოზიციის მომხრეებშიც: „ზოგჯერ ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნებოდა, რუსეთს თბილისი აეღო“. მოგვიანებით, მან განმარტა, რომ ეს ფრაზა რუსი ჟურნალისტის „თავისუფალი ინტერპრეტაციის შედეგი იყო“, რადგან სიტყვასიტყვით ფრაზა, მისივე თქმით, ასე იყო ნათქვამი: „მაინცდამაინც თბილისი უნდა აეღოთ რუსებს, რომ ქართველ ხალხს დაენახა, რას უქადის სააკაშვილის რეჟიმი ქვეყანას?“ - არადა, ორიგინალში კარგად ჩანს, რომ თბილისის აღების სურვილის გამოხატვამ ნაცვლიშვილის მხრიდან რუსი ჟურნალისტიც კი გააკვირვა:
„ლაშა, ჩვენ არ გეცოდებით? ჩვენ როგორ ვიცხოვროთ ამის შემდეგ?“
„ეს კაცი (გულისხმობს მიხეილ სააკაშვილს, ლ.ბ.) უნდა გატეხო, ის მხოლოდ ძალას უწევს ანგარიშს. მან განაცხადა, რომ ქართული ინტელიგენცია უნიტაზში ჩარეცხილია, ის ჩვენ „სოვოკებს“ გვიწოდებს („სოვოკი“-ადამიანი სქესის, ეროვნებისა და პარტიული კუთვნილების გარეშე, - ლ.ბ.). იცით, საქართველოში ხალხმა ხელისუფლებას, შესაძლებელია, კორუფცია აპატიოს, მაგრამ არაადამიანურ დამოკიდებულებას არ აპატიებს. მან კი ადამიანთა პატივისცემაზე თქვა უარი“. (წყარო)
ესეც ასე: „ადამიანთა პატივისცემაზე" უარის მთქმელმა სააკაშვილმა ამ ინტერვიუდან სულ რაღაც სამი წლის შემდეგ არჩევნებში დამარცხება აღიარა და ხალხის არჩევანისადმი პატივისცემა იმითაც გამოხატა, რომ ახალ მთავრობასთან თანამშრომლობა დაიწყო...
ახლა კი გავაგრძელოთ: კიდევ რაო?
რაო და -
თბილისში ოკუპაციის მუზეუმი აბა რა საჭიროა, უნდა გაუქმდესო. მართალია, ამას ჯერ სამთავრობო დონეზე არ აცხადებენ, მაგრამ...
თბილისში ოკუპაციის მუზეუმის გაუქმების მოთხოვნით აქციები ჩატარდება
პრეისტორია: 2007 წლის ივნისში, რუსეთში ვლ. პუტინისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა თბილისში ოკუპაციის მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით (მუზეუმი 2006 წლის 26 მაისს გაიხსნა) და საქართველოს პრეზიდენტს შეახსენა, რომ საბჭოთა ლიდერებში ქართველებიც იყვნენ. მაგალითად მან სტალინი და ბერია მოიყვანა. საქართველოს პრეზიდენტმა პასუხად რუს კოლეგას შესთავაზა: "თუ ასეა, გახსენით
მოსკოვში ქართული ოკუპაციის მუზეუმი", მოგვიანებით კი ჟურნალისტებთან განმარტა: "თბილისში რაც გაიხსნა, არის საბჭოთა ოკუპაციის და არა რუსული ოკუპაციის მუზეუმი. თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, მისი პრობლემაა და არა ჩვენი".
ეს იყო ხუთი წლით ადრე. ხუთი წლის შემდეგ კი:
არასამთავრობო ორგანიზაცია "დედამიწა ჩვენი სახლია" 2012 წლის ოქტომბერში "ოკუპაციის მუზეუმის" გაუქმების მოთხოვნით გამოდის. ორგანიზაციის ლიდერია ელგუჯა ხოდელი. მისი აზრით, მსგავსი მუზეუმის არსებობა ხელს უშლის რუსეთ-საქართველოს მეგობრობას და აქციაც სწორედ ამ მოთხოვნის ფონზე ჩატარდება: "ნუ გვართმევთ რუს ხალხთან მეგობრობის უფლებას!". ელგუჯა ხოდელი მანამდეც გამოდიოდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესების ინიციატივით, მაგრამ აქცია ოკუპაციის მუზეუმის გაუქმების მოთხოვნით აქამდე არასდროს დაუგეგმავს. (წყარო)
კიდევ? კიდევ რაო?
რაო და -
სააკაშვილის ხელისუფლების დროს გამოვლენილი რუსეთის ჯაშუშების საქმე გადაიხედებაო. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა და შემდეგ პირობით გათავისუფლებულმა მფრინავმა გაბრიელ უსტალიშვილმა „მაესტროს“ უთხრა, რომ ჩვენება ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად დაწერა და სიამაყით დაამატა, ისეთი ჩვენება მივეცი, ბესტსელერების სიუჟეტებს შეშურდებოდაო. მერე შეწუხებული სახე მიიღო და - მხოლოდ მე კი არ ვარ უდანაშაულო, ის ხუთი კაციც უნდა გათავისუფლდეს, ანალოგიური ბრალდებით ციხეში რომ სხედანო...
კიდევ რაო და -
განათლების მინისტრმა სულ ინსტრუქციები გვიტარა - როგორ არ გრცხვენიათ, რუსეთზე და რუსულზე აუგის სათქმელად ენა როგორ გიბრუნდებათ, მე თომას მანი რუსულად მაქვს წაკითხული, ილია ჭავჭავაძეს რუსული განათლება ჰქონდა მიღებული და საერთოდაც, ქართული კულტურა, საუკუნეების განმავლობაში, ორენოვანი იყოო.
სხვათა შორის, გიორგი მარგველაშვილისგან მსგავსი აზრების მოსმენა ვისთვისაც მოულოდნელი იყო, მას ალბათ, არ წაუკითხავს მისი ერთი ადრინდელი ინტერვიუ, სადაც მარგველაშვილი უშვებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში რუსული პოლიტიკის ნაწილი იყოს და ამ აზრს „აპრავებს“ კიდეც... მოკლედ, აი, რაო გიორგი მარგველაშვილმა „ლიბერალთან“:
"ლიბერალი", 14 ოქტომბერი, 2011 წ.
"ასეთი შემთხვევა ნაკლებად საინტერესოა ჩემთვის, ვიდრე ის ვერსია, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მოსვლა რუსეთის სახელისუფლებო წრეებში შეთანხმებული პროექტია.
ეს მესამე შემთხვევა მე უფრო რეალურად და ბევრად უფრო საინტერესოდ მიმაჩნია. მეტიც, ჩვენი სახელმწიფოსთვის ეს შეიძლება სასარგებლოც აღმოჩნდეს. როდესაც მის რუსეთთან კავშირზე საუბრობენ, ამ ფაქტს შესაძლო პოზიტიური კუთხიდან განვიხილავ: საკითხი ასე დგას, ივანიშვილი წარმოადგენს რუსეთის ხელისუფლების ქართულ პოლიტიკაზე ზემოქმედების მშვიდობიან და პოზიტიურ ვარიანტს.
ასეთ შემთხვევაში მის გამოჩენას ქართულ პოლიტიკაში გარკვეულწილად დადებითი პროცესი შეიძლება მოჰყვეს. ეს არის შემთხვევა, როდესაც რუსეთი გვთავაზობს, უფრო სწორად ცივილიზებულ სამყაროს სთავაზობს და არა მაინცდამაინც ჩვენ, ე.წ. Soft Power Solution-ს, ანუ არა ძალადობით, არა ტანკებით, არამედ ქართულ პოლიტიკაში წარმოდგენას მისთვის მისაღები პოლიტიკური ძალის სახით.რუსეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია - იქ არც ზღვაა, არც ოკეანე, არც დაუსახლებელი სტეპი. და ჩვენ, სამწუხაროდ, რუსეთის ახლო სამეზობლო ვართ - რომელზეც იგი გავლენას ამა თუ იმ დოზით და ამა თუ იმ ფორმით აუცილებლად გაავრცელებს.
ამ რეალობას აღიარებს მსოფლიო, მას ვერ ხედავდა მხოლოდ ჩვენი პოლიტელიტა, და მეტიც, მთლიანად პოსტსაბჭოთა არეალის გეოპოლიტიკურ მოდელირებას ტრაგიკული ინფანტილიზმით გეგმავდა. და თუკი ეს ვერსია რეალურია, რომ ივანიშვილი რუსული Soft Power პროექტია, არის შანსი, რომ რუსეთმა უარი თქვას ტანკებსა და ჩექმით საქართველოში წესრიგის დამყარებაზე. ასეთ შემთხვევაში რუსეთის წარმოდგენას ქართულ პოლიტიკასა და სახელმწიფო სისტემაში -რეალობისთვის თვალის გასწორებას, ისტერიის დამთავრებას და ბალანსის ძიებას -პოზიტიურად შევაფასებდი."
კიდევ რაო?
რაო და -
ეკა ბესელიამ - ფოთის მერი მხოლოდ და მხოლოდ „ქაღთული ოცნების“ წარმომადგენელი უნდა იყოსო, ფოთის საკრებულოს სხდომაზე მისულმა განაცხადა და არასამთავრობო ორგანიზაციების პირველი რისხვაც დაიმსახურა:
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია ფოთის მერის დანიშვნის პროცედურებში "ეკა ბესელიას ჩარევის გამო" შეშფოთებას გამოთქვამს .
როგორც ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, გუშინ ფოთის თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ შენობაში რამდენიმე ათეულ მხარდამჭერთან ერთად გამოცხადდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ეკა ბესელია, რომელიც ფოთის საკრებულოს თავმჯდომარისგან ფოთის მერის თანამდებობაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლის დანიშვნას ითხოვდა.
"იგი ასევე მიუთითებდა ქალაქის თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელობას, როგორ უნდა ჩაეტარებინათ მათ ქალაქის მერის დანიშვნის პროცედურები. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია გამოთქვამს უკიდურეს შეშფოთებას მომხდარის მიმართ, ფაქტს მიიჩნევს ცენტრალური ხელისუფლების თანამდებობის პირის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ კომპეტენციებში პირდაპირ და უხეშ ჩარევად, რაც წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს ორგანული კანონის თვითმმართველობების შესახებ უხეშ დარღვევას.
ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია მიმართავს საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობას, აღკვეთოს საქართველოს პარლამენტის წევრების ჩარევა ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებებში", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია ევროპის საბჭოს კონგრესს და საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებს მოუწოდებს, "დაგმონ ეკა ბესელიას მიერ ქალაქ ფოთის ექსკლუზიურ უფლებებში ჩარევის ფაქტი".
კიდევ გაინტერესებთ, ვინ რაო? ხომ არ გადაგღალეთ? მოკლედ ჩამოვთვალოთ მაშინ: კახა კალაძემ - რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის საკითხს განვიხილავთო, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა - თქვენ ბევრი ტურისტი კარგი ამბავი სულ ტყუილად გგონიათ, არსებობს ლიმიტი, რომლის ზემოთაც ტურისტების შემოსვლა ქვეყანაში ზიანის მომტანიაო, ფინანსთა მინისტრმა თქვა, მომავალი წლის ბიუჯეტშიბ რადიკალური ცვლილებები არ არისო (რაც იმას ნიშნავს, რომ 230 ლარი პენსია არ გახდება - ყველაზე პოპულარულ თემას თუ შევეხებით), ხოლო რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსალოდნელი ბუნტით შეშინებულმა ახალმა ხელისუფლებამ პატიმრებს შეუთვალა - თუ ჭკუით არ იქნებით, ახალაიების რეჟიმი მონაგონი იქნებაო... აი, ასე...
მოკლედ, ვინც საქართველოს ჭორვილიზაციას ელოდა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. საქართველოს გაჭორვილებაში ცუდი არაფერი მიგულისხმია. რომ დარწმუნდეთ, ერთ, ცოტათი უტრირებულ, მაგრამ რეალობასთან ახლოს მდგარ მაგალითს მოვიყვან, რა არის ჭორვილა (მაგალითი ჩემი არ არის და ის ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთ საკვანძო ფიგურას ეკუთვნის):
ჭორვილა არის დაახლოებით ასეთი ყოფა:
როცა სახლის სახურავიდან კრამიტის დაზიანების გამო წვიმის წყალი სახლში ჩადის, შენ კი შეკეთება გეზარება და მეზობლებთან ერთად ქეიფობ იქვე, ეზოში. არადა, იღრუბლება. ამ დროს, უცებ, კიბით მხარზე მოდის ვიღაც, გესალმებათ, ადგამს კიბეს, ადის სახურავზე და იწყებს შეკეთებას, შენ კი ეზოდან ასძახი:
-ხომ ხედავ, ვქეიფობ, მაგიდაზე კრამიტის ნამსხვრევები არ დაიყაროს...
რახან ჭორვილა ვახსენეთ, ბარემ იმაზე უნდა გადავსულიყავით, პრემიერ-მინისტრმა რაო, მაგრამ ამჯერად დაგინდობთ. სხვა დროს იყოს. მე შენ გეტყვი და, ნაკლები მოცულობის სტატია გამოვა...
კომენტარი