სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნოდარ ხადური ბიზნესმენებს არ ხვდება - ფინანსთა სამინისტრო ბიზნესზეა ორიენტირებული

მიუხედავად არაერთი ოფიციალური თუ საჯარო მიმართვისა, ნოდარ ხადური მეწარმეებს არ შეხვდა. უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელები პროდუქციის ელექტრონული მარკირების წესის შემოღების წინააღმდეგნი არიან და უკვე რამდენიმე თვეა ფინანსთა მინისტრთან და პრემიერთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვენ.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საზოგადოების წინაშე წარსდგა და სამინისტროს მუშაობის ანგარიში წარადგინა. მინისტრმა განაცხადა, რომ გუნდის მუშაობა ბიზნესზეა ორიენტირებული. მინისტრის და სამინისტროს საქციელი საპირისპიროზე მეტყველებს - ისინი გადაწყვეტილებებს ბიზნესის რეგულაციების შეცვლის თაობაზე მეწარმეებთან კონსულტაციის გარეშე იღებენ.

ნოდარ ხადურმა მეწარმეების არგუმენტების მოსმენაზე უარი თქვა და არ ჩათვალა საჭიროდ საზოგადოებისთვის მარკირების აუცილებლობის დასასაბუთებლად ინფორმაცია მიეწოდებინა.

რეგულაცია 1 ნოემბრიდან უნდა შევიდეს ძალაში და დღემდე ვერ მიიღო პასუხი ვერც ბიზნესმა, ვერც მედიამ და ვერც საზოგადოებამ, რამდენს გადაიხდის საქართველოს ბიუჯეტი უალკოჰოლო სასმელების ნიშანდების ხარჯის დასაფარად. ამ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური ასაიდუმლოებს და აცხადებენ, რომ ხარჯს პროცესის დაწყების შემდეგ დაითვლიან. მეწარმეები აცხადებენ, რომ ბიუჯეტს მარკირება წელიწადში დაახლოებით 6 მილიონი ლარი დაუჯდება.

ფინანსთა სამინისტრო ახალი რეგულაციის შემოღების აუცილებლობასაც ვერ ასაბუთებს. მათი მოტივი აღრიცხვიანობის მოწესრიგებაა, თუმცა შემოსავლების სამსახური ვერ ასახელებს დარგში აღრიცხვიანობის პრობლემის ფაქტებს. მეწარმეები აცხადებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში მაკონტროლებელ ორგანოებს არ აღმოუჩენიათ აღურიცხავი პროდუქციის არც ერთი მეტ-ნაკლებად მასშტაბური ფაქტი.

რატომ აპირებს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფოს შემოსავლებიდან მილიონობით ლარის გადახდას რეგულაციაში, რომლის აუცილებლობას ვერც კი ასაბუთებს, ექსპერტებისთვისაც გაუგებარია.

უალკოჰოლო სასმელების მარკირების გადაწყვეტილება წინა ხელისუფლების მთავრობამ მიიღო. კორუფციული გარიგების შესახებ ბრალდებების შემდეგ, რეგულაციის ამოქმედება შეჩერდა და გადაიდო. დღეს იგივე რეგულაციას, იმავე პირობებს და დაახლოებით იგივე ფასს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ლობირებს. რეგულაციას ისევ ნაციონალების მიერ შერჩეული კომპანია განახორციელებს, რომელიც ფულს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100