სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარნეულის მწნილისა და მურაბის ფესტივალები რეგიონებში „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“მხარდაჭერითგაიმართება

„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ წელს „მწნილისა და მურაბის ფესტივალს“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 10 ქალაქში გამართავს, რაშიც ადგილობრივი ხელისუფლებების გარდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც ჩაერთვება. ფესტივალი, რომელიც ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, შიდა ტურიზმისა და რეგიონული განვითარების მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება. შესაბამისად, ფესტივალების დაგეგმვის კუთხით„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც“ მიიღებს მონაწილეობას და ღონისძიებების მიმდინარეობისას მოსახლეობასთან კომუნიკაციის მიზნითაქტიურად ჩაერთვება.

პირველად მარნეულის სასურსათო ქარხნის „მწნილისა და მურაბის ფესტივალი“ 2013 წელს თბილისში, „თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა. წელს, ღონისძიებამ სტარტი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბახმაროში აიღო. ფესტივალი დაემთხვა ტრადიციულ დოღს, რომელიც ყოველ წელს, ფერისცვალების დღესასწაულზე იმართება. ფესტივალში მონაწილეობა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, ცხენოსნობის მოყვარულებმა, ბახმაროს სტუმრებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს. ფესტივალი საქართველოს 10 დიდ ქალაქში გაიმართება. 1 სექტემბერს ფესტივალს ბათუმი, 6 სექტემბერს ახალციხე, 7 სექტემბერს გორი, 13 სექტემბერს ოზურგეთი, 14 სექტემბერს ზუგდიდი, 20 სექტემბერს სამტრედია, 21 სექტემბერს ქუთაისი, 27 სექტემბერს გურჯაანი, 28 სექტემბერს თელავი უმასპინძლებს. ფესტივალი ტრადიციულად, ოქტომბრის დასაწყისში დედაქალაქში, „თბილისობის“ დღესასწაულზე დასრულდება.

„მწნილისა და მურაბის ფესტივალების“ ფარგლებში მოეწყობა მწნილისა და მურაბის კუთხეები, სადაც სტუმრებს „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ უგემრიელესი და ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილისა და მურაბის დაგემოვნების საშუალება ექნებათ. ფესტივალზე „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ და „მარნეული აგროს“ პროდუქცია სპეციალურ ფასადაც გაიყიდება. ფესტივალს გახსნის და მუსიკალურ პროგრამას წაიყვანს ფოლკლორული ანსამბლი „მოძახილი“. ბავშვები კი ტკბილ და ამავე დროს ზღაპრულ სამყაროში გადაინაცვლებენ, სადაც მათ ტკბილეული და საყვარელი ზღაპრის გმირები ელოდებათ. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ოჩოფეხებიანი ანიმატორები და ქუჩის თეატრის მსახიობებიც გაართობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100