სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დანიელმა მეზღვაურებმა 25 სომალელი მეკობრე დააკავეს და 15 ტყვე გაათავისუფლეს

სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან ქართველი მეზღვაურების გათავისუფლებიდან სულ ცოტა ხანში, სომალის სანაპიროსთან დანიის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილმა ხომალდმა მეკობრეთა გემი დააკავა, სადაც 25 მეკობრე და 15 ტყვე იმყოფებოდა. ოპერაცია უმსხვერპლოდ დასრულდა. - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

მეკობრეთა გემი სამხედრო ხომალდმა Absalon-მა შეიპყრო, რომელიც ნატოს სამხედრო-საზღვაო ოპერაციის „ოკეანის ფარის“ ფარგლებში მოქმედებდა. დანიური ხომალდის კაპიტნის კარსტენ ფიორდ ლარსენის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციის ყველა დეტალი წინასწარ იყო გათვლილი და მას მსხვერპლი არც პირად შემადგენლობაში, არც მეკობრეებსა და არც ტყვეებს შორის არ მოჰყოლია.

დაკავებულები დასაკითხად გადაგზავნეს. რაც შეეხება ყოფილ ტყვეებს, გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ირანისა და პაკისტანის მოქალაქეები არიან, თუმცა, რომელი გემიდან, როდის აიყვანეს და რამდენი ხანი დაჰყვეს ტყვეობაში, არ სახელდება.

მანამდე, 5 იანვარს, ირანელი მეთევზეების ჯგუფი მეკობრეთა ტყვეობისგან ამერიკელმა მეზღვაურებმა იხსნეს - ირანელების ტანკერისკენ, რომელიც მეკობრეებმა ჩაიგდეს ხელში, ამერიკელებმა სწრაფი რეაგირების ჯგუფი გაგზავნეს. ოპერაციის შედეგად 15 მეკობრე დააკავეს, ხოლო მათი ტყვეობიდან ირანის 13 მოქალაქე გაათავისუფლეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100