სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დათმობენ თუ არა სიჭინავა და ქეცბაია საქართველოს მოქალაქეობას?

„თუ წინა შესარჩევზე უარეს შედეგს ვაჩვენებთ, მეც და თემურ ქეცბაიაც მზად ვართ, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვათ“, - აი, ასეთი მოულოდნელი განცხადებით გამოვიდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, ვარშავიდან დაბრუნების შემდეგ.
2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრას 7 თებერვალს სწორედ პოლონეთის დედაქალაქმა უმასპინძლა და ჩვენი ეროვნული გუნდის მეტოქეებიც იქ გაირკვა - ხორვატია, საბერძნეთი, ისრაელი, ლატვია და მალტა.
სიმართლე ითქვას, არცთუ ურიგო ვარიანტია და, როგორც ყოველთვის, ქართველი ქომაგი ახლაც იმედით უყურებს მომავალ მატჩებს. მით უმეტეს, რომ არგენტინელი ექტორ რაულ კუპერის ნაცვლად ნაკრებს თემურ ქეცბაია გაწვრთნის, ვინც თამამად შეიძლება ჩაითვალოს ქართული ფეხბურთის მოყვარულთა კერპად.
კუპერის დროს კი ნაკრებმა ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა თავის ისტორიაში - შესარჩევი ეტაპი მოგების გარეშე ჩაამთავრა!
„დრონი.ჯი“-მ ევრო-2012-ის წილისყრის შედეგებზე კომენტარი სთხოვა იტალიური „პალერმოს“ თავდამსხმელ ლევან მჭედლიძეს, რომელსაც კლუბთან გარკვეული პრობლემები შეექმნა და ჯერჯერობით თბილისშია...
19 წლის მჭედლიძეს, ვინც ახალი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად მიიჩნევა ქართულ ფეხბურთში, იტალიურ კლუბში სათამაშო დროის პრობლემა აქვს, რის გამოც მხარეებს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა და ჯერჯერობით საერთო ენის პოვნა ვერ ხერხდება. აი, საქართველოს ნაკრებში თამაში კი ლევანისთვის ახდენილ ოცნებად ითვლება...
- რას იტყვი წილისყრის შედეგებზე?
- დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაინცდამაინც რომელი გუნდი შეგვხვდებოდა. ბრძოლა ყველასთან შეიძლება. ჩვენი მოვალეობაა, მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავიდეთ. მართალია, ბოლო დროს ეს არცთუ კარგად გამოგვდიოდა, მაგრამ ახლა შანსი გვაქვს, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია მოვახდინოთ და კვლავაც გავახაროთ მოგებით. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს.
- მაინც რომელ გუნდს გამოარჩევ ჩვენი მეტოქეებიდან?
- ალბათ უფრო ხორვატიას. ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და ფავორიტიც ის მგონია, თუმცა არც საბერძნეთი და სხვა დანარჩენები არიან სუსტები. დღეს თამაში ყველამ ისწავლა და იოლად რომ ვერავისთან გაისეირნებ, მგონი, საკამათო არ უნდა იყოს.
- რისი იმედი უნდა ჰქონდეს ქართველ გულშემატკივარს?
- დაპირებით არავის არაფერს დავპირდები, რადგან რამდენჯერაც ეს გავაკეთე, იმდენჯერ პირიქით მოხდა. ბუნებით ძალიან ოპტიმისტი და მებრძოლი ვარ და ყოველ თამაშში მოგება მსურს, ვისაც არ უნდა ვხვდებოდეთ, მაგრამ უკვე დავრწმუნდი, რომ ჯობია, მაინც თავი შევიკავოთ და წყნარად ვაკეთოთ ჩვენი საქმე. ჩვენი მიზანი ყოველ თამაშში მოგება უნდა იყოს და პირადად მე ყველანაირად ვეცდები, მოედანზე ის მაქსიმუმი გავაკეთო, რაც შემიძლია. ფეხბურთელს სხვა რა მიზანი უნდა ჰქონდეს, ვერ ვხვდები. ასე თუ მივაღწევთ წარმატებას...
ლევან მჭედლიძესთან საუბარს ამით მოვრჩეთ და აქვე ერთ საინტერესო დეტალს გავეცნოთ. უეფამ გაითვალისწინა ქვეყნებს შორის არსებული არასახარბიელო ურთიერთობა და ზედმეტი გართულების თავიდან ასაცილებლად რუსეთის და საქართველოს ერთ ჯგუფში მოხვედრა თავიდანვე გამორიცხა. ანალოგიური იყო აზერბაიჯან-სომხეთის შემთხვევაშიც და აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ შეზღუდვამ ააცილა ეს გუნდები ერთმანეთს, თორემ წილისყრისას სომხეთი სწორედ აზერბაიჯანთან ხვდებოდა...
სხვათა შორის, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთხელ უკვე იყვნენ შესარჩევ ჯგუფში, თუმცა მაშინ მათი შეხვედრა არ შედგა - მხარეებმა ოფიციალურად მიმართეს უეფას და ასე გაუქმდა ის მატჩები.
ეტყობა, ევროპული ფეხბურთის მამებმა ეს გაითვალისწინეს და აზერბაიჯან-სომხეთის გარდა რუსეთ-საქართველოს შესაძლო შეხვედრისგანაც დაიზღვიეს თავი...
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100