სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„საქართველოში იწყება ახალი კორონავირუსის უკონტროლო გავრცელების ეტაპი...ვიმყოფებით ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე!“ - ამირან გამყრელიძე

„მომავალი ერთი თვე, ოთხი კვირა, ემთხვევა ყველაზე დიდ დღესასწაულს ქვეყანაში. ამიტომ მიუხედავად ყველაფრისა, იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე, უნდა დავემორჩილოთ მოწოდებებს და აუცილებლად უნდა მივყვეთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს. თუ არადა, ამ ოთხი კვირის განმავლობაში დიდი საფრთხეა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების დაწყებისა“, - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ამირან გამყრელიძის თქმით, სამი დაავადებულის შემთხვევაში დაკარგულია ინფიცირების კვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში იწყება ახალი კორონავირუსის უკონტროლო გავრცელების ეტაპი.

„ვუყურებ, რომ მოსახლეობა ცოტა მოეშვა, დადიან ქუჩებში მანქანით თუ ფეხით, კვლავ იკრიბებიან... მაგრამ ქვეყანა არის საგანგებო ვითარებაში. ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე. ეპიდემია ისედაც არის. ვართ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე. ეს შეიძლება გადავიდეს ისეთ უმართავ პროცესებში, როგორსაც ადგილი აქვს იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში... ყველა ხედავს, რაც ხდება იქ. არადა, ეს ქვეყნები არიან გაცილებით ძლიერები ეკონომიკურად, ჯანდაცვის სისტემით, ვიდრე საქართველოა. რეალური საშიშროების წინაშე ვართ“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს ყველას, დაიცვან ის რეჟიმი, რასაც მოითხოვს სახელმწიფო და ჯანდაცვის სფერო.

„ეს მარტივია: სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე უფრო მძლავრი იარაღი ეპიდემიებთან ბრძოლაში. უნდა გავიჭირვოთ სულ მინიმუმ ორი თვე მაინც, დავრჩეთ სახლებში. განსაკუთრებით ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები და, რაც მთავარია, მკაცრად დაიცვას ყველამ კარანტინით განსაზღვრული წესები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100